leaderboard_below_slide
left_sabechdi

იორდანიის საგარეო საქმეთა მინისტრი: ისრაელის ომი „ჰეზბოლასთან“ რეგიონს უფსკრულისკენ უბიძგებს

იორდანიის საგარეო საქმეთა მინისტრი აიმან საფადი აკრიტიკებს ისრაელის ომს ლიბანში „ჰეზბოლას“ დაჯგუფებების წინააღმდეგ და აცხადებს, რომ ისრაელის ომი „ჰეზბოლასთან“ რეგიონს უფსკრულისკენ უბიძგებს.

„ჩვენ ვდგავართ კატასტროფისა და საშიში ესკალაციის წინაშე, რომელიც საფრთხეს უქმნის რეგიონს. ისრაელს ეკისრება პასუხისმგებლობა ამ აგრესიაზე, რეგიონში ესკალაციაზე“, – აცხადებს იორდანიის საგარეო საქმეთა მინისტრი.

საფადი აღნიშნავს, რომ იორდანია მხარს უჭერს ლიბანის მთავრობის ინიციატივას ახალი პრეზიდენტის არჩევის შესახებ და ვალდებულებას, განახორციელოს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია, რომელმაც დაასრულა ისრაელის ბოლო ომი „ჰეზბოლასთან 2006 წელს.

იორდანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი დასძენს, რომ იორდანიამ, ისევე როგორც ლიბანმა, მხარი დაუჭირა შეერთებული შტატებისა და საფრანგეთის ინიციატივას ლიბანში სამკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.

ამავდროულად, როდესაც ისრაელი ემზადება ირანის სარაკეტო თავდასხმაზე პასუხისთვის, იორდანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი აცხადებს: „ჩვენ არავისთვის ბრძოლის ველი არ ვიქნებით. ეს მესიჯი ირანს და ისრაელსაც გავუგზავნეთ“.

ასევე იხილეთ