8 ოქტომბერი დემურ მიქაძის დაბადების დღეა. 82 წლის გახდებოდა ჩვენი მეგობარი.
დღეს სამტრედიაში გაიხსნა პოლიციის გენერლის, დემურ მიქაძის ბიუსტი.
მადლობა ყველას, ვინც ეს კეთილი საქმე დააგვირგვინა.
* * *
ადრინდელ პუბლიკაციას ვიმეორებ, სიცოცხლეში, მის 75 წლისთავს რომ მივუძღვენი…
უნდა გავიხსენო კაცი, რომელსაც მაგინებელი არ ჰყავდა. პარადოქსი კი არის ეს მოვლენა, მაგრამ ასეა!
მართლაც ასეა, მიუხედავად იმისა, რომ იგი ებრძოდა უმსგავსოებას, უწინარესად კი -კრიმინალს! დიახ, ეს მისი პროფესიული მოვალეობა გახლდათ, მაგრამ მოვალეობასაც აქვს საზღვრები. დემურ მიქაძის და მისი გუნდის ბრძოლა ზნეობრივ ხასიათსაც ატარებდა და მუნდირს ღირსებას მატებდა. ალბათ ამითაც აიხსნება ის თავდადება , რითაც გამოირჩეოდა პოლიციის გენერლის მსახურება.
დემური უკვე რამდენიმე წელია, რაც გაზეციურდა. მაგრამ ჩვენი საძმოსთვის 8 ოქტომბერი წმინდა დღეა, სიყვარულის, ერთგულების და… მოგონების დღე. და თუ უფრო კონკრეტული ვიქნები, ეს დემურის სახელზე ერთმანეთის მოფერების, გამხნევების, გვერდში დგომის და სიცოცხლით სიხარულის დღეა. ასე გავაგრძელოთ, ძმებო!
* * *
აი, კ ა ც ი !
(გენერალი დემურ მიქაძე – 75)
ჩვენ ნახევარსაუკუნოვანი მეგობრობა გვაკავშირებს. ცოტა უფრო მეტიც…
და ამ ხნის ურთიერთობაში არ ყოფილა არცერთი ხინჯი. არცერთი!
იმ ურთულეს დროში, როცა ე.წ. პარტიულ ნომენკლატურაში ადამიანური ურთიერთობების წინა პლანზე წამოწევა ერთგვარ „ნაკლად“ ითვლებოდა და საფრთხილოც კი იყო, ჩვენს მეგობრობას არ „ვმალავდით“. მიუხედავად იმისა, რომ ორივენი, კარგა ხნის მანძილზე, „დაპირისპირებულ“ სტრუქტურებში ვმუშაობდით, ამ ახლობლობას, რომელსაც ერთი ლაქა არ მოსცხებია, „მოხერხება“ უნდოდა… „დაპირისპირებულს“ იმიტომ მივანიშნებ, რომ დემური ძალოვნებში იყო (ახლა რომ პოლიცია ქვია), მე კი მუდმივ და მოურიდებელ ოპონენტთა რიგებში – ჟურნალისტიკის სფეროდან ვუტევდი მის სისტემას. თანაც, დაუღალავად, მოურიდებლად, მწვავედ.
მაგრამ ამის ახსნაც, ჩემი აზრით, ადვილია. ადვილია იმათთვის და იმიტომ, რომ თუ პირადი ურთიერთობა გულწრფელია, უანგარო და ორივე მხარე სულს უბერავს, თუ სახელმწიფო თუ საზოგადო ინტერესები ორივესთვის პრიორიტეტულია და მას შეგნებულად, პასუხისმგებლობით ემსახურები, ამას დიდი „მოხერხება“ არც სჭირდება.
და ამის ჩინებულ მაგალითად გამოდგება დედაქალაქის მაშინდელი პოლიციის და ტელერადიოს ხელმძღვანელების არა მარტო პირადი მეგობრობა, არამედ კრიმინალთან ერთობლივი და ეფექტიანი ბრძოლა თანაბარი(!) პარტნიორობა. ამ მხრივ იმდროინდელ ტელერადიოს „სატრაბახოდ“ მოსაგონარი მართლაც ბევრი რამ აქვს და უნდა მადლიერებით „გამოვტყდე“: დემურ მიქაძის გვერდში დგომა რომ არა, ამ მხრივ ბევრ სასიკეთო საქმეს სიღრმეში ვერ ჩავწვდებოდით და, საერთოდ, ვერც გავწვდებოდით.
არადა ეს თანამშრომლობა არა მარტო პირადი ურთიერთობით იყო განპირობებულ-განსაზღვრული, არამედ მაღალი თანამდებობრივი რანგის მქონე პოლიციელის – დემურ მიქაძის სიბრძნით, მისი პრინციპული პოზიციით და იმის ღრმა შეგნებით, რომ მედიის, მთელი საზოგადოების მხარდაჭერის გარეშე კრიმინალთან ბრძოლას შედეგი არ მოჰყვებოდა.
შედეგი კი დადგა: გასული 80-იანი წლები „ქურდებთან“ და „ქურდულ მენტალიტეტთან“ დაპირისპირება, რომელმაც პიკს მიაღწია, ჩვენი ერთობლივი გამარჯვებით დამთავრდა: ყველა ე.წ, „კანონიერ ქურდს“ საქართველოში ფეხი ამოუკვეთეს.
ამას იმათ გასაგონადაც ვამბობ, დღეს რომ წივილ-კივილით იბრალებენ „ქურდულ მენტალიტეტთან“ ბრძოლის ინიციატორობას და წარსულს დაუფიქრებლად, უსაშველოდ ლანძღავენ.
ეგებ, მათთვის „აღმოჩენად“ ისიც იქცეს, ამ ერთობლივმა ბრძოლამ როგორ დაუსვა წერტილი ფულის გამოძალვის მიზნით ადამიანების გატაცების შემაშფოთებელ „პროცესს“.
უფროს თაობას მოვაგონებთ, ხოლო ახალგაზრდობას მოვუთხრობთ: 1979 წელს, როცა ყაჩაღებმა მეთექვსმეტედ(!) მოიტაცეს მოქალაქე, ტელევიზიამ და პოლიციამ, ხელისუფლების და საზოგადოების მოთხოვნით და მხარდაჭერით, ერთობლივად, ჩვენ-ჩვენი გზით და პროფესიული მეთოდებით, შევქმენით ამ დანაშაულთან მიმართებაში ისეთი აგრესიული შეურიგებლობის ატმოსფერო, ამ ბოროტებას ისე დავაარისხეთ „კაკაბეთის ზარები“, ტელეეკრანიდან კრიმინალს სახეში ისე დაუნდობლად ვხეთქეთ ხალხის „რისხვით შეკრული მუშტი“, რომ… ყაჩაღებმა „კეთილი ინებეს“ და… გადაცემის დამთავრებისთანავე ტელევიზიას(!!!) დაუბრუნეს იმ დღეს გატაცებული გოგონა!
და, რაც უმთავრესია და დაუვიწყარია ამ ერთობლივი მონდომების
შ ე დ ე გ ი:
შემდგომი ა თ ი(!) წლის მანძილზე საქართველოში არ ყოფილა გამოძალვის მიზნით ადამიანის გატაცების ა რ ც ე რ თ ი(!) შემთხვევა.
მხოლოდ ეს ფაქტებია საკმარისი იმისთვის, რომ გულწრფელად ვთქვათ: დემურ მიქაძე და მისი გამორჩეული კოლეგები, მართლაც რომ ღირსეული პარტნიორები იყვნენ ამ საქმეშიც და პირად ურთიერთობაშიც.
დემური უბოროტო კაცია. გულიც არაერთგზის ატკინეს, თანაც უსამართლოდ. ისიც კი იკადრეს, მამისთვის ანგარიშის გასასწორებლად შვილი დაეჩაგრათ, მაგრამ… დემურს, მის ოჯახს უკადრებელი არ უკადრია, „მურტალოთათვის“ სამაგიეროს გადახდაზე ფიქრში, წამიც კი არ დაუკარგავთ.
რაღამც სიტყვამ ეს თემა მოიტანა, ეგებ უპრიანი იყოს იმის გახსენებაც, რომ მაგ თაობის(!!!) პოლიციის გამორჩეული ჩინოსნებისთვის ბოღმა და ანგარიშსწორება, შურისძიება და დაშანტაჟება, მით უმეტეს, „ცოცხების გამოყენების“ და „ნარკოტიკების ჩადების“ სტილი აბსოლუტურად მიუღებელი იყო.
ჟურნალისტების კალამს ელის არაერთი ისტორია, დემურთან ერთად დათო სალარიძის, ახლახან აღსრულებული რომან გვენცაძის, ჯემალ გახოკიძის, სანდრო კავსაძის, ომარ ფოფხაძის და სხვათა კაცთმოყვარეობა, გაბედულება, პროფესიული პრინციპებისადმი ერთგულება ეტალურ მაგალითად გამოადგება ძალოვან სტრუქტურებში დასაქმებულ ახალგაზრდებს.
არის კიდევ ერთი ისეთი თვისება, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ რჩეულთა ხვედრია. ამ თვისებას, მადლიერებისა და ერთგულების ნაზავი მინდა დავარქვა. „განივთებული“ ეს გრძნობა-თვისება მეტისმეტად ფაქიზია, ამაღლებულ, განსაკუთრებულ ელფერს ატარებს, არ ყვირის, მაგრამ მუდმივად თანმხლებია და დავანებულია მისი „დამბადებლის“ გულში. მშობლიურ-ოჯახური ურთიერთობის შემდეგ მისი სადარი არაფერია. და ვისაც ეს გრძნობა-თვისება გააჩნია, შეგიძლია, საკუთარი სიცოცხლე ანდო მას. აი, ამ რჩეულთა არცთუ დიდი, მრავალრიცხოვანი „საკრებულოს“ მუდმივი წევრი გახლავთ ჩემი მეგობარი დემურ მიქაძე.
ერთი მაგალითი: სიჭაბუკეში მისდამი გამოჩენილი სითბოს და მზრუნველი დამოკიდებულების გამო დემური უფაქიზესად ეპყრობა უფროსი თაობის რამდენიმე მეგობარს, მათ ოჯახებს.
არ მახსოვს ამ ნახევარი საუკუნის მანძილზე არცერთი სერიოზული თავყრილობა მიქაძეებში, რომ საპატიო ადგილი არ ეკავოს და უპირველესი(!) განსაკუთრებული მოფერება არ ერგოს 90-ს მიტანებულ რეზო თევზაძეს, გმირს, საქართველოს პირველ მენავთობეს, ქველმოქმედსა და, საერთოდ, ლეგენდა-კაცს.
ასევე, მისთვის (და ჩვენი სამეგობროსთვის) უღალატო და ძვირფასია წასული თუ დღეგრძელი თბილი და მზრუნველი ადამიანები – ცხონებული დურმიშხან მაღალაშვილი, ასევე, გურამ გვეტაძე, ანზორ ბურჯანაძე, გრიგოლ ონიანი, დავით სალარიძე… ანდა, ორივე ჩვენგანისთვის გამორჩეული პიროვნება – როინ მეტრეველი, ჩვენი სამეგობროს ნახევარსაუკუნოვანი ლიდერი, რომლის სითბომ და მხარდაჭერამ ჩვენი თაობის არაერთ წარმომადგენელს განუსაზღვრა ცხოვრების და საქმიანობის გეზი.
ამ ადამიანებს და ამ მაგალითებს იმიტომ ვიხსენებ, რომ სწორედ ასეთ უანგარო, მზრუნველ, თბილ ურთიერთობაში დახვეწილმა დემურ მიქაძემ (და ჩვენმა სამეგობრომ) გაითავისა ეს „სტილი“ და თავადაც არაერთ ახალბედას აუნთო „მწვანე შუქი“. პირადად ვიცნობ საკმაოდ ბევრ ადამიანს, რომელიც გულწრფელად ემადლიერება დემურს იმ მხარდაჭერისა და ხელშეწყობისთვის, რასაც ასე უანგაროდ და უხვად გასცემდა და გასცემს იგი.
აბსოლუტურად უნიკალური, „უმცროსი ძმის“ სიყვარული, მეგობრობა „გვერდში დგომა“ აკავშირებდა დემურს (ჩვენს სამეგობროს) თანამედროვეობის უდიდეს მოქანდაკესთან – მერაბ ბერძენიშვილთან. ვიგინდარა-ხელისუფალთაგან უზომოდ გულნატკენი ხელოვანისთვის დემური იქცა „მფარველ ანგელოზად“. ასევე, განუმეორებელი სოფიკო ჭიაურელისა და კოტე მახარაძისთვის ჩვენი დემური არა მარტო „საერთო ჯვრისწერის“ და ნარდის ტურნირების პარტნიორი, არამედ უერთგულესი და-ძმობის სიმბოლო გახლდათ…
ასეა, როცა დაობლებული ბიჭი საკუთარი ბებიისთვის სითბოსა და სიყვარულში გაზრდილი და ამ გრძნობებით „დაპროგრამებული“ შვილიშვილიც იყავი და შვილიც, როცა საკუთარი სისხლ-ხორცისთვის მამაც ხარ და ძმაკაციც, როცა უერთგულესი მეუღლისთვის მართლა „განუყოფელი ნახევარი“ ხარ, როცა გაქვს იმის ვეებერთელა ნიჭი, რომ იყო შეუცვლელი მეგობარი, ქვეყნისთვის თავდადებული მოქალაქე, სამსახურისთვის უმაღლესი პროფესიონალი – გენერალი, ხელქვეითათთვის-მზრუნველი ხელმძღვანელი (და ისინიც მონდომებით გიბრუნებენ სითბოს), მაშინ ბუნებრივია, საკუთარი თავი აიძულო „ვალის გასტუმრებისთვის“ იმათთვის, ვინც თავის დროზე ალალად, უანგაროდ შეამჩნია შენი ნიჭი და შრომისმოყვარეობა, ხელი შეგიწყო დამსახურებულ წინსვლაში, დაგეხმარა შეჭირვების დროს.
ამას ჰქვია კეთილშობილება! თანაც, ორმხრივი!
ამას ჰქვია ზნეკეთილობა!
ამას ჰქვია რაინდობა!
ჰოდა, არავის ვალი არ აქვს ამ ჩემს მეგობარს: არც ქვეყნის და არც ადამიანების! რამეთუ ორივე მხარის წინაშე ვალმოხდილია თავისი ერთგულებით და თავდადებული შრომით, უღალატო გულწრფელი ურთიერთობით, სიკეთის კეთებით და, რაც მთავარია, ვეებერთელა სიყვარულით!
8 ოქტომბერს, დემურ მიქაძე ჩემი ტოლა – 75 წლის გახდება. საინტერესო და ქვეყნისთვის საჭირო ცხოვრებითაა აღსავსე ეს დრო. ამ გადმოსახედიდან თუ შეფასდება მის მიერ განვლილი გზა, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ძალიან ბევრი ადამიანი – დიდი თუ პატარა, ჩინიანი თუ უჩინო, პირისპირ თუ ზურგსუკან, ალალად და უყოყმანოდ იტყვის:
აი, კ ა ც ი!