UFC-ის ვეტერანი მებრძოლი მეტ ბრაუნი მიიჩნევს, რომ სუპერმსუბუქი წონის ქამრის პრეტენდენტი მერაბ დვალიშვილი (17-4 ММА, 10-2 UFC) სულ მალე გახდება ჩემპიონი და ტიტულს დიდი ხნის განმავლობაში შეინარჩუნებს.
33 წლის ქართველი მებრძოლმა თებერვალში ჰენრი სეხუდო მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა და ორგანიზაციაში ზედიზედ მეათე მოგება მიითვალა. მიუხედავად იმისა, რომ მერაბს უკვე სამი ყოფილი ჩემპიონი ჰყავს დამარცხებული, UFC-ისგან ქამარზე ჩხუბის მიღებას ჯერ კიდევ ელოდება.
UFC-ის ბოსების დაპირებისამებრ, დვალიშვილის ოცნება მას შემდეგ ასრულდება, რაც დივიზიონის ჩემპიონის, შონ ო’მალისა და მარლონ ვერას დაპირისპირება შედგება, რომელიც 10 მარტს, მაიამიში (აშშ), ტურნირ UFC 299-შია დანიშნული. მერაბი მათ შორის მოგებულს უნდა შეხვდეს, თუმცა ქართველმა მებრძოლმა ყოველი შემთხვევისთვის თადარიგი დაიჭირა და ეს ბრძოლა დააზღვია – თუკი რომელიმე ოქტაგონზე გასვლას ვერ შეძლებს, მის ადგილს მერაბი დაიკავებს.
მეტ ბრაუნის აზრით, მნიშვნელობა არ აქვს, ვინ მოიგებს შონ ო’მალისა და მარლონ ვერას დაპირისპირებაში, მერაბ დვალიშვილთან შანსი მაინც არცერთს ექნება:
“დვალიშვილი უკვე უნდა იყოს UFC-ის ჩემპიონი, მაგრამ პრომოუშენში სურთ, რომ მაქსიმუმი გამოწურონ შონ ო’მალისგან. მომდევნო ჩემპიონი მერაბია და დიდი ალბათობით, ის მრავალი წლის განმავლობაში შეინარჩუნებს ტიტულს. ყოველ შემთხვევაში, დღეს ნამდვილად ვერავის ვხედავ ისეთს, ვინც მის დამარცხებას შეძლებდა. ის ფანტასტიკურია აბსოლუტურად ყველა კომპონენტში და კარგადაა მომზადებული.
მერაბი ერთ ღამეში ო’მალისაც სცემს და ვერასაც. სეხუდოსთან გამარჯვების შემდეგ გავიფიქრე, რომ ამ ბიჭს აქვს დივიზიონის ისტორიაში საუკეთესო ხუთეულში მოხვედრის შანსი”.