leaderboard_below_slide
left_sabechdi

ირაკლი კობახიძე: შემდეგი 4 წლის განმავლობაში მილიარდ ლარზე მეტია გათვალისწინებული ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით

2012 წელს 4.7 მილიონი ვიზიტორი გვყავდა ქვეყანაში, 2024 წელს ეს მაჩვენებელი შეადგენს უკვე თითქმის 8 მილიონს, –  ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით,  11 მილიონამდე გაიზრდება  ვიზიტორების რაოდენობა უკვე 2028 წლისთვის.

„ტურიზმი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის და ზოგადად, ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ ვართ სტუმარ-მასპინძლობით განთქმული ქვეყანა. აქედან გამომდინარე, ტურიზმის განვითარებას ჩვენთვის აქვს არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ კულტურული დატვირთვაც. შეგვიძლია, ვიამაყოთ იმით, რომ ამ მიმართულებითაც გვაქვს ძალიან სერიოზული ზრდა.

2012 წელს 4.7 მილიონი ვიზიტორი გვყავდა ქვეყანაში, 2024 წელს ეს მაჩვენებელი შეადგენს უკვე თითქმის 8 მილიონს. 11 მილიონამდე გაიზრდება  ვიზიტორების რაოდენობა უკვე 2028 წლისთვის, ანუ გავქვს ძალიან კარგი ტემპი და დინამიკა. რაც შეეხება ტურიზმიდან შემოსავლებს, აქ მონაცემები კიდევ უფრო შთამბეჭდავია, 1.4 მლრდ დოლარი იყო შემოსავლები ტურიზმიდან ჩვენი ქვეყნისთვის 2012 წელს, 2024 წელს უკვე 4.5 მლრდ დოლარამდე იზრდება შემოსავლები და 2028 წლისთვის საპროგნოზო მაჩვენებელი არის 6.4 მლრდ დოლარი. რა თქმა უნდა, ეს შემოსავლებიც აისახება საბოლოო ჯამში ჩვენი მოსახლეობის შემოსავლებზე და  სოციალურ მდგომარეობაზე.

ასევე შთამბეჭდავი მონაცემები გვინდა წარმოგიდგინოთ  ე.წ. განთავსების ობიექტებთან დაკავშირებით, რაც მოიცავს  სასტუმროებს, „გესთ ჰაუსებს“, მსგავსი ტიპის ობიექტებს. მხოლოდ 777 სასტუმრო ფუნქციონირებდა ჩვენს ქვეყანაში 2012 წელს, 23 000 ადგილით. 2024 წლისთვის უკვე 2 363 სასტუმრომდე იზრდება ეს მაჩვენებელი,  108 000 ადგილით. დაახლოებით 4.5-ჯერ არის გაზრდილი ადგილების რაოდენობა სასტუმროების სექტორში და 2028 წლისთვის უკვე რაც არის პრაქტიკულად გეგმის, მიმდინარე პროექტების ნაწილი, 2 680-მდე გაიზრდება სასტუმროების რაოდენობა და 142 700-მდე – ადგილების რაოდენობა უშუალოდ ამ სასტუმროებში. საბოლოო ჯამში, ხედავთ, რომ ზრდა არის დაახლოებით ექვსმაგი 2012 წელთან შედარებით.

მთლიანობაში, შემდეგი 4 წლის განმავლობაში, კერძო ინვესტიციები დაახლოებით მილიარდ ლარს შეადგენს მხოლოდ ამ სასტუმროების მიმართულებით. რაც შეეხება მთავრობის ინვესტიციას,   მილიარდ ლარზე მეტი არის გათვალისწინებული ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით. აქ შედის, მათ შორის, ურბანული განახლების პროექტები. ყველანაირად მოხდება ჩვენს ქვეყანაში ტურიზმის განვითარების სტიმულირება“, –  განაცხადა პრემიერმინისტრმა.

ასევე იხილეთ