დამოუკიდებელი ექსპერტის მაია ნიკოლეიშვილის აზრით, ქართულ-ოსური კონფლიქტის მოსაგვარებლად ე.წ. ნიურნბერგის პროცესის დაპირება საკმარისი არ იქნება. მისივე აზრით, ეს გაცილებით ღრმა თემაა და მასზე საუბარი XX საუკუნის 90-იანი წლებიდან უნდა დავიწყოთ.
„ერთია, რომ ზვიად გამსახურდია ეროვნული პრეზიდენტი იყო, მაგრამ მეორეა ის პოლიტიკა, რაც ქართულმა ხელისუფლებამ დამოუკიდებლობის პირველ წლებში გაატარა. ეს იყო ანტისომხური, ანტირუსული, ანტიოსური პოლიტიკა. მახსოვს, სხვა ეროვნების ძალიან ბევრი ადამიანი წავიდა საქართველოდან. დაიცალა ოსური სოფლები. დამოუკიდებლობით აჟიტირებულმა ხელისუფლებამ შეცდომები დაუშვა, ცალკე საუბრის თემაა, ვინ წააქეზა მაშინდელი ხელისუფლება?“– აცხადებს მაია ნიკოლეიშვილი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.
მისივე თქმით, შეცდომები მხოლოდ ქართველებმა კი არა, რუსეთმაც უნდა აღიაროს. ცივილიზებულმა და ქრისტიანულმა ერებმა საერთო ენა უნდა გამოძებნონ.
„ბოდიშის მოხდა მხოლოდ ერთი პატარა ფრაგმენტია იმ დიდი პროცესიდან, რომელიც გასავლელია. ნიურნბერგის პროცესი დაერქმევა მას თუ სხვა რამ, აუცილებლად უნდა ჩატარდეს! როგორც ფსიქოლოგები ამბობენ, – თუ ტრავმულ პროცესს არ გაივლი, პრობლემა პრობლემად დარჩება! შეიძლება ძალიან გვეტკინოს, მაგრამ მხოლოდ ამ გზით შეიძლება ქვეყანა გამთლიანდეს და განვითარდეს“, – აცხადებს მაია ნიკოლეიშვილი.