გიორგი კალანდარიშვილი: საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლები, რომელთა რეგისტრაციის მისამართი ოკუპირებულ ტერიტორიაზეა ან გაურკვეველია, არჩევნებში მონაწილეობას შეძლებენ
„საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლები, რომელთა რეგისტრაციის მისამართი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით ოკუპირებულ ტერიტორიაზეა ან გაურკვეველია, არჩევნებში მონაწილეობას შეძლებენ”, – განაცხადა ცესკო-ს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა კომისიის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
მისი თქმით, დადგენილების თანახმად, 26 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნებისთვის სხვა სახელმწიფოში შექმნილ საარჩევნო უბნის ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში დამატებით შევლენ ზემოაღნიშნული კატეგორიის ამომრჩევლები, რომლებიც 7 ოქტომბრის ჩათვლით დგანან საკონსულო აღრიცხვაზე.
„ცესკო-მ გადაწყვეტილება დღევანდელ სხდომაზე ერთხმად მიიღო და წერტილი დაუსვა ამ თემაზე ყოველგვარ სპეკულაციას. დადგენილების თანახმად, 26 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნებისთვის სხვა სახელმწიფოში შექმნილ საარჩევნო უბნის ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში დამატებით შევლენ ზემოაღნიშნული კატეგორიის ამომრჩევლები, რომლებიც 7 ოქტომბრის ჩათვლით დგანან საკონსულო აღრიცხვაზე. ასევე ამომრჩევლები, რომლებიც არ დგანან საკონსულო აღრიცხვაზე, მაგრამ 7 ოქტომბრის ჩათვლით რეგისტრაციას გაივლიან სხვა სახელმწიფოში შექმნილ საუბნო საარჩევნო კომისიაში, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში. ამასთან, მათ უნდა ჰქონდეთ, იურიდიული ძალის მქონე, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ გადაწყვეტილება ცესკო-მ ერთხმად მიიღო და წერტილი დაუსვა ამ თემაზე ყოველგვარ სპეკულაციას.
ინიციირებული დადგენილების შინაარსმა და მისმა ინიციატორმა წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან“, ასევე ცესკო-ს სხვა პარტიულმა წევრებმა, თავიანთ განცხადებებში დაადასტურეს, რომ კანონის თანახმად, ცესკო პროცედურების სრული დაცვით მიყვებოდა კანონმდებლობის მოთხოვნებს და ამ მოცემულობით აღნიშნული კატეგორიის ამომრჩეველთა არჩევნებში მონაწილეობა იყო შეუძლებელი. სწორედ ამიტომ გახდა საჭირო დადგენილების მიღება, რომ მათ ეს უფლება მიეღოთ. აღსანიშნავია, რომ ინიციირებულ დადგენილების პროექტში იყო ტექნიკური უზუსტობები, ასევე საკანონმდებლო ვადებთან დაკავშირებული შეუსაბამობები. აღნიშნულთან დაკავშირებით კონსენსუსი შესაძლებელი გახადა კომისიის წევრის „ქართული ოცნებიდან“ ინიციირებულმა დაზუსტებებმა და ცვლილებებმა, რის შედეგადაც აღმოიფხვრა საკანონმდებლო წინააღმდეგობები და გაფართოვდა პირთა წრე, რომლებიც ამ დადგენილების საფუძველზე არჩევნებში მონაწილეობას შეძლებენ. საარჩევნო ადმინისტრაციისთვის მნიშვნელოვანია, ყველა ამომრჩეველმა შეძლოს მისი კონსტიტუციური უფლების განხორციელება. შესაბამისად, მოვუწოდებთ საზღვარგარეთ მყოფ აღნიშნული კატეგორიის ამომრჩევლებს, გაიარონ რეგისტრაცია უკვე შექმნილ საარჩევნო უბნებზე“, – აღნიშნა გიორგი კალანდარიშვილმა.
მისივე თქმით, დღესვე, სხდომაზე ცესკო-მ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი განკარგულება მიიღო და არჩევნებისთვის კენჭისყრის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარების უზრუნველსაყოფად საარჩევნო ბიულეტენის შევსების წესი დაადგინა.
„გადაწყვეტილების თანახმად, დეტალურად განიმარტა ბიულეტენის შევსების წესი და ბიულეტენის ბათილობის საფუძვლები. წესის თანახმად, ამომრჩეველმა სპეციალური მარკერით უნდა გააფერადოს ან მონიშნოს მისთვის სასურველი მხოლოდ ერთი პარტიის სახელწოდების წინ არსებული წრის შიდა სივრცე, ხოლო ბათილია ბიულეტენი თუ: გაფერადებულია/მონიშნულია ნებისმიერი ფორმით ერთზე მეტი პარტიის სახელწოდების წინ არსებული წრის შიდა სივრცე; არ არის გაფერადებული/მონიშნული არცერთი პარტიის სახელწოდების წინ არსებული წრის შიდა სივრცე. ამ წესის დარღვევით შევსებული და ყუთში მოთავსებული საარჩევნო ბიულეტენი კანონმდებლობის თანახმად ჩაითვლება ბათილად. ჩვენ ვაგრძელებთ ინტენსიურ მუშაობას და ამომრჩევლების ინფორმირებას, იმისათვის, რომ 26 ოქტომბერს არჩევნები მაღალ პროფესიულ დონეზე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარდეს“, – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.