leaderboard_below_slide
left_sabechdi

ბიძინა ივანიშვილი: მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია ჩვენივე დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანა და ღირსეულად, მშვიდობითა და კეთილდღეობით საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება – ქვეყნის გარედან ალტერნატივად გვისახავენ აგენტურას, რომელიც ომს და განადგურებას ნიშნავს

„26 ოქტომბერს მარტივი არჩევანი გვაქვს გასაკეთებელი, რადგან, ყველაფერთან ერთად, უკვე არაერთხელ დამტკიცდა, რომ „ქართული ოცნების“ გარდა, საქართველოში არ არსებობს პოლიტიკური ძალა, რომელიც ორიენტირებულია საკუთარ ქვეყანასა და ხალხზე, აქვს გამოცდილება და უნარი, რომ სტაბილურობა, კეთილდღეობა, მშვიდობა და ეკონომიკური ზრდა უზრუნველყოს”,  – განაცხადა  „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ბათუმში გამართულ ღონისძიებაზე.

მისი განცხადებით, მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ შეუძლია დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანა და ღირსეულად და მშვიდობით საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება, ამის საპირისპიროდ კი, ქვეყნის გარედან, მოსახლეობას ალტერნატივად სთავაზობენ აგენტურას, რომელიც ომს და ნგრევას ნიშნავს.

„მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია ჩვენივე დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანა და ღირსეულად, მშვიდობითა და კეთილდღეობით საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება. 

ამის საპირისპიროდ, ქვეყნის გარედან, ალტერნატივად გვისახავენ აგენტურას, რომელიც ომს, ნგრევასა და განადგურებას ნიშნავს. 

სწორედ ამიტომ, 26 ოქტომბერს კიდევ ერთხელ უნდა გადავარჩინოთ ქვეყანა, არჩევანი გავაკეთოთ – მონობასა და თავისუფლებას, უცხო ქვეყნების მორჩილებასა და სუვერენიტეტს, ომსა და მშვიდობას შორის. 

ღრმად მწამს, რომ სამშობლოსათვის გადამწყვეტ ბრძოლაში ამ ულამაზესი კუთხის შვილები მტკიცედ დადგებით საქართველოს ერთიანობის და სუვერენიტეტის სადარაჯოზე!

გაუმარჯოს დამოუკიდებელ, ძლიერ, ერთიან და თავისუფალ საქართველოს. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი“, –  განუცხადა ბიძინა ივანიშვილმა ბათუმში შეკრებილ მოსახლეობას.

ასევე იხილეთ