leaderboard_below_slide
left_sabechdi

თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება 25 ადამიანს მიენიჭა

სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა. დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საპატიო თბილისელის წოდება 25 მოქალაქეს მიანიჭა.

კახა კალაძემ შეკრებილ სტუმრებს თბილისობა მიულოცა.

„კიდევ ერთი წელი შეემატა ჩვენს ჭაღარა და ამავე დროს, უბერებელ დედაქალაქს, ჩვენს მრავალჭირნახულ და მაინც სიცოცხლით, სიყვარულით, ხალისით, სილაღით და ფერადოვნებით სავსე თბილისს. შეუძლებელია, უყურებდა მეტეხს, ნარიყალას, აბანოთუბანს, ხარფუხს და სიამაყე არ გეუფლებოდეს, რომ ამ უდიდესი ისტორიის მქონე ქალაქმა რამდენს გაუძლო, რამდენი ბრძოლა გადაიტანა, რათა მის ქუჩებში მუდმივად ჩქეფდეს სიცოცხლე; რათა ისევ იქმნებოდეს უნიკალური ქართული კულტურა, გამარჯვების ყიჟინა ავსებდეს სტადიონებსა და სპორტულ დარბაზებს, თაობებს თაობები ცვლიდეს და ამ ცვალებადობაში ხელშეუხებელი და უცვლელი რჩებოდეს ის
ტრადიციები, რაც მხოლოდ ამ ქალაქს და მის მცხოვრებლებს გააჩნია. ერთ-ერთ ასეთ ტრადიციად იქცა თბილისობა, როგორც სიკეთის და სიყვარულის დღესასწაული. ოქტომბრის მზით გამთბარი ქუჩები ამ დღეს ყველაზე ფერადია, რადგან მას ადამიანების გულწრფელი ემოციები ავსებს. სიყვარულით გალაღებული თბილისი საოცრად ლამაზია დღეს. როგორც დღესასწაულს შეჰფერის, სურვილიც უნდა ჩავიფიქროთ – ვინატროთ, რომ აღარასდროს ვიხილოთ ნგრევა და სისხლი ჩვენს ქუჩებში, ჩვენს ქვეყანაში. იყოს მშვიდობა და განვითარება. მხოლოდ მშვიდობას შეუძლია აქციოს ყოველი დღე დღესასწაულად, გაალამაზოს ჩვენი ქალაქი და მთელი ქვეყანა.კიდევ ერთხელ გილოცავთ თბილისობას და გისურვებთ, მუდამ ზეიმის და გამარჯვების სიხარულით იყოს სავსე ჩვენი ქალაქი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, ვისაც ყოველდღიურად შეაქვს წვლილი ქალაქის განვითარებაში.

„თბილისს ხომ გამორჩეული ადამიანები ამშვენებენ. პირველ რიგში, მინდა, მთელი გულით მადლობა გადაგიხადოთ ყველას, ვინც თქვენი მიღწევებით თუ ყოველდღიური შრომით ერთ აგურს დებთ თბილისის განვითარებაში. რასაკვირველია, ყველასთვის თბილისის საპატიო მოქალაქის სტატუსის მინიჭებას ვერ შევძლებდით, მაგრამ მიიღეთ ჩვენი გულწრფელი პატივისცემა და მადლიერება“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

თბილისის საპატიო მოქალაქეებს წელს შეემატნენ: ზურაბ კახაბრიშვილი – მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი და სპორტსმენი; მერაბ კილაძე – ქირურგი; გიორგი ჭუმბურიძე – ქირურგი, ორთოპედ-ტრავმატოლოგი; დიმიტრი ბეზარაშვილი – ალერგოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი; გიზო გაბესკირია – რეჟისორი; გვანჯი მანია – გეოგრაფი, მეცნიერი, ჟურნალისტი; ბიძინა სონღულაშვილი – ინჟინერი, მეტროს მუშაკი; ნათელა ვასაძე – პედაგოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი; გელა ფარჩუკიძე  – მუსიკოსი, დირიჟორი, პედაგოგი; ნელი სალაძე – მწვრთნელი, სპორტსმენი; მზია აფრიდონიძე – მუსიკოსი, მხატვარი; გურამ ბათიაშვილი – დრამატურგი, მთარგმნელი, მწერალი, პუბლიცისტი; კახა
ქორიძე – არქიტექტორი, მსახიობი; გოგი მარგველაშვილი – რეჟისორი, პროფესორი; თამაზ გოდერძიშვილი – დრამატურგი, მთარგმნელი, მწერალი, სცენარისტი; ნელი კობიაშვილი – ჟურნალისტი, მწერალი; გივი სიხარულიძე – მსახიობი, მწერალი, მოცეკვავე, სპორტსმენი; ვახტანგ ცუხიშვილი – არქიტექტორი; ზურაბ ყიფშიძე – მსახიობი; გურამ კალანდაძე – გეოლოგი; ნელი ბერაია – მხატვარი, ჟურნალისტი; თენგიზ გაჩეჩილაძე – პედაგოგი, ჟურნალისტი; თეიმურაზ ლეჟავა – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი; ოლესია თავაძე – მხატვარი; ვილი სანიოლი – ფეხბურთელი, საქართველოს ნაკრების მწვრთნელი.

კახა კალაძემ დაჯილდოებულ პირებს, საპატიო თბილისელის წოდების აღმნიშვნელ სიგელთან ერთად, დედაქალაქის სიმბოლური გასაღებიც გადასცა.

ასევე იხილეთ