შალვა პაპუაშვილი: საელჩოებისა და უცხოელი აქტორების როლი ის კი არ უნდა იყოს, გარედან დააკვირდნენ საქართველოში რაც ხდება, არამედ თავის დაფინანსებულ „ენჯეოებსა“ და ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდონ, აღიარონ ხალხის არჩევანი
„საელჩოებისა და უცხოელი აქტორების როლი ის კი არ უნდა იყოს, გარედან დააკვირდნენ, საქართველოში რაც ხდება, არამედ მათ თავიანთ დაფინანსებულ „ენჯეოებს“ უნდა მოუწოდონ, რომ აღიარონ არჩევნები. ოპოზიციურ პარტიებს, რომელთაც ხშირად ეხუტებიან, მათ უნდა მოუწოდონ, აღიარონ ხალხის არჩევნები. ეს არის დემოკრატია“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა აშშ-ის საელჩოს მიერ საკუთარი მოქალაქეებისთვის დაგზავნილი გაფრთხილების კომენტირებისას.
პაპუაშვილმა მაკკეინის ინსტიტუტის მიერ აშშ-ის ხელისუფლების მიმართ გაცემული რეკომენდაცია გაიხსენა – საქართველოში დემონსტრაციებს დააკვირდეს და ოპოზიციას სოლიდარობა გამოუცხადოს.
„თავად ასეთი სახის ნარატივები ქმნის აღქმას, რომ თითქოს, მოლოდინია, ოპოზიციამ კიდევ ერთხელ არ აღიაროს ეს არჩევნები, რაც გასაკვირი არ არის. ოპოზიციას არც 2012 წლის არჩევნები უღიარებია, არც 2016 და არც 2020. ახლაც ზუსტად ასე მოიქცევიან, რა თქმა უნდა, არ აღიარებენ ამ არჩევნებს, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ამ შემთხვევაში საელჩოებისა და უცხოელი აქტორების როლი ის კი არ უნდა იყოს, როგორც აქამდე – გარედან დააკვირდნენ საქართველოში რაც ხდება, არ უნდა იყოს ეს სხვისთვის დაკვირვების საგანი, მათ უნდა მოუწოდონ თავიანთ დაფინანსებულ „ენჯეოებს“, რომ აღიარონ არჩევნები. ოპოზიციურ პარტიებს, რომელთაც ხშირად ეხუტებიან, მათ უნდა მოუწოდონ, აღიარონ ხალხის არჩევნები. ეს არის დემოკრატია“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.