ბრიუსელში ზურაბ ადეიშვილის მონაწილეობით გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებით ევროკავშირის წარმომადგენლობა განცხადებას ავრცელებს
ევროკავშირის წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაცია მთავარი გზავნილია იმ განცხადებიდან, რომელსაც ზურაბ ადეიშვილთან დაკავშირებით მედიაში გასული ინფორმაციის საპასუხოდ ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს. საუბარია შეხვედრაზე, რომელიც ადეიშვილის მონაწილეობით ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში, ბრიუსელში გაიმართა.
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა განცხადებით ადასტურებს, რომ სამშაბათს უკრაინის გენერალურ პროკურორთან შეხვედრა გაიმართა, რომელსაც უკრაინის დელეგაციიდან კიდევ რამდენიმე წევრი დაესწრო. ევროკავშირის წარმომადგენლობა მიიჩნევს, რომ სწორედ ამ შეხვედრის სხვაგვარად წარმოჩენაა დეზინფორმაცია.
„მედიაში გავრცელებული ინფორმაციის პასუხად, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა განმარტავს, რომ გენერალური დირექტორის მოადგილეს, გერტ იან კოპმანს, ევროკავშირის სამეზობლოს და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების დირექტორატიდან, რეგულარული შეხვედრები აქვს დასავლეთ ბალკანეთის, აღმოსავლეთ და სამხრეთ სამეზობლოს და სხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან, რასაკვირველია, უკრაინის ჩათვლით.
გასულ სამშაბათს, ის შეხვდა უკრაინის გენერალურ პროკურორს, რომელსაც უკრაინის დელეგაციაში შემავალი რამდენიმე ადამიანი ახლდა. ამ შეხვედრის სხვაგვარად წარმოჩენა დეზინფორმაციაა (ხოლო სწორი ინფორმაციის მოპოვება მარტივადაა შესაძლებელი ევროკავშირის გვერდებზე სოციალურ ქსელში).
ევროკავშირის წინააღმდეგ მიმართულ დეზინფორმაციასთან ბრძოლა პირველი ნაბიჯია იმ ცხრა ნაბიჯიდან, რომელიც გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნისკენ უნდა გადაიდგას“, – წერია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ზურაბ ადეიშვილი საქართველოში ჩადენილი უმძიმესი დანაშაულებისთვის არის მსჯავრდებული და ბრალდებული. მან რამდენიმე დღის წინ ჯერ ბუნდესტაგში, შემდეგ კი ევროკომისიაში მაღალი თანამდებობის პირებს შეხვდა. შეხვედრაზე ის უკრაინის დელეგაციასთან ერთად იმყოფება და მაღალი დონის შეხვედრებზე, სამართლის პრინციპების გაუმჯობესებაზე და პროკურატურის რეფორმირებაზე საუბრობს.