leaderboard_below_slide
left_sabechdi

ირაკლი კობახიძე: ევროინტეგრაცია რჩება ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ უმთავრეს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტად, ჩვენი უმნიშვნელოვანესი ეროვნული ამოცანა არის აშშ-სთან და ევროკავშირთან ურთიერთობების გადატვირთვა

„ჩვენი უმნიშვნელოვანესი ეროვნული ამოცანა არის ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან ურთიერთობების გადატვირთვა”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციისას განაცხადა.

მისივე თქმით, მომავალ წელს შემხვედრი ნაბიჯებიც იქნება გადადგმული, რაც უზრუნველყოფს ურთიერთობების გადატვირთვას, როგორც აშშ-ის, ისე ევროკავშირის მიმართულებით.

„რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას, ჩვენი უმნიშვნელოვანესი ეროვნული ამოცანა არის ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან ურთიერთობების გადატვირთვა. ჩვენ, ბუნებრივია, არ მოგვწონს ურთიერთობების ის მდგომარეობა, რომელიც გვაქვს დღეს. ჩვენი მხრიდან ყველა ნაბიჯი იდგმება იმისათვის, რომ მოხდეს ურთიერთობების გადატვირთვა და ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ მომავალ წელს, მას შემდეგ, რაც დასრულდება უკრაინაში ომი, შემხვედრი ნაბიჯებიც იქნება გადადგმული, რაც უზრუნველყოფს ურთიერთობების გადატვირთვას, როგორც აშშ-ის, ისე ევროკავშირის მიმართულებით. ევროინტეგრაცია რჩება ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ უმთავრეს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტად. 2030 წლისთვის საქართველო კანდიდატ ქვეყნებს შორის იქნება ყველაზე მეტად მზად ევროკავშირში გასაწევრიანებლად. უკვე 2028 წლისთვის ჩვენ გვაქვს გეგმა, რომ 90%-ს გადააჭარბებს ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებამ და DCFTA-ით გათვალისწინებული ვალდებულებების 90% იქნება უკვე შესრულებული უკვე 2028 წლისთვის, რაც დამატებით შეუწყობს ხელს ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციას. NATO-სთან თანამშრომლობის გაღრმავება არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი. ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებას დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით. აქ გვაქვს ძალიან დიდი პროგრესი. შარშან მოეწერა ხელი შესაბამის შეთანხმებას და გვაქვს კონკრეტული ინიციატივები, რომელიც არის განხორციელების პროცესში და მადლობა ჩინელ პარტნიორებს ამ მხარდაჭერისთვის. რაც შეეხება სამეზობლო პოლიტიკას, აზერბაიჯანთან, სომხეთთან, თურქეთთან გვაქვს არაჩვეულებრივი, კეთილმეზობლური ურთიერთობები, სტრატეგოიული პარტნიორობა. მომავალშიც ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ ეს ურთიერთობები გავაღრმავოთ. ჩვენი ქვეყანა მაქსიმალურად უწყობს ხელს მშვიდობას ჩვენს ქვეყანაში და ეს იქნება ჩვენი მიდგომა შემდეგი წლების განმავლობაშიც. არაღიარების პოლიტიკა მთელი ამ წლების განმავლობაში იყო ძალიან წარმატებული. 2012 წლისთვის 4 სახელმწიფოს ჰქონდა აღიარებული აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობა და ეს ოთხი სახელმწიფო დარჩა ოთხ სახელმწიფოდ, რაც არის მთლიანად ხელისუფლების, კონკრეტულად საგარეო საქმეთა სამინისტროს ძალიან დიდი ძალისხმევის შედეგი და დიდი მადლობა სამინისტროს და პირადად მინისტრს ილია დარჩიაშვილს მათი საქმიანობისთვის. პრაგმატული პოლიტიკა და რუსეთთან კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირება არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი“, – განაცხადა პრემიერმა.

ასევე იხილეთ