„საქსტატი“: 2023 წელს საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა მედიანური ხელფასი გასულ წელთან შედარებით, 19.0 პროცენტით გაიზარდა და 1 238 ლარი შეადგინა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2023 წელს საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა მედიანური ხელფასი გასულ წელთან შედარებით, 19.0 პროცენტით გაიზარდა და 1 238 ლარი შეადგინა.
„საქსტატის“ ცნობით, 2023 წელს მედიანური ხელფასი საშუალო თვიურ ხელფასზე 29.9 პროცენტით ნაკლებია.
„საქმიანობების სახეების მიხედვით, 2023 წელს, შედარებით მაღალი მედიანური ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:
ინფორმაცია და კომუნიკაცია – 1 960 ლარი;
სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა;
სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება – 1 878 ლარი;
მშენებლობა – 1 810 ლარი;
სამთომოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება – 1 705 ლარი;
საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 1 696 ლარი“, -აღნიშნულია „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, 2023 წლის მონაცემებით, მედიანური ხელფასი საშუალო თვიურ ხელფასს ყველა სექტორში ჩამორჩება.
„მომხმარებელთა მხრიდან ხელფასების სტატისტიკურ მონაცემებზე მზარდი ინტერესის გათვალისწინებით, საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა (საქსტატი) დაიწყო შრომის სტატისტიკის დამატებითი მაჩვენებლის, დაქირავებით დასაქმებულთა მედიანური ხელფასის წარმოება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მონაცემების საფუძველზე. მისი გამოქვეყნება დაგეგმილია წლიური პერიოდულობით.
საშუალო თვიური ხელფასის გასაანგარიშებლად საქსტატი ახორციელებს საწარმოებისა და ორგანიზაციების გამოკვლევას, რომლის ფარგლებშიც ყოველკვარტალურად დაახლოებით 15 000 სუბიექტი, ხოლო წლიური პერიოდულობით დაახლოებით 18 000 სუბიექტი გამოიკითხება. გამოკვლევა ითვალისწინებს საწარმოებიდან და ორგანიზაციებიდან აგრეგირებული მონაცემების შეგროვებას სახელფასო ფონდის და დასაქმებულთა რაოდენობის შესახებ. აღნიშნული მხოლოდ საშუალო თვიური ხელფასის გაანგარიშების საშუალებას იძლევა და არ არის საკმარისი მედიანური ხელფასის დასადგენად.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ არსებული გამოკვლევის ფარგლებში მედიანური ხელფასის გასაანგარიშებლად, საწარმოებისგან/ორგანიზაციებისგან საჭირო იქნებოდა ინდივიდუალური მონაცემების მოპოვება, რაც მნიშვნელოვნად გაზრდიდა რესპონდენტების ტვირთს. ამიტომ, აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, მედიანური ხელფასის გაანგარიშება მთლიანად ეფუძნება ადმინისტრაციულ მონაცემთა წყაროებს“, – აღნიშნულია „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.