გია ცაგარეიშვილი „თბილისი პრაიდის“ განცხადებაზე: არავინ მათ წინააღმდეგ არ მოქმედებს, გაუგებარი, პათეტიკური მოწოდებები საჭირო არაა
„არ მიმაჩნია სწორი ამგვარი პროვოკაციული განცხადებების გაკეთება. არავინ მათ წინააღმდეგ არ მოქმედებს, ეს მათი უფლებაა, სადაც უნდათ შეიკრიბონ, რაც უნდათ ის ქნან“, – ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ცაგარეიშვილი ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონთან დაკავშირებით „თბილისი პრაიდის“ მიმართვას.
„არავინ, მითუმეტეს ხელისუფლება, მათ სულში ხელის ფათურს არ აპირებს. გაუგებარი, პათეტიკური მოწოდებები, მე მგონი საჭირო არაა. ჩვენი ვალდებულებაა, ამ ხალხის უფლებები დავიცვათ, თუ რა თქმა უნდა ისინი კანონის ფარგლებში იმოქმედებენ, ვინც კანონის ჩარჩოს გასცდება, ის კანონის წინაშე აგებს პასუხს. ყველა უნდა დაემორჩილოს თანაცხოვრების ერთიან წესებს“, – აცხადებს ცაგარეიშვილი.
„ქართული ოცნების“ მიერ ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონზე მუშაობის დაანონსებიდან რვადღიანი დუმილის შემდეგ „თბილისი პრაიდი“ პირველ მიმართვას ავრცელებს.