leaderboard_below_slide
left_sabechdi

„ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვით გამოსვლა „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე ბათუმში

მოგესალმებით აჭარლებო,

მივესალმები ბათუმს, ქობულეთს, ხელვაჩაურს, ხულოს, ქედას და შუახევს. მოგესალმებით, ჩვენო თანამებრძოლებო, ჩვენო ერთგულო მხარდამჭერებო!

მე მინდა, მადლობა მოგახსენოთ, პირველ რიგში, იმ გვერდში დგომისთვის და ერთგულებისთვის, და მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს ძალიან მაგარ, უღალატო და საკუთარ სამშობლოზე შეყვარებულ ჩვენს მაგარ ხალხს, ჩვენს აჭარას და აჭარლებს.

ჩემო მეგობრებო, მე მინდა, ჩემი მთავარი სათქმელი 2012 წლის მოვლენების გახსენებით დავიწყო, როცა ქვეყანას სამუდამოდ ჩამოვაშორეთ საკუთარი ქვეყნის და ჩვენი ხალხის მტერი, მოძალადე, ანტიდემოკრატიული, ანტიეროვნული რეჟიმი, რომელიც მხოლოდ ტერორზე, შანტაჟსა და ნებისმიერი განსხვავებული შეხედულების ჩახშობაზე იდგა! ქვეყანაში სრული უიმედობა იყო, ჩაგვრის ქვეშ მყოფ ჩვენს ხალხს კი თითქოს რწმენა ჰქონდა დაკარგული, რომ უცხო ინტერესების მსახური, უსამშობლო პოლიტიკური ძალისგან საკუთარ ქვეყანას დაიხსნიდა.  

და სწორედ ამ დროს, ჩვენი ქვეყნის ასეთ გადამწყვეტ ისტორიულ მომენტში, ჩვენი პარტიის დამფუძნებელმა, ჩვენმა ლიდერმა, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა, რომ პირადი უსაფრთხოების რისკის ქვეშ დაყენების და უამრავი უკანონო გზებით ბრძოლის და მუქარის მიუხედავად, პოლიტიკაში ჩართულიყო და მისი ეს ქმედება პირადი ინტერესების გვერდით გადადების და საერთო ეროვნული საქმის მსახურების საუკეთესო მაგალითია, რაც ჩვენი ბრძენი ქართველი ხალხისთვის იმ საოცარი ერთიანობით, რომელიც 2012 წლის 1 ოქტომბრის ისტორიული გამარჯვებით დაგვირგვინდა!

და ეს თარიღი, ძვირფასო მეგობრებო, ჩვენი ქვეყნის თანამედროვე ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღია. 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ არ დარჩა არცერთი სფერო, სადაც ჩვენ ძალიან დიდი პროგრესი არ მოვუტანეთ ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხალხს. 12 წლის შემდეგ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს ჩვენი საზოგადოების წინაშე ის პრობლემები და ის საშინელება, რომელიც გამეფებული იყო ჩვენს ქვეყანაში, წარსულს ჩავაბარეთ. ჩვენ კარგად გვახსოვს, ჩვენმა ხელისუფლებამ გაათავისუფლა ჩვენი ბიზნესმენები, ბიზნეს რეკეტისგან, სახელმწიფო ინსტიტუტები კი პოლიტიკური და სააკაშვილის კლანის გავლენებისგან, ერთხელ და სამუდამოდ აღმოვფხვერით პატიმრებთან არაადამიანური პრაქტიკა, გათავისუფლდა მედია და ხელისუფლებისთვის პოლიტიკის ამოსავალ წერტილად იქცა ჩვენი ქვეყნის მოქალაქე, ადამიანი და ადამიანის უფლებები.

მთელმა ქვეყანამ კარგად იცის, რას წარმოადგენდა „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმი. არავის დავიწყებია საკუთარი მოქალაქეების მკვლელობის, წამების, ბიზნესის და ქონების წართმევის და ათასი სხვა უბედურების მომტანი სისხლიანი მმართველობის 9 წელი და  12 წლის შემდეგ, ბათუმი და მთლიანად აჭარა ევროპის ერთ-ერთ გამორჩეულ ზღვისპირა კურორტად გადაიქცა.  რა პროპაგანდაც უნდა აკეთონ ჩვენმა ოპონენტებმა, რამდენიც არ უნდა ამტკიცონ, ყველაზე უკეთ, ძვირფასო მეგობრებო, თქვენ იცით,  აჭარის მაცხოვრებლებმა იციან, თუ რამდენი რამ გაკეთდა აჭარაში სწორედ ჩვენი ხელისუფლების დროს. მილიარდობით დოლარის ინვესტიცია განხორციელდა აჭარაში და ბათუმი, კიდევ გავიმეორებ, გადაიქცა ევროპის ერთ-ერთ გამორჩეულ ზღვისპირა კურორტად.

ძვირფასო მეგობრებო, „ნაციონალური მოძრაობის“ დანაშაულების სია ძალიან დიდია, მაგრამ მე მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ყველაზე დიდი დანაშაული და ღალატი, რაც  მათ ჩაიდინეს, ეს არის  2008 წლის აგვისტოს ომი, როცა პოლიტიკურად გაკოტრებულმა რეჟიმმა მიზანმიმართულად არ გადადგა ისეთი ნაბიჯები, რომელიც ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხალხს ომს აარიდებდა, ქვეყანა კი საშინელ ავანტიურაში ჩაითრიეს, რაც  ჩვენი სამშობლოს დამატებითი ტერიტორიების ოკუპაციის, ჩვენი გმირი სამხედროების, ჩვენი გმირი პოლიციელების, ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლის ფასად დაგვიჯდა, ათობით ათასი ჩვენი მოქალაქე საკუთარ სამშობლოში დევნილად იქცა! და ყველანაირი ადამიანური და პოლიტიკური მორალისგან დაცლილი პოლიტიკური დამნაშავეების ერთობამ ცინიკურად, საკუთარ ხალხს გამარჯვება აზეიმა! ამის საპასუხოდ, მეგობრებო, „ქართულმა ოცნებამ“ ჩვენს ქვეყანას მოუტანა  უწყვეტი, 12 წლიანი მშვიდობა და სტაბილურობა, რამაც განაპირობა ყველა ის პროგრესი, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენს მოქალაქეებთან. სწორედ ჩვენი პრაგმატული პოლიტიკის დამსახურებაა, რომ ეკონომიკა და ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტი სამჯერ გაიზარდა 12 წელში.  და კიდევ გავიმეორებ, არ დარჩენილა არც ერთი სფერო, რომლის მიმართულებითაც ძალიან დიდ პროგრესს არ მივაღწიეთ.

სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყანა დღესაც ომის რისკის წინაშე დგას, ვინაიდან ამ ე.წ. აგენტების კოალიციამ, გახსოვთ კარგად, უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, ყველაფერი გააკეთეს, რომ საქართველოში მეორე ფრონტი გახსნილიყო. დღეს, ქვეყნის შიდა და გარე მტრებმა კარგად იციან, რომ საკუთარი მიზნის მიღწევის ერთადერთი გზა ხელისუფლებაში ისევ უცხო ინტერესების მორჩილი აგენტურის მოყვანაზე გადის და სწორედ ეს უსამშობლო ადამიანები, მზად არიან ძალაუფლება ჩაიგდონ ნებისმიერ ფასად, მათ შორის არეულობის, რევოლუციის გზით. შემდეგ კი საქართველო, რა თქმა უნდა, ჩართონ ომში.

მაგრამ ამის თავიდან აცილების, რისკების განეიტრალებისა და ქვეყანაში მშვიდობის, სტაბილურობის  შენარჩუნების გარანტი ჩვენი ლიდერი, ბატონი ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნებაა“. და ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ დაწყებულ გზას, ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვას, ჩვენი ხალხის ინტერესების დაცვას და ბოლომდე გავიყვანთ ჩვენს ქვეყანას სამშვიდობოს.

დღეს არჩევანი, მეგობრებო, მარტივია, ჩვენ უნდა ავირჩიოთ ან ომი, ან მშვიდობა, თუმცა, გავიმეორებ, სიფრთხილე და მაქსიმალური მობილიზება გვმართებს! 26 ოქტომბერს იქნება გადამწყვეტი ბრძოლა მშვიდობის შენარჩუნებისთვის და ჩვენი ქვეყნის გამარჯვებისთვის. 26 ოქტომბერს გაიმარჯვებს აჭარა და გაიმარჯვებს საქართველო.

დიდი მადლობა, ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი!

ასევე იხილეთ