პროფესორი და მედიაექსპერტი თეიმურაზ ქორიძე ვრცელი წერილით ეხმაურება ბიძინა ივანიშვილის ბოდიშთან დაკავშირებულ ინიციატივას, სადაც „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ ყველამ გამოვნახოთ საკუთარ თავში ძალა და ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ მოღალატე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს ცეცხლის ალში გაახვია ჩვენი ოსი დები და ძმები.
ქორიძე ბოდიშის ცნებაზე ამახვილებს ყურადღებას და განუმარტავს თანამემამულეებს, რომ ქართული ენის განმარტებით ლექსიკონში ბოდიში განმარტებულია, როგორც წუხილის გამოთქმა, პატიების თხოვნა თავისი შეუფერებელი საქციელისა თუ სიტყვის გამო.
„ბოდიშის მოხდა არ ნიშნავს რაიმე არსებული ან არარსებული დანაშაულის აღიარებას, შიშს, ან სილაჩრეს. პირიქით, ეს არის ვაჟკაცური, ღირსეული საქციელი და ემსახურება მშვიდობიანი, მეგობრული ურთიერთობების აღდგენას. როგორც სახარება გვასწავლის, თუ შენ აწყენინე ძმას, მზად იყავი ბოდიში მოუხადო და სთხოვო პატიება (მათე, 5.23,24).
ბოდიში მხოლოდ ღირსეული ადამიანების უპირატესობაა. ბოდიშის მოხდას ვერ გაბედავს ნაპრეზიდენტალი სააკაშვილი, ვერც ნაპროკურორალი გვარამია, ვერც ნაინტელიგენტარი ბერძენიშვილი, ვერც ნაჟურნალისტარი ელისაშვილი… არაფერს ვამბობ პარლამენტის მაგიდებზე წივილ -კივილით მორბენალ და კოლეგების თმებით დამთრევ „პოლიტიკოსებზე“, არც ჭიჭე-ხაბე-შალიკო-გირჩი ზურიკოს „მასტის“ მავნე ცრუპენტელებზე- ამისთვის არც ჭკუა ეყოფათ, არც სინდისი და არც გამბედაობა.
-ანწუხელიძის მკვლელობის გამო ოსებს ბოდიში უნდა მოვუხადოთო? – გაჰკივიან ნაცოპოზიციის ახალი, „უხმარი“ სახეები. ოსებს კი არა, აგვისტოში, ოსი სეპარატისტების მიერ სადისტურად მოკლული 24 წლის სერჟანტ გიორგი ანწუხელიძის გამო ბოდიში უნდა მოვუხადოთ ქართველი ჯარისკაცის დედას, მეუღლეს, შვილებს, მთელ საქართველოს. ბოდიში იმიტომ უნდა მოვუხადოთ, რომ საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ დღეს „ვივამედში“ მოკოტრიალე სააკაშვილის მეთაურობით, ძმათამკვლელი ომის თავიდან აცილება ვერ მოახერხა“, – წერს თეიმურაზ ქორიძე.
ვრცლად გაზეთ „დაიჯესტის“ მეორე ნომერში