სოზარ სუბარი: 1990-იანი და 2008 წლის ომების შედეგია ის, რომ ამდენი ემიგრანტი წავიდა საქართველოდან – მშვიდობა და ეკონომიკის განვითარებაა მათი დაბრუნების წინაპირობა
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა თანამოქალაქეებმა, რომლებიც ათობით წლის განმავლობაში მოდიოდნენ ევროპაში სამუშაოს საპოვნელად და უკეთესი ცხოვრებისთვის, იცოდნენ თუ რა ხდება დღეს საქართველოში. ყველას ჰყავს ოჯახი საქართველოში და მათზე უკეთ არავინ იცის, რა არის გაჭირვება და რას ნიშნავს ის უბედურება, რაც ომს მოაქვს“, – ამის შესახებ მედიასთან უმრავლესობის დეპუტატმა სოზარ სუბარმა განაცხადა იტალიაში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი კლუბის გახსნის შესახებ კომენტირებისას.
მისი თქმით, 1990-იანი და 2008 წლის ომების შედეგია ის, რომ ამდენი ემიგრანტი წავიდა საქართველოდან, შესაბამისად, მშვიდობა და ეკონომიკის განვითარებაა მათი დაბრუნების წინაპირობა.
„იმ ომების შედეგია, რომლებიც ვერ ავიცილეთ თავიდან ჯერ 90-იან წლებში, შემდეგ კი 2008 წელს, რომ ამდენი ქართველი წამოვიდა ევროპაში; ომის შედეგი იყო ის, რომ საქართველოში ასეთი პირობები და ეკონომიკური პრობლემები არსებობს და სწორედ მშვიდობის შედეგია ის, რომ საქართველოს ეკონომიკა დღეს ძალიან სწრაფი ტემპით ვითარდება. ეს განვითარება უნდა შევინარჩუნოთ და ჩვენი ემიგრანტების უმრავლესობა საბოლოოდ უნდა დაბრუნდეს საქართველოში. სხვათა შორის, ძალიან ბევრმა ემიგრანტმა, იმიტომ, რომ ბევრი წელია აქეთ არის, ბოლომდე არ იცის, რა ხდება დღეს საქართველოში. როცა ვესაუბრეთ მოქალაქეებს, აქაც და საბერძნეთშიც, აღმოჩნდა, რომ ძალიან ხშირ შემთხვევაში არ იციან, რა ხდება საქართველოში; რა სახელმწიფო პროგრამები არსებობს, მაგალითად, ჯანდაცვის მიმართულებით; რომ არასრულწლოვანებისთვის სიმსივნურ დაავადებებთან დაკავშირებით 100%-იანი დაფინანსება არსებობს, მათ შორის, ევროპის რამდენიმე ქვეყანაში მკურნალობის ჩათვლით და ა.შ. მსგავსი ძალიან ბევრი პროგრამის შესახებ მათ არ იციან და უხარიათ, როცა იგებენ“, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.