leaderboard_below_slide
left_sabechdi

რუსუდან შარაძე: დღეს ნათელია, რომ გურამ შარაძე მართლაც მოკლეს სააკაშვილის ბრძანებით!

* * *
რუსუდან შარაძე აცხადებს, რომ გურამ შარაძე სააკაშვილის ბრძანებით მოკლეს, მკვლელობას ორგანიზება გაუკეთა დათა ახალაიამ, ხოლო შეასრულეს მეგის ქარდავას ზონდერებმა – თემურ ჯგერენაიამ და გია ფაჩულიამ, რაც უამრავი ფაქტითა და მტკიცებულებით დადასტურდა. როგორც შარაძე აცხადებს, დღეს, ამ რეჟიმის ხელისუფლებაში დაბრუნება ნიშნავს, ტერორს, კვლას, წამებას, „განკულაკებას“ და რაც მთავარია, საქართველოს ცნების წაშლას.

for.ge რუსუდან შარაძეს ესაუბრა.

– გურამ შარაძის მკვლელობაში მსჯავრდებული, გიორგი ბარათელი გულის შეტევით გარდაიცვალა, ასეთია ოფიციალური ინფორმაცია, თუმცა თქვენ არ გჯერათ, რომ ეს იყო გულის შეტევა და წერთ, რომ მოხდა ის, რისიც 2007 წლის 20 მაისიდან გეშინოდათ. რატომ დასვით კითხვის ნიშანი მის გარდაცვალებასთან დაკავშირებით?

რუსუდან შარაძე: არ ვიცი, რამდენად შეიძლება ამ ინფორმაციას ეწოდოს ოფიციალური, ყოველ შემთხვევაში, ახლო ნათესავებს სჯერათ, რომ 45 წლის გიორგი ბარათელი გულით გარდაიცვალა. მართლაც, მამაჩემის მკვლელობის დღიდან მოყოლებული, ვშიშობდი, რომ მისი სიცოცხლე საფრთხეში იყო, რადგან, როგორც წესი, სპეცსამსახურები მსგავს მოწმეებს ცოცხალს არ ტოვებენ. ბარათელმა ყველაზე კარგად იცოდა, რომ გურამ შარაძე არ მოუკლავს, მეტიც – მკვლელობის მომენტში, მელიქიშვილზე საერთოდ არ იმყოფებოდა. იმ წლებში გადარჩა, მაგრამ ვაი ამ გადარჩენას – ჯერ ცოცხლად გაანადგურეს, ხოლო 2023 წლის აგვისტოში, „გულით“ გაისტუმრეს.

– რატომ გადაწყვიტეს, რომ გიორგი ბარათელი გამოეყვანათ როგორც მკვლელი?

– ჩვენ, ყველანი ვყოფილვართ მოწმე არაერთი პოლიტიკური მკვლელობისა, როდესაც ამა თუ იმ პიროვნებას პირად ცხოვრებაში მოუძებნიან სუსტ წერტილს, შემდეგ ამას „მოტივად“ დაუდებენ მკვლელობას, რომელიც სინამდვილეში პოლიტიკურია. ამასობაში, ამუშავდება მთელი სახელმწიფო მანქანა, თავისი „ჭორბიუროებითა“ და დაქირავებული „ჭორიკნებით“ და ამგვარად, ტყუილ-მართალის ერთმანეთში აღრევით, ხალხს აჯერებენ სასურველ ვერსიას.

გურამ შარაძეს პირად ცხოვრებაში ვერაფერი უპოვეს და მიადგნენ გიორგი შარაძეს, ხოლო ჩემი ძმის ირგვლივ, „შესაფერის“ კანდიდატურად, ყველაზე დაუცველი და არც ისე საამაყო წარსულის მქონე გიორგი ბარათელი შეარჩიეს. მერე რა, რომ ის არ და ვერ შეასრულებდა მკვლელობას და გარეგნობითაც ვერ დაემგვანებოდა „ავაზასავით მოქნილ“, „ნავარჯიშევ“ (მოწმის სიტყვებია) მკვლელს.

– რა ურთიერთობა ჰქონდათ გიორგი შარაძესა და გიორგი ბარათელს? ამბობდნენ, რომ მათ, შვეიცარიაში ყოფნისას, ერთმანეთში უთანხმოება მოუვიდათ…

– არავითარი უთანხმოება მათ არ ჰქონიათ. ყველაფერი დაიწყო 1994 თუ 1995 წელს, მაშინ, როდესაც სახელმწიფომ ჩაატარა აქცია კეთილშობილური მიზნით: არასრულწლოვანთა კოლონიებიდან, კარგი ყოფაქცევის მოზარდები (მათ შორის, გიორგი ბარათელი), გამოუშვეს და ხელი შეუწყეს მათ დასაქმებას სხვადასხვა სამსახურებში. ჩემმა ძმამ, რომელიც მაშინ „პირველი არხის“ ახალგაზრდული და საყმაწვილო გადაცემების რედაქციის ხელმძღვანელი იყო, ბარათელი თავისთან წაიყვანა და უფროს ძმასავით გვერდში დაუდგა, შეასწავლა ოპერატორის პროფესია და გახადა ქართული ტელევიზიის ნაწილი.

გიორგი შარაძე რომ სამუშაოდ სტუდია „აუდიენციაში“ გადავიდა, იქაც გადაიყვანა. 1999 წლიდან, ჩემი ძმა უკვე შვეიცარიაში, საქართველოს საელჩოს კულტურის ატაშე იყო: მოიპოვა საქართველოს პირველი რესპუბლიკის კონსტიტუციისა და მთელი სიმბოლიკის იქამდე დაკარგულად მიჩნეული ორიგინალები, იძიებდა და რეალურად კვალში ედგა გრიგოლ რობაქიძის არქივს და ა.შ. ამ ყველაფერზე იღებდა დოკუმენტურ ფილმს და სჭირდებოდა დამხმარე. ამგვარად აღმოჩნდა 2001 წლის გაზაფხულზე, ჟენევაში, გიორგი შარაძის დამხმარე ოპერატორად მაშინდელი სტუდია „აუდიენციის“ თანამშრომელი გიორგი ბარათელი.

მისი იქ ყოფნა დაემთხვა ჩემი ძმის პირადი ცხოვრების უმძიმეს პერიოდს, ვიტყოდი, პიროვნულ ტრაგედიას – მას დაენგრა ოჯახი. დაშორება არ იყო ჩვეულებრივი, ეს მოხდა სკანდალებით (რაც შემდგომში პირდაპირ ჩაჯდა მამაჩემის მკვლელების გეგმაში, რომ ბურუსში გაეხვიათ ისტორია). ბუნებრივია, გიორგის მდგომარეობამ დისკომფორტი შეუქმნა ბარათელს, მაგრამ მათ შორის სერიოზული უთანხმოება არასდროს მომხდარა, პირიქით, ჩემი ძმა ბოლომდე ზრუნავდა მასზე. 2001 წლის აპრილში, როდესაც ჟენევიდან თბილისში ერთად უნდა დაბრუნებულიყვნენ, რამდენიმე საათით ადრე ბარათელი გაქრა.

ჯერ სახლში, შემდეგ აეროპორტში, ჩემი გიო ბოლომდე ელოდებოდა და საბოლოოდ, თბილისში მარტო დაბრუნდა. წამოსვლამდე, ჟენევის ბინაში, ერთი ჩემოდანი ტანსაცმელი დაუტოვა, გასაღები საელჩოს ჩააბარა და საქართველოს კონსულს სთხოვა, – თუ გამოჩნდეს, უთხარი ჩემოდანზეო. გიო რომ თბილისში ჩამოვიდა, – ეს რა გამიკეთა, ეს რა გამიკეთაო, – თავში ირტყამდა ხელს. ამის შემდეგ, მათ შორის, ურთიერთობის მცდელობაც არ ყოფილა.

– სად გაქრა გიორგი ბარათელი?

– თბილისში გამგზავრებამდე რამდენიმე საათით ადრე, გიორგი ბარათელმა მაღაზია „Placette“-ში, კამერების წინ ჩაიდინა ქურდობა და დააკავეს. საკვირველი ის იყო, რომ ჟენევაში ჩასვლისთანავე ჩემმა ძმამ ანახა ეს სავაჭრო ცენტრი და გააფრთხილა, ყველგან ვიდეოთვალია და რამეზე ხელი არ წაგცდესო. არ დაგავიწყდეთ, რომ ბარათელი უკვე პროფესიონალი ოპერატორი იყო და ისედაც კარგად ესმოდა, სად რომელი კამერა იდგა.

იცოდა ისიც, რომ წვრილმან ქურდობაზე, შვეიცარიაში, დიდხანს ციხეში არ აჩერებენ. მოკლედ, ჩემმა ძმამ და მთელმა სამეგობრომ აღიქვა, რომ ბარათელმა ეს შეგნებულად გააკეთა, რათა დარჩენილიყო ევროპაში. მართლაც, ჟენევის ციხიდან გამოშვების შემდეგ გადავიდა ჰოლანდიაში, იქ დეპორტაციაში მოყვა და დააბრუნეს თბილისში, სადაც სხვადასხვა ტელევიზიებში ოპერატორად მუშაობა გააგრძელა.

– ვის ინტერესში შედიოდა ბარათელის, უხეშად რომ ვთქვათ, მოშორება, ანუ ვის და რა ძალებს არ აწყობდათ ცოცხალი გიორგი ბარათელი? რა ინფორმაციის მატარებელი იყო?

– გურამ შარაძის მკვლელობის მთავარი მოწმის მოშორება, რასაკვირველია, აწყობდათ მკვლელებს, რადგან ბარათელს ყველაზე მეტად შეეძლო საქმისთვის ნათელი მოეფინა. მასზე უკეთ არავინ იცოდა საქმის ვითარება და იმ ზეწოლის შესახებ, რომელსაც ახდენდნენ ჯერ კიდევ მამაჩემის მკვლელობამდე, მერე დაკავების დროს და საბოლოოდ, ციხეში.

– თქვენ წერთ: „ჩემს ოჯახს მსხვერპლად შეწირულო ადამიანო! დაგიცავ, სანამ პირში სული მიდგას!“, – რას ნიშნავს ეს განცხადება?

– არ ვამბობ, რომ ის იყო ფრთაშესხმული ანგელოზი, თუმცა მძიმე დანაშაული არასდროს ჩაუდენია. რაც მთავარია, მამაჩემი არ მოუკლავს და არც ანგარებით აუღია დანაშაული საკუთარ თავზე, პირიქით, ეწამა ჩემი ოჯახისთვის. ბუნებაში არ არსებობს არც ერთი კადრი მისი ვიდეო თუ აუდიო აღიარების, 2007 წლის 20 მაისიდან ნოემბრამდე იყენებდა დუმილის უფლებას და აქამდე მიკვირს, ესეც როგორ შეძლო. ყოველთვის დავიცავ და ყველაფერს გავაკეთებ, რომ ბოლომდე გამართლდეს და მისმა ტანჯულმა სულმა იმქვეყნად მაინც ჰპოვოს მოსვენება.

– დარწმუნებული ხართ, რომ გიორგი ბარათელი არ არის მკვლელი. სამწუხარო რეალობაა, არც გურამ შარაძეა ცოცხალი და არც გიორგი ბარათელი, რომელიც ძალიან ბევრი ინფორმაციის მატარებელი იყო…

– ხელისუფლების ცვლილებისთანავე, 2012 წლის 18 ოქტომბერს, მონიტორინგის ჯგუფის წევრებმა: ნინო მიქიაშვილმა, სოსო მანჯავიძემ და დიმიტრი ლორთქიფანიძემ ორთაჭალის N1 საპყრობილეში მოინახულეს გიორგი ბარათელი, რომელმაც წესიერ და პროფესიონალ ადვოკატთან შეხვედრა ითხოვა, – მზად ვარ ჯერ ადვოკატს, შემდეგ გამოძიებას სიმართლე ვუთხრა, გურამ შარაძე მე არ მომიკლავსო. მართლაც, ჩვენი თხოვნით, ოთხ დღეში, მასთან ადვოკატი მამუკა ნოზაძე შევიდა, რომელიც დათანხმდა მის დაცვას.

ამის შემდეგ, მამუკა ნოზაძეს განცხადება განცხადებაზე შეჰქონდა მთავარი პროკურორის, არჩილ კბილაშვილის სახელზე და ბარათელის დაკითხვას ითხოვდა. თავად ბარათელმაც დაწერა კბილაშვილის სახელზე იგივე თხოვნით განცხადება. ამასობაში, პროკურატურაში ჩვენც შეგვქონდა ახალ-ახალი დოკუმენტები და იმ მოწმეთა გამოკითხვის ოქმები, რომელთაც იქამდე გურამ შარაძის მკვლელობის საქმეზე ხმამაღლა არასდროს ულაპარაკიათ (ჩვენება ჩამოართვა ადვოკატმა ირაკლი გაბრიჭიძემ). ისინი აღწერდნენ ბარათელისგან რადიკალურად განსხვავებული გარეგნობის მკვლელს.

საბოლოოდ, მივიღეთ ის, რომ 2012 წლის 29 ნოემბერს, ციხეში, გიორგი ბარათელს პროვოკაცია მოუწყეს, თითქოს, ციხის დერეფანში ყოფნისას, კბილის ჯაგრისზე დამაგრებული ლურსმანი, ე.წ. შტირი, შეურჭო თანასაკნელ ზურაბ ჭონიაშვილს. ამ დროს, ჭონიაშვილს „შერჭობა“ არც გაუგია, – მომეჯახა ვიღაცა, ვერც გავიგე, ვინ იყო, სანამ სხვებმა არ მითხრესო, – წერს ჩვენებაში. აღსანიშნავია, რომ არც ერთი დამსწრე თანასაკნელი და არც „დაჭრილი“ ჭონიაშვილი არ ადასტურებდნენ, რომ გიორგი ბარათელმა რამე ცივი იარაღი ვინმეს შეურჭო.

– მას ამ საქმეზე მომჩივანი არ ჰყავდა…

– მეტიც, ვიდეოზე, სადაც ციხის დერეფანი და „მიჯახების“ მომენტია აღბეჭდილი, არ ჩანს, რომ ბარათელს ხელში რაიმე საგანი უჭირავს. მიუხედავად ამისა, მის წინააღმდეგ საქმე ორი მუხლით აღძრეს. პროვოკაციიდან მეორე დღესვე, 30 ნოემბერს, მამუკა ნოზაძის მეშვეობით, ბარათელმა წერილობით მიმართა საზოგადოებას, უფლებადამცველებს, ჟურნალისტებს და სიმართლის დადგენაში შველა ითხოვა.

ის მზად იყო, გურამ შარაძის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, პროკურატურისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიეწოდებინა; ამავე წერილში, ჩემთან შეხვედრაც მოითხოვა, თუმცა მისი ხმა არავის ესმოდა. იგივე გაუმეორა, 2012 წლის 4 დეკემბერს, უფლებადამცველ გიორგი თევზაძეს და კიდევ ერთხელ მოითხოვა ჩემთან შეხვედრა. საბოლოოდ, კბილაშვილის პროკურატურამ მოიღო მოწყალება და 2012 წლის 17 დეკემბერს, პროკურორმა შალვა ცერცვაძემ გიორგი ბარათელი გამოკითხა. ბარათელმა ჩვენება საკუთარი ხელით დაწერა.

2013 წლის 31 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, ე.წ. შტირის საქმეზე პროცესი გაიმართა, რომელსაც ჩვენი ბრძოლის შედეგად, ტელეკომპანია „იმედი“ იღებდა. ბარათელმა შესაძლებლობა გამოიყენა და მიუხედავად მოსამართლის და პროკურორის პროტესტისა, გაიხსენა, თუ რა ზეწოლას ახდენდენ მასზე და თქვა, რომ „როგორც კი სიმართლის მოყოლა დავიწყე, მაშინვე აღმომაჩნდა ლურსმანი“-ო. ბარათელმა ამას „ადმინისტრაციის გამოგონილი“ უწოდა და ყველაფერი დაუკავშირა მამაჩემის მკვლელობის საქმეს. თუმცა, მაინც ვერაფერს მიაღწია და 2013 წლის 2 ოქტომბერს, უკვე სააპელაციო სასამართლოში გამოაცხადა, რომ დაიღალა და ამიტომ თანახმა იყო, საპროცესო შეთანხმებაზე.

ამ დროისთვის უკვე დამატებული ჰქონდა ორწლიანი სასჯელი, რაც საბოლოოდ, 6 თვით შეუმცირდა. ასე დეტალურად იმიტომ გიყვებით, რომ დღემდე გაისმის ხოლმე ბარათელის მიმართ საყვედური, რატომ არაფერი თქვაო. რაც გითხარით და კიდევ ყველაფერი ვერ მოვახერხე, ნუთუ „არაფერია“?

ოფიციალური ვერსიით, 2007 წლის 20 მაისის საღამოს, გიორგი ბარათელი მოსეირნობდა ქუჩაში. შემთხვევით დაინახა გურამ შარაძე, გაახსენდა, რომ მისმა შვილმა შვეიცარიაში აწყენინა და მელიქიშვილის გამზირის N18-თან, პირველივე გასროლით მოკლა მამა და საფეთქელში ორი საკონტროლო ტყვიაც დაახალა. ამის შემდეგ, ოფიციალური ვერსიითვე, ბარათელი ავარდა შანიძის ქუჩაზე, პოლიციელები ფეხით გაეკიდნენ და მათ შორის ორმხრივი სროლა ატყდა. საქმის ეს მონაკვეთიც ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ მოკლედ ვიტყვი, რომ დევნის შემდეგ, საბოლოოდ, 21:05 საათზე, მკვლელობიდან, დაახლოებით, 55 წუთში, ის მრგვალ ბაღთან, სამარშრუტო ტაქსიდან ჩამოსვეს და დააკავეს.

ფაქტობრივი დაკავების ადგილზე, გიორგი ბარათელს წინააღმდეგობა არ გაუწევია, მაგრამ „შესაძლო გართულებების თავიდან აცილების მიზნით“, ოქმი იქვე არ შეუდგენიათ და არც ბარათელის ჩხრეკა ჩატარებულა, რადგან „ვითარება იყო დაძაბული“, „ასევე ეჭვმიტანილი იყო დაჭრილი და სასწრაფოდ უნდა ყოფილიყო გადაყვანილი“.

თუმცა, პოლიციელებს 25 წუთი დასჭირდათ, რომ 21:30 საათზე, „დაჭრილი ეჭვიტანილი“ მიეყვანათ არა საავადმყოფოში, არამედ, ძველი თბილისის შსს-ს შენობაში, საიდანაც სასწრაფომ, მხოლოდ, 23.07 საათზე წაიყვანა. როგორც ყოველი ნათქვამი სიტყვა, ესეც დოკუმენტურად შემიძლია დავადასტურო, რომ თითქმის, ორი საათის განმავლობაში, ბარათელი პოლიციას მარტო ჰყავდა სამმართველოში და ექიმი არც გაუკარებიათ.

– რა ხდებოდა ამ დროის განმავლობაში?

– ოფიციალურად, პოლიცია დაკავებისა და ჩხრეკის ოქმებს ადგენდა, ხოლო საქმის მასალებიდან და ფაქტებიდან გამომდინარე, შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ პოლიციაში ბარათელს სცემდნენ და აიძულებდნენ მამაჩემის მკვლელობის აღიარებას. იქ მიიღო „დაზიანებები“ და „დაჟეჟილობები“ თავ-ყბის არეში და არა დევნისას, როგორც გამოძიებას სურდა წარმოეჩინა. ყველაზე საინტერესო მაინც მისი პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნივთების ჩამონათვალია. აქვე გეტყვით, რომ ჩხრეკა ჩატარდა 21:45 საათზე და „დამსწრეები მოწვეულნი არ ყოფილან“.

– რა ამოიღეს გიორგი ბარათელის პირადი ჩხრეკის შედეგად?

-საქმის მასალების მიხედვით, დოკუმენტებთან და ხურდა ფულთან ერთად, მას ჯიბეებიდან ამოუღეს: „შავი ფერის დანა. ორი ცალი TT-ს სისტემის ცეცხლსასროლის მჭიდი 16 ვაზნით და კიდევ 8 ცალი ვაზნა; TT-ს სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი PΓ301 ერთი მჭიდით, მჭიდში სამი ვაზნით. ასევე იარაღის განმუხტვისას ამოღებულ იქნა ლულიდან კიდევ ერთი ტყვია“. ე.ი. გამოდის, რომ გიორგი ბარათელი, შუა ვერაზე, მთელი არსენალით დასეირნობდა და არათუ დატენილ იარაღს უნებართვოდ ატარებდა (მარტო შენახვა შეეძლოო), არამედ ასხმული იყო ორი სავსე მჭიდითა და დამატებით 8 ვაზნით (სულ 28 ვაზნა).

ესეც არ ეყო და ერთი დანაც, იქვე, ჯიბეში „ეგდო“. აღარაფერს ვამბობ მკვლელობისთვის და შემდეგ, სანამ „მარშუტკაში“ ჩაჯდებოდა, პოლიციელების მიმართულებით „დახარჯულ“ ტყვიებზე. აღნიშვნის ღირსია ისიც, რომ ფაქტობრივი დაკავებიდან მთელი 40 წუთის მანძილზე და პოლიციაში მიყვანიდან, 15 წუთის განმავლობაში, „ეჭვმიტანილი“ იმიტომ არ გაჩხრიკეს, რომ ის იყო „შეიარაღებული“ და „საშიში“!

– დაჭრილი იყო?

– დიახ. ოფიციალური ვერსიით, ის დევნისას, პეტრიაშვილის ჩიხში დაიჭრა მარჯვენა მხარში, რაც ტყუილია. სინამდვილეში, გიორგი ბარათელი დაჭრილი იყო მარცხენა მხარში, მაგრამ ვინაიდან ხელი არ მოაწერა არც ერთ დოკუმენტს, პოლიცია ასეთ ტყუილზე წავიდა. გამომძიებელი ბურჯალიანი დაკავებისა და ჩხრეკის ოქმში წერს, რომ ეჭვმიტანილი დაჭრილია „მარჯვენა ბეჭში“ და ამიტომ „ვერ შეძლებს ხელის მოწერას“. მსგავსი „შენიშვნები“ თან ერთვის დაკავების ყველა დოკუმენტს, არადა ბარათელი რომ მარცხენა მხარში იყო დაჭრილი, კარგად ჩანს პრესაში გავრცელებულ უამრავ ფოტო-ვიდეო მასალაში, სადაც მას, მართალია, მარჯვენა ხელი აქვს ჩამოკიდებული, მაგრამ ამ მხარეს სისხლის წვეთიც არ ეტყობა, არც მკერდზე, არც ზურგზე.

სამაგიეროდ, მარცხენა მხარი სისხლით აქვს მოსვრილი. გარდა ამისა, ამას ადასტურებს მორიგე სუქიაშვილის ხელით დაწერილი დოკუმენტიც, სადაც შავით თეთრზე წერია: „ბარათელი გიორგი, 29 წლის, ძველი თბილისის სამმართველოდან 03-ის მიერ გადაყვანილ იქნა მიხაილოვის საავადმყოფოში ცეცხლსასროლი ჭრილობით მარცხენა მხარის მიდამოში“.

– ბარათელი ციხეშიც მოინახულეთ, რა გითხრათ?

– 2012 წელს, როდესაც ბარათელი გამალებით ითხოვდა ჩემთან შეხვედრას, მაშინდელი სასჯელაღსრულების მინისტრი სოზარ სუბარი დამპირდა, შეგიშვებო, მაგრამ დრო გაიწელა. ბარათელის ციხეში ნახვა, მხოლოდ, 2016 წელს მოვახერხე და ზედიზედ, სამჯერ ვნახე – ორჯერ მარტომ და ერთხელ, მისი ნებართვით, პროკურორ-გამომძიებელთან ერთად. საათობით ვილაპარაკეთ, ხელჩაქნეული იყო. ყველაფერი მოგვიყვა, მაგრამ ჩვენებას ხელი არ მოაწერა.

არ უნდა ამ ხელისუფლებას მამაშენის საქმის გახსნა, სანიმუშოდ ვიქცევი, ყოველ წელს ველოდები „უდოს“, ასევე ვწერ შეწყალების თხოვნას პრეზიდენტ მარგველაშვილის სახელზე, მაგრამ ყურადღებას არავინ მაქცევსო. ეს არისო ჩემი ტესტი. მომიტანეთ ერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს ჩემი მონაყოლიდან რაიმე ფაქტს და ეგრევე მოვაწერ ხელსო. მერე მითხრა – შენ აქედან შვეიცარიაში წახვალ, მე საკანში უნდა შევბრუნდე, მეშინიაო. რა უნდა მეთქვა? მას შემდეგ აღარ მინახავს. 2017 წლის 17 ნოემბერს, ათწლიანი პატიმრობის შემდეგ, გათავისუფლდა და ბოლო წელიწადნახევარი, რაც ციხეში იჯდა, სწორედ, ე.წ. შტირის გამო, თორემ ძველ საქმეებზე ამნისტია შეეხო.

– 2017 წლის შემდეგ, რაც საპატიმრო დატოვა, თუ იცით, რას საქმიანობდა გიორგი ბარათელი?

– ციხიდან როცა გამოვიდა, შეგნებულად არ შევაწუხე. იმ დროისთვის, ჩვენ უკვე ყველაფერი გვქონდა ერთმანეთისთვის ნათქვამი. გამალებული ვცდილობდი „ერთი მტკიცებულების“ მოპოვებას და ვფიქრობდი, როცა ხელთ მექნება, მერე შევხვდები-მეთქი. თქვენმა მკითხველმა კარგად იცის სუს-თან და სოსო გოგაშვილთან ჩემი დაპირისპირების შესახებ მაშინ, როდესაც გამოჩნდა კიდევ ერთი მოწმე, დათა ახალაიას ყოფილი მარჯვენა ხელი, რომელიც მზად იყო გამოძიებისთვის მიეტანა მტკიცებულება – აუდიო-ჩანაწერი, სადაც ახალაია მამაჩემის მკვლელს ასახელებს. თუმცა სოსო გოგაშვილმა ყველაფერი გააკეთა, რომ ეს არ მომხდარიყო.

სუს-თან ჩემი „ჭიდაობა“ დიდხანს გრძელდებოდა და ეს ვრცელი თემაა. აღსანიშნავია, რომ 2018 წლის 10 აპრილს, გავმართე პრესკონფერენცია, სადაც პირველად, საჯაროდ ვამხილე გოგაშვილი. სამი კვირაც არ იყო გასული, რომ 28 აპრილს, გიორგი ბარათელმა დატოვა თბილისი და თვითმფრინავით სალონიკის მიმართულებით გაემგზავრა. პროკურატურამ მეტი ინფორმაციის მოპოვება ვერ შეძლო. სამაგიეროდ, კეთილი მეგობრების წყალობით, მას ხან გერმანიაში, ხანაც საფრანგეთში, ლტოლვილთა დაწესებულებებში ვაგნებდი.

ვცადე დაკავშირება, წერილიც გავუგზავნე, სადაც მეტყვი, იქ გავჩნდები მკვლელობის საქმით ხელში, ნებისმიერ ინსტანციაში გვერდში დაგიდგები და დავამტკიცებ, რომ შენს სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, მეც ხომ ამ საქმისთვის მომცა შვეიცარიამ თავის დროზე პოლიტიკური თავშესაფარი-მეთქი. არა თუ ვერ გამომეხმაურა. სხვათა შორის, იმასაც მეუბნებოდნენ, რომ ბარათელი უკვე სხვანაირად ლაპარაკობდა – მე ჩავიდინე, მე მოვკალი გურამ შარაძე და მოვიხადე სასჯელიო. ვფიქრობ, ეშინოდა. ახლახან ვიგებ, რომ დაბრუნებულა საქართველოში, თავს „ტაქსაობით“ ირჩენდა, ცხოვრობდა ნაქირავებ ბინაში და 2023 წლის აგვისტოში, გულით გარდაიცვალა.

– რა ეტაპზეა გურამ შარაძის მკვლელობის საქმის გამოძიება?

– 2018 წლიდან, მას შემდეგ, რაც დავრწმუნდი, რომ მამაჩემის მკვლელობის საქმის გახსნილად გამოცხადებას მხოლოდ პოლიტიკური ნებაღა აკლია, გამომძიებელთან ურთიერთობა აღარ მქონია.

– წლებია, ითხოვთ რეალური მკვლელების დასჯას, თუმცა ვხედავთ, რომ გამოძიება არ მიდის წინ, თქვენ როგორ ხსნით ამას და როგორ ფიქრობთ, რა კავშირი შეიძლება ჰქონდეს პროფესორის მკვლელობასთან ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს?

– პირველივე წუთიდან მჯეროდა, რომ ეს იყო პოლიტიკური მკვლელობა და შემკვეთი სააკაშვილის ბანდა იყო. დროთა განმავლობაში, ჩემი მოსაზრება უამრავი ფაქტითა და მტკიცებულებით დადასტურდა. დღეს ნათელია, რომ გურამ შარაძე მართლაც მოკლეს სააკაშვილის ბრძანებით, მკვლელობას ორგანიზება გაუკეთა დათა ახალაიამ, ხოლო შეასრულეს მეგის ქარდავას ზონდერებმა – თემურ ჯგერენაიამ და გია ფაჩულიამ.

ჯგერენაია თავადაც მოკლეს მოსკოვში, რასაც ჩვენებაში, მისი მეწყვილე (სხვა საქმეებშიც) – გია ფაჩულიაც ადასტურებს. თუმცა, რა თქმა უნდა, გურამ შარაძის მკვლელობისგან თავს შორს იჭერს. არც ერთი პოლიტიკური მკვლელობა არ გამოიძია „ოცნებამ“ და ამის მიზეზი, პირველ რიგში, სააკაშვილის საერთაშორისო მფარველების ზეწოლა უნდა იყოს, ხოლო მეორე არის ის, რომ „ჩათრევას ჩაყოლა“ ამჯობინეს და აღვირახსნილ კოაბიტაციაში გადაეშვენ. თუმცა, „სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს“.

– ომი თუ მშვიდობა – ამ არჩევანის წინაშეა დღეს საქართველო. თქვენი არჩევანი როგორია და საინტერესოა, როგორია ჟენევაში მცხოვრები ქართველების პოზიცია?

– ვერ წარმომიდგენია, ჭკუათმყოფელმა ადამიანმა, გარეწარი თუ არ არის, მშვიდობას ომი არჩიოს. ჟენევის ქართველებში დიდად გათქვეფილი არ ვარ, თუმცა, ვისთანაც ურთიერთობა მაქვს, ყველა ჩემს პოზიციაზეა.

„ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის ხელისუფლებაში დაბრუნება ნიშნავს ტერორს, კვლას, წამებას, „განკულაკებას“ და რაც მთავარია, საქართველოს ცნების წაშლას.

 

წყარო: For.Ge

ავტორი: თამთა ქარჩავა

ასევე იხილეთ