სოზარ სუბარი: ვეთანხმები შალვა პაპუაშვილის მოწოდებას, რომ შეუწყვიტონ დაფინანსება იმ ორგანიზაციებს, რომლებიც ახდენენ იმ ღირებულების დისკრედიტაციას, რასაც ჰქვია გამჭვირვალე სამოქალაქო სექტორის ფუნქციონირება
„ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი სოზარ სუბარი აცხადებს, რომ პრობლემას ვერ ხედავს იმაში, რომ გამჭვირვალე იყოს, ვინ რას აფინანსებს საქართველოში უცხოეთიდან, მითუმეტეს თუ ეს საქართველოს მეგობარი ქვეყნები არიან.
როგორც სუბარმა „ქრონიკაში“ აღნიშნა, დაფინანსების წყაროებთან დაკავშირებით ინფორმაცია მაინც არ იმალება.
„ენჯეოები“ იძულებულები არიან, რომ ხშირ შემთხვევაში როდესაც ამაზე საზოგადოებრივი ინტერესი არსებობს, გამოამჟღავნონ თავისი დაფინანსების წყაროები და პრინციპში, არც არაფერი იმალება. თუ ქვეყანა კარგია და ჩვენი მეგობარია, რატომ არ უნდა ვიცოდეთ, რომ მისგან ფინანსდება [„ენჯეო“]. თუ იუსტიციის ვებგვერდზე იქნება თავმოყრილი და გამოქვეყნებული ყველა „ენჯეოს“ დაფინანსება, ამაზე კარგი რა არის?! რა არის დასამალი იმაში, რომ ვთქვათ მცხეთის ჯვრის რესტავრაციაში დებს რომელიმე საელჩო გარკვეულ თანხას, ან რომელიმე სკოლას კომპიუტერი უყიდეს, ან სკოლის რემონტი გააკეთეს. ამაში დასამალი რა არის? სწორედ იქ არის დასამალი, სადაც რევოლუციებს აფინანსებენ და „დროას“ და მსგავს ანტისახელმწიფოებრივ ორგანიზაციებს ფარულად აფინანსებენ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები“, – აღნიშნა სუბარმა.
მისი თქმით, მიესალმება პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის NED-ის დირექტორისადმი მოწოდებას, რომ გადავიდნენ საქმეზე და ჩახსნან ყველა დაფინანსება „ენჯეობისთვის“, რომელიც მიდის პარტიულ ჯიბეებში,
„მსოფლიოში არ არსებობს ალბათ უფრო ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაცია, ვიდრე „ჰუმან რაითს ვოჩი“, ან „ემნესტი ინტერნეიშენალი“. ერთი წუთით რომ წარმოვიდგინოთ, რომ ეს ორი ორგანიზაციის ხელმძღვანელი გამოვიდნენ თეთრი სახლის, ან ბუნდესტაგის, ან ევროპის ნებისმიერ დედაქალაქში და მთავრობის გადადგომის მოწოდებით მიტინგი გამართონ. მეორე დღესვე დამთავრდებოდა და განადგურდებოდა მათი როგორც „ენჯეოს“ სტატუსი, მათი როგორც სამოქალაქო აქტორების რეპუტაცია და ვერასდროს მიიღებდნენ დაფინანსებას. საქართველოში რა ხდება – ვხედავთ, რომ „ენჯეომ“, როგორიც არის „სამართლიანი არჩევნები“, გააყალბა ხმების პარალელური დათვლა, შემდეგ დააბრალა ცესკო-ს თითქოს კომისიამ გააყალბა ხმების დათვლა და პარალელური დათვლის შედეგები იყო სწორი და მათ ზუსტად იცოდნენ რას ჩადიოდნენ. ეს იყო შეგნებული გაყალბება და არ იყო შეცდომა. ამის შესახებ იცოდნენ დონორებმა, მიუხედავად ამისა, არაფერი შეცვლილა. ისევ ისე აფინანსებენ დონორები ამ „ენჯეოს“, ისევ ისე ამბობენ, რომ ეს უნდა იყოს მთავარი სადამკვირვებლო ორგანიზაცია ქვეყანაში. ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი და შესაბამისად, ყველაფერს თავისი სახელი უნდა დავარქვათ. ბუნებრივია, ასეთ დისკრედიტებულ „ენჯეოებთან“, რომლებიც პარალელური ხმების დათვლის გაყალბებით ცდილობენ ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას, ვერ ვითანამშრომლებთ და მათ დაკვირვებასაც ვერ ექნება ვერანაირი ნდობა საზოგადოებაში. შესაბამისად, ჩვენც მოვუწოდებთ დონორებს, აბსოლუტურად ვეთანხმები ბატონი შალვა პაპუაშვილის მოწოდებას, რომ შეუწყვიტონ დაფინანსება იმ ორგანიზაციებს, რომლებიც ახდენენ საკუთარი თავის დისკრედიტაციას და იმ ღირებულების დისკრედიტაციას, რასაც ჰქვია დამოუკიდებელი, გამჭვირვალე სამოქალაქო სექტორის ფუნქციონირება ქვეყანაში“, – აღნიშნა სუბარმა.