საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონის გასაჩივრებული ნორმები საბოლოო გადაწყვეტილებამდე შეჩერდეს. თუმცა მიიღო გადაწყვეტილება სარჩელი ნაწილობრივ წარმოებაში მიიღოს.
მოსამართლეთა პლენუმმა გადაწყვეტილება სათათბიროდ გასვლიდან 1 თვის შემდეგ მიიღო, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.
საკონსტიტუციოს თანახმად, საქმეზე დაიწყება არსებითი განხილვა, განხილვამდე კი არ დაკმაყოფილდება მოსარჩელეების შუამდგომლობა საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების შესახებ.
კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციოში 4 სარჩელია შესული – პრეზიდენტის, არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებისა და ოპოზიციის. საკონსტიტუციო სასამართლოში გამჭვირვალობის შესახებ კანონზე შესული 4 – პრეზიდენტის, არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებისა და ოპოზიციის სარჩელები ერთ წარმოებად გაერთიანდა და 29 აგვისტოს განხილვა დაიწყო. 3-დღიანი განხილვის შემდეგ პლენუმი სათათბიროდ გავიდა. მოსარჩელეები ითხოვდნენ კანონის მოქმედების შეჩერებას მანამ, სანამ საკონსტიტუციო სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას არ გამოიტანდა.