left_sabechdi

ანალიტიკოსი ლაშა კასრაძე: სახელმწიფოებრიობის გადარჩენის თვალსაზრისით, საქართველოს რისკები დღევანდელმა მთავრობამ შეამცირა აბსოლუტურად სწორი მიდგომებით

„ნებისმიერი სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკა თვითგადარჩენის პრინციპიდან უნდა გამომდინარეობდეს. ბოლო 30 წელია, ჩვენ პირიქით ვართ. ამას არ ვაკეთებთ და გვგონია, რომ რაღაც იდეალისტური გათვლებით, ვიღაც ამოგვიყვანს სამხრეთ კავკასიიდან და შეგვაერთებს დასავლურ ეკონომიკურ და უშიშროების სტრუქტურებს. ეს ძალიან დიდი შეცდომაა”, – განაცხადა „იმედი LIVE“-ში აშშ-დან ჩართვისას საერთაშორისო ურთიერთობების ანალიტიკოსმა, ლაშა კასრაძემ.

მან ისაუბრა, როგორი გონივრული საგარეო პოლიტიკა უნდა ჰქონდეს ქვეყანას. მისივე თქმით, უდავოა, რომ რუსეთისადმი პრაგმატული პოლიტიკა თვითგადარჩენის პოლიტიკა იყო.

„რეალობა მიგვითითებს იმისკენ, რომ რეგიონში ურთიერთობის ასე გაგრძელება არ შეიძლება. ამიტომ, აბსოლუტურად გასაგებია და სწორიც არის ის, რომ დღევანდელმა ხელისუფლებამ საგარეო პოლიტიკაში სწორი ფოკუსი, ბალანსი დაიჭირა და რასაც ეწოდება პრაგმატული პოლიტიკა მოსკოვისადმი, სწორედ გამომდინარეობს ამ თვითგადარჩენის პრინციპიდან. ჩვენ ვართ პატარა სახელმწიფო, ჩვენ არ გაგვაჩნია დიდი ჯარი, მიუხედავად ჩემი უდიდესი პატივისცემისა საქართველოს თითოეული ჯარისკაცისა და საერთოდ, ჯარის მიმართ, მაგრამ სამწუხაროდ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ საქართველოს შეუძლია, აკეთოს იმაზე მეტი, რაც მის პოტენციალს აღემატება. ჩვენ ვართ პატარა სახელმწიფო, ძალიან რისკის შემცველ სამეზობლოში. ჩვენ თუ რეგიონული რეალობა ვერ ავითვისეთ და ვერ გავაანალიზეთ, რა გამოწვევების წინაშე ვდგავართ გეოპოლიტიკურად, ჩვენ ძალიან გაგვიჭირდება“, – განაცხადა ლაშა კასრაძემ.

მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ საგარეო პოლიტიკის საკითხში ბრძნული მიდგომა გამოხატა.

„ეს პოლიტიკა არის აღიარება იმისა, რომ ჩვენ ვართ პატარა სახელმწიფო, ჩვენ წინ დგას ობიექტური ჭეშმარიტება, როგორც არ უნდა მოგვწონდეს ეს ჩვენ და ჩვენი ვალდებულებაა, ნებისმიერი ლიდერის საქართველოში, ამ მთავრობის შემდეგ ვინც იქნება, რომ ეს რეალობა ობიექტურად და ღრმად გააანალიზოს. თორემ, სახელმწიფოებრიობის თვალსაზრისით, საქართველოს გადარჩენის რისკები რადიკალურად გაიზრდება. ჩემი აზრით, დღევანდელმა მთავრობამ ეს რისკები შეამცირა, სწორედ ამ პრინციპიდან გამომდინარე და აბსოლუტურად სწორი მიდგომებით“, – აღნიშნა ანალიტიკოსმა.

კასრაძემ განაცხადა, რომ აღნიშნული არ ნიშნავს, რომ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, აშშ-სა და ევროკავშირს ზურგს ვაქცევთ.

„კონსტიტუციურად ჩვენ პროდასავლური სახელმწიფო ვართ და ასე უნდა დარჩეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ რუსეთთან ბრძოლის ინსტრუმენტად უნდა გადავიქცეთ გარკვეული იდეოლოგიის ბრძოლის ხარჯზე. ამიტომ, გეოპოლიტიკურად მისასალმებელია ის გადაწყვეტილებები და მიდგომები რუსეთთან, რასაც დღეს ახორციელებს დღევანდელი მთავრობა“, – დასძინა ლაშა კასრაძემ.

ასევე იხილეთ