ეკა სეფაშვილი: სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურით ყველას გასაგონად ვაცხადებთ, რომ საქართველოს კონსტიტუცია დაცული უნდა იყოს პრეზიდენტისა თუ ნებისმიერი მოქალაქის მიერ
„დარწმუნებული ვარ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო იმავე გადაწყვეტილებას მიიღებს სალომე ზურაბიშვილთან მიმართებით, რაც პირველ ჯერზე მიიღო, რადგან აბსოლუტურად იმავეს სჩადის ქალბატონი პრეზიდენტი, რასთანაც 2023 წლის შემთხვევაში გვქონდა საქმე“, – ამის შესახებ მედიასთან უმრავლესობის დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა განაცხადა, საპარლამენტო უმრავლესობის იმ გადაწყვეტილებაზე კომენტირებისას, რომლის მიხედვითაც, სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურა ხელახლა აღიძვრება.
მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურით ყველასთვის ცხადი ხდება, რომ საქართველოს კონსტიტუცია დაცული უნდა იყოს პრეზიდენტისა თუ ნებისმიერი მოქალაქის მიერ.
„მაშინაც ვიცოდით, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით საკონსტიტუციო უმრავლესობა არ გვქონდა, მაგრამ მაინც დავიწყეთ იმპიჩმენტის პროცედურა. ახლაც ასე ვიწყებთ. თუმცა, ამ ეტაპზე ის განმასხვავებელი გარემოებაა, რომ ეს პროცედურა დასრულდება საპარლამენტო არჩევნების შემდგომ, როდესაც ჩვენ უკვე გვექნება ხალხის მიერ მონიჭებული საკონსტიტუციო უმრავლესობა. შესაბამისად, უკვე შევძლებთ მის გადაყენებას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ჩვენ ვართ სახელმწიფო, რომელსაც აქვს კონსტიტუცია და მას პატივი უნდა ვცეთ. იმპიჩმენტის პროცედურაც ამისკენ არის მიმართული და ამით ხმამაღლა, ყველას გასაგონად ვაცხადებთ, რომ საქართველოს კონსტიტუცია დაცული უნდა იყოს პრეზიდენტის თუ ნებისმიერი მოქალაქის მიერ. ეს არის ჩვენი სახელმწიფოს სამართლებრივი მოწყობა, რაც საფუძვლად უდევს სწორედ იმ დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობას, რომელიც ყველასთვის მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა ეკა სეფაშვილმა.