“სერია A”-ს აღმასრულებელი დირექტორის, ლუიჯი დე სიერვოს შეფასებით, ცნობილი ქართველი ფეხბურთელი, ნეაპოლის “ნაპოლის” წევრი ხვიჩა კვარაცხელია პოზიტიური ფიგურაა ახალგაზრდებისთვის, ის ერთგულებისა და მიზანმიმართული შრომის სიმბოლოა.
„კვარაცხელია „ნაპოლისა“ და მთელი ჩვენი ლიგის სიმბოლოა. ის გამორჩეული ფეხბურთელია, რომელსაც თავისი ხარისხიანი თამაშით ყოველთვის შეუძლია მატჩის შედეგის გადაწყვეტა. ხვიჩა ასევე პოზიტიური ფიგურაა ახალგაზრდებისთვის, ის ერთგულებისა და მიზანდასახული შრომის სიმბოლოა, რაც აუცილებელია შედეგების მისაღწევად. კვარაცხელია თვის საუკეთესო ფეხბურთელი მეოთხედ გახდა და ამ მაჩვენებლით პაულო დიბალას დაეწია, ვისაც ეს ჯილდო ასევე ოთხჯერ აქვს მოპოვებული“, – განაცხადა სერია A-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ლუიჯი დე სიერვომ.
ხვიჩა კვარაცხელია “სერია A”-ს სექტემბრის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. მას ჯილდოს 26 ოქტომბერს, „ნაპოლისა“ და „ლეჩეს“ მატჩამდე გადასცემენ. თამაში ნეაპოლის „სტადიო დიეგო მარადონაზე“ გაიმართება.
“სერია A”-ს ოფიციალური გვერდის ინფორმაციით, გულშემატკივრების გამოკითხვაში ხვიჩა კვარაცხელიამ აჯობა ისეთ ვარსკვლავებს, როგორებიც არიან: ბრემერი („იუვენტუსი“), კასტრო („ბოლონია“), კუტრონე („კომო„), დიმარკო („ინტერი“) და პულიშიჩი („მილანი“).
მათივე ინფორმაციით, თვის საუკეთესო ფეხბურთელობის ექვსი ნომინანტი ანალიტიკური პლატფორმის Stats Perform-ის ანალიზის გამოყენებით შეირჩა. K-Sport-ის მიერ 2010 წელს დაპატენტებული და მეცნიერულად დადასტურებული რეიტინგული სისტემა ითვალისწინებს არა მხოლოდ სტატისტიკურ და ტექნიკურ, არამედ პოზიციურ მონაცემებსაც. ეს საშუალებას იძლევა გაანალიზდეს ისეთი მნიშვნელოვანი ასპექტები, როგორიცაა ბურთის გარეშე მოძრაობა, ასევე წვლილი გუნდის ტექნიკურ და ფიზიკურ ეფექტურობაში, რაც თამაშის ობიექტური და ხარისხობრივი შეფასების საშუალებაა.
შეგახსენებთ, რომ სექტემბერში ხვიჩა კვარაცხელიამ სამ თამაშში ორი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა.