ირაკლი კობახიძე: ფონდ „ქართუს“ და ბატონ ბიძინა ივანიშვილს მრავალმილიონიანი ინვესტიცია აქვთ ჩადებული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, შენარჩუნების მიმართულებით
130 მილიონი არის გათვალისწინებული შემდეგი წლების განმავლობაში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიმართულებით, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციისას განაცხადა.
მისივე თქმით, დამატებით, სტანდარტული ზრდის მიღმა დაგეგმილია 30 მილიონი ლარის გამოყოფა სახელმწიფო ბიუჯეტში, რომელიც მოხმარდება ხელოვანთა და ხელოვნების მხარდაჭერას.
„თქვენ იცით, რამხელა ინვესტიცია ჩაიდო გასული წლების განმავლობაში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, შენარჩუნების მიმართულებით. მხოლოდ ფონდ „ქართუს“ და ბატონ ბიძინა ივანიშვილს აქვთ ჩადებული ძალიან დიდი, მრავალმილიონიანი ინვესტიცია ამ მიმართულებით. 500-ზე მეტი მხოლოდ საეკლესიო მნიშვნელობის კულტურული ძეგლი იქნა აღდგენილი და შენარჩუნებული ჩვენი ქვეყნისთვის. დიდი მადლობა ბატონ ბიძინა ივანიშვილს, ფონდ „ქართუს“ ამისათვის. მთავრობაც ახორციელებს ინვესტიციებს და მომავალშიც გაგრძელდება ამ მიმართულებით ინვესტიციების ჩადება. 130 მილიონი არის გათვალისწინებული შემდეგი წლების განმავლობაში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიმართულებით. დამატებით, სტანდარტული ზრდის მიღმა ჩვენ გვაქვს დაგეგმილი 30 მილიონი ლარის გამოყოფა სახელმწიფო ბიუჯეტში, რომელიც მოხმარდება ხელოვანთა და ხელოვნების მხარდაჭერას. ეს იქნება საგანგებო ბიუჯეტი, რომელიც მიზანმიმართულად მოხმარდება ხელოვანთა მხარდაჭერას ჩვენს ქვეყანაში“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.