“ჩვენი პოზიცია არის ძალიან მკაფიო, რომ „ვეტინგი“ არის მიუღებელი საქართველოსთვის. ეს ღონისძიება ე.წ. ვეტინგი, როგორც საგამონაკლისო და განსაკუთრებული ხასიათის, ერთჯერადი და დროებითი ხასიათის ღონისძიება, ასე დაიწყო და განხორციელდა ალბანეთში და ფაქტია, რომ ალბანეთის პარლამენტმა 2024 წლის ბოლომდე გაუხანგრძლივა მანდატი კომისიებს „ვეტინგის“ ჩასატარებლად. ანუ, 2014 წელს დაწყებული პროცედურა დღესაც გრძელდება, “- ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, დიმიტრი გვრიტიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისი თქმით, ალბანეთში მეათე წელია არ დასრულებულა „ვეტინგის“ პროცედურა და ყველაზე თავგამოდებული მომხრეები ვინც იყვნენ „ვეტინგის“, უკვე ეჭვქვეშ აყენებენ, რამდენად მიღწევადია ის მთავარი მიზნები, რასაც ისახავდა ეს პროცედურა.
„იმისთვის, რომ მოსამართლეთა კეთილსინდისიერება ყოველგვარი დამატებითი ღონისძიებების გატარების გარეშე გაკონტროლდეს, უკვე არის ბერკეტები საქართველოს კანონმდებლობაში. ერთი, რომ უვადოდ გადანიშვნის დროს ყველა მოსამართლის კეთილსინდისიერება და კომპეტენტურობა შემოწმებულია უზენაესი სასამართლოს ჩათვლით. საზოგადოებამ იხილა უაღრესად გამჭვირვალე, უპრეცედენტო, ანალოგის არმქონე პროცედურის შედეგად გამწესებული მოსამართლეები, მათთან ინტერვიუები და შემდგომ მათი შეფასებებიც საჯაროდ გამოქვეყნებული. ერთი მიმართულება „ვეტინგის“, არის მოსამართლეების ქონებრივი მდგომარეობის შესწავლა. ეს ბერკეტი უკვე გვაქვს, ეს მექანიზმი მოქმედებს. ანტიკორუფციული ბიურო გვაქვს სახელმწიფოში, რომელიც ყოველწლიურად ჩვენ მიერ შევსებულ დეკლარაციებს ამოწმებს. არასამთავრობოების კომისიაა, ამოჩემებული ვყავართ ერთი და იგივე მოსამართლეები, დაახლოებით 30-მდე მოსამართლეა, ყოველწლიურად ვართ მონიტორინგის ქვეშ. ყოველწლიურად გვიწევს ჩვენ მიერ დეკლარაციაში მითითებული მონაცემების სისწორის დასტური. დამატებითი მტკიცებულებების, ინფორმაციების წარდგენა, ქონებრივ მდგომარეობაზე, შემოსავლებზე. ამის გადამოწმება ძალიან მარტივია, უბრალოდ დეკლარაცია უნდა ამობეჭდო და უნდა ამობეჭდო მონაცემები ჩემი შემოსავლების შესახებ, ორივე საჯაროა, ერთმანეთს უნდა შეადარო და დასკვნას გააკეთებ“, – აღნიშნა დიმიტრი გვრიტიშვილმა.