ფეხბურთში საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი, ბუდუ ზივზივაძე აცხადებს, რომ გამორიცხულია ნაკრებში რომელიმე ფეხბურთელი პოლიტიკური ნიშნით იჩაგრებოდეს. მისივე თქმით, ნაკრების ყველა წევრი ერთი ქვეყნის წარმატებისთვის შრომობს.
„საქართველოს ეროვნულ ნაკრებში, ვიღაც პოლიტიკური ნიშნით იჩაგრებოდეს, გამორიცხულია. მე ამის მჯერა და ეგ რომ ასე არ იყოს, იქ აღარ ვიქნებოდი. თუ ვიღაც არასაფეხბურთო რამის გამო მსჯის, რატომ უნდა ვიყო იმ ნაკრების წევრი?! თუ მაგის გჯერათ, ფეხბურთს აღარ უნდა უყურებდეთ. ძალიან ჯანსაღი კონკურენციაა. იმ მომენტში, მწვრთნელმა ისე გადაწყვიტა, რომ გიორგის უნდა ეთამაშა, შედეგიც სახეზეა – ადამიანი ევროპის ჩემპიონატის ბომბარდირი გახდა. მე და გიორგი ერთმანეთს ვაძლიერებთ – ის რომ თამაშობს, მე ვცდილობ უფრო მეტი ვიშრომო და უკეთეს ფორმაში ვიყო და რომ ხედავს, მე გუნდში გოლები გამაქვს, უკეთეს ფორმაში იყოს. ორივე ერთ საქმეს ვემსახურებით, ნაკრებში ერთი ქვეყნისთვის ვთამაშობთ…“ – განაცხადა ბუდუ ზივზივაძემ GEO TEAM-თან ინტერვიუში.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების თამაშიდან თამაშებამდე მუდმივად იწყება განხილა, თუ რატომ ატარებს ბუდუ ზივზივაძე მოედანზე ყველაზე ნაკლებ სათამაშო დროს. ეს საკითხი რადიკალური ოპოზიციის პოლიტიკური დღის წესრიგიშიც კი მოხვდა, თითქოს ბუდუს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი ბუნდოვანი მიზეზების გამო არ ათამაშებს. თავად ფეხბურთელი ამბობს, რომ ისტორიაში პირველად, ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებთან ერთად ყოფნა და მოედანზე რამდენიმე წუთის გატარებაც კი, უკვე დიდი ბედნიერება და წარმატებაა.
„იყვნენ ფეხბურთელები, რომლებსაც ერთი წუთითაც არ უთამაშიათ, მე ამის ბედნიერება მომეცა, მინიმუმ, 1 წუთი მაინც გამეტარებინა მოედანზე, ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს სახელით“, – ამბობს ბუდუ ზივზივაძე.