ირაკლი კობახიძე: მომავალ წელს, მთლიანად, თბილისიდან ბათუმამდე იქნება გახსნილი 4-ზოლიანი ავტომაგისტრალი, საქართველომ უნდა გააძლიეროს სატრანზიტო ფუნქცია
საქართველომ უნდა გააძლიეროს მისი, როგორც სატრანზიტო ქვეყნის ფუნქცია, ამ კუთხით, რა თქმა უნდა, ინფრასტრუქტურის განვითარებას ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციისას განაცხადა.
პრემიერმა ისაუბრა, თუ როგორ მოხდება მთავრობის, ხელისუფლების მხრიდან ეკონომიკური ზრდის სტიმულირება და ხელშეწყობა და ხაზი გაუსვა, რომ ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა ე.წ. დაკავშირებადობის ფუნქციის გაძლიერებაა.
„პირველ რიგში, ყურადღებას გავამახვილებ ავტომაგისტრალებზე. 2012 წლამდე მხოლოდ 68 კილომეტრი ავტობანი, მაგისტრალი იყო აშენებული ჩვენს ქვეყანაში. თავიდან ბოლომდე მხოლოდ 68 კილომეტრი მაგისტრალი დაგვხვდა, თან ეს იყო ყველაზე იოლი მონაკვეთი მშენებლობისთვის. მას შემდეგ ძალიან ინტენსიურად წარიმართება სამუშაოები და უკვე მომავალ წელს, მთლიანად, თბილისიდან ბათუმამდე იქნება გახსნილი 4-ზოლიანი ავტომაგისტრალი, ე.წ. ავტობანი. მადლობას გადავუხდი ბატონ ირაკლი ქარსელაძეს, რომელიც არის ამ ყველაფრის სულისჩამდგმელი. დაგვრჩება ერთი მცირე მონაკვეთი, ქობულეთის შემოვლითი გზა, სადაც დაემატება 2-ზოლიანი მონაკვეთი და აქაც, საბოლოო ჯამში, მაგისტრალი გახდება 4-ზოლიანი. ეს სამუშაოები დაიწყება უახლოეს მომავალში. ასევე დაიწყება ბათუმი-სარფის საკმაოდ რთული მონაკვეთის მშენებლობა, ესეც არის პროგრამის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ვმუშაობთ ანაკლიის პორტის განვითარებაზე, დაგვჭირდება საგანგებო გზის გაჭრა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მთავრობის მეთაურმა ასევე ყურადღება გაამახვილა აღმოსავლეთ საქართველოში დაგეგმილ და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.
„რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, აქ დაგეგმილია აზერბაიჯანის და სომხეთის საზღვრებთან დამაკავშირებელი მაგისტრალების დასრულება, აქაც საუბარია 4-ზოლიან ავტომაგისტრალზე. ასევე, რაც შეეხება კახეთის მონაკვეთს, უკვე დასრულებულია თბილისი-საგარეჯოს დამაკავშირებელი 4-ზოლიანი ავტომაგისტრალის მშენებლობა, გაიხსნა რამდენიმე დღის წინ და დასრულდება 2028 წლის ჩათვლით, მომავალ წელს უკვე დასრულდება ბადიაურამდე მონაკვეთის მშენებლობა. ამის შემდეგ უკვე დაიწყება შემდეგი, ჩალაუბნამდე მონაკვეთის მშენებლობა. რაც შეეხება ჩალაუბნიდან თელავამდე დამაკავშირებელ გზას, მნიშვნელოვანი მონაკვეთი – ბაკურციხე-წნორის მონაკვეთი უკვე გახსნილია. ასევე დაიწყება ლაგოდეხის შემოვლითი გზის მშენებლობა, რაც ამ ქალაქისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. დაიწყება და დასრულდება, ბოლომდე იქნება მიყვანილი თბილისი-რუსთავის დამაკავშირებელი 4-ზოლიანი მაგისტრალის მშენებლობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია თბილისისა და რუსთავის დაკავშირებისთვის. ასევე თბილისის შემოსასვლელ-გასასვლელი ავტომაგისტრალის მშენებლობა დაიწყება უახლოეს მომავალში. ძალიან მნიშვნელოვანი სტეფანწმინდის მონაკვეთი, სადაც გაიჭრა 9-კილომეტრიანი უნიკალური, კობი-ქვეშეთის გვირაბი და ეს მონაკვეთი, რომელიც დააკავშირებს ამ გზის მონაკვეთს სტეფანწმინდამდე, უახლოეს მომავალში დასრულდება. ასევე დაიწყება გზის მშენებლობა, რომელიც არის პირველი სამხრეთის მონაკვეთი დამაკავშირებელი სტეფანწმინდასთან. საბოლოო ჯამში, ამ გზის დასრულების შემდეგ, სტეფანწმინდამდე მგზავრობას დასჭირდება დაახლოებით 1.5 საათი და კახეთის მაგისტრალის დასრულების შემდეგ, თელავამდე მგზავრობას დასჭირდება, დაახლოებით, 1 საათი და 20 წუთი, რაც ყველაფრისთვის არის მნიშვნელოვანი, მნიშვნელოვანია მობილობისთვის, ჩვენი მოსახლეობისთვის, ეკონომიკის განვითარებისთვის. მადლობა მთლიანად გუნდს, რომელიც მუშაობს ამ საკითხებზე. დაკავშირებადობის კუთხით არის ამ პროექტების განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ ერთმანეთს ვაკავშირებთ უფრო სწრაფად რამდენიმე ქვეყანას – თურქეთი, საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი და შემდეგ, რა თქმა უნდა, ეს ინფრასტრუქტურა იშლება სხვა მიმართულებებით. შესაბამისად, ეკონომიკური თვალსაზრისით, განსაკუთრებით ახალი რეალობის გათვალისწინებით, რაც არის შექმნილი ჩვენს რეგიონში, ამ პროექტების განხორციელებას, ბუნებრივია, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.