left_sabechdi

შალვა პაპუაშვილი: ამ ტელევიზიებს არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ აქვთ, რომ „ქართული ოცნების“ საარჩევნო კლიპი არ გაუშვან, ეს არის თვითნებობა და კანონდარღვევა

“იმისთვის, რომ არ იყოს სანქციები კანონს უნდა დაემორჩილოს ყველა. ცალსახაა, რომ არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ აქვთ, რომ ქართული ოცნების საარჩევნო კლიპი არ გაუშვან”, – ასე შეაფასა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „მთავარი არხის”, „ტვ პირველის” და „ფორმულას” გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“ საარჩევნო კლიპის ეთერში არ გაშვებასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, ეს არის თვითნებობა და კანონის დარღვევა და აჩვენებს იმას, რომ არ სურთ თანაბარი საარჩევნო პირობების შექმნა.

„ეს არის ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების დასტური მათი პარტიულობის შესახებ, ვინაიდან ისინი არათუ ამას როგორც დარღვევას ასახავენ, არამედ ახალისებენ და იწონებენ ამ დარღვევას. გავეცანი ამ ფაქტის არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივ შეფასებას .ეს ის ენჯეოები არიან, რომლებმაც 2020 წელს, 4 ნოემბერს ყალბი დასკვნა გამოაქვეყნეს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, რომელშიც ისინი როგორც პარალელური დათვლის ყალბ შედეგებს იშველიებდნენ, თითქოს შედეგები გვიან გამოქვეყნდა, თითქოს უბნების 8%-ში იყო დისბალანსი და ამ ყალბი დასკვნის საფუძველზე მისცეს ოპოზიციას საბაბი რევოლუციური სცენარის განვითარებისთვის. ახლაც ვხედავთ, თუ საით მიდიან ეს ენჯეოები. ეს არის პირველი ყალბი დასკვნა ამ არჩევნებთან დაკავშირებით, სადაც 20-მდე არასამთავრობო ორგანიზაციამ ყალბი დასკვნა გამოაქვეყნა, რითაც მოუწოდა, რომ ეს საარჩევნო რგოლი არ გაუშვან და დარღვევა გაამართლა. ეს აჩვენებს პირდაპირ რისთვის ემზადება ეს ე.წ. დამკვირვებელთა ჯგუფი ამ არჩევნების დროს და მოლოდინი არის, რომ 26-ში ან 27-ში იქნება იგივე სიყალბე. კანონის დარღვევა იწვევს შედეგს. იმისთვის, რომ არ იყოს სანქციები კანონს უნდა დაემორჩილოს ყველა. ცალსახაა, რომ არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ აქვთ, რომ ქართული ოცნების საარჩევნო კლიპი არ გაუშვან.

ეს არის თვითნებობა, რომელსაც სამი ტელევიზია ჩადის და ეს აჩვენებს იმას, რომ უნდათ არათანაბარი საარჩევნო პირობების შექმნა ქართული ოცნებისთვის. ჩვენ ვნახეთ როგორც ტელევიზიების, ისე ენჯეობის განცხადების საფუძვლად აღებული იყო არა საქართველოს კანონმდებლობა, არამედ ევროკავშირის ელჩის განცხადება, რაც არის იმის დასტური, რომ საგარეო ჩარევას არჩევნებზე აქვს მავნე შედეგი. კერძოდ: ევროკავშირის ელჩის განცხადებამ გამოიწვია ქართული ოცნების წინააღმდეგ კანონის დარღვევა და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციებისგან ამის გამართლება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ასევე იხილეთ