ლევან მაჭავარიანი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: ეს რეზოლუციები არის კიდევ ერთი მაგალითი გარე ჩარევების, მხოლოდ იმას ემსახურება, რომ რამენაირად გააცოცხლონ ის რადიკალური ოპოზიციური ძალები, რომელთაც პულსი არ ესინჯებათ
ევროპარლამენტის მიერ საქართველოს შესახებ მიღებულ რეზოლუციას მმართველ გუნდში კიდევ ერთხელ აფასებენ. საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილის, ლევან მაჭავარიანის განცხადებით, ეს რეზოლუციები არის კიდევ ერთი მაგალითი გარე ჩარევების, მით უმეტეს, წინასაარჩევნო პერიოდში.
„მხოლოდ იმას ემსახურება, რომ რამენაირად გააცოცხლონ ის რადიკალური ოპოზიციური ძალები, რომელთაც პულსი არ ესინჯებათ. ჩვენ ამ რეზოლუციაში უკვე ვიხილეთ, ფაქტობრივად, ევროპარლამენტარების ლუსტრირება.
ჩვენ მოგვიწოდებდნენ, მიგვითითებდნენ, რომ მოგვეღო ჩვენი ქვეყნისთვის დამაზიანებელი გადაწყვეტილებები“, – აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.
ევროპარლამენტმა პლენარულ სხდომაზე საქართველოს შესახებ რეზოლუცია ხმათა უმრავლესობით მიიღო. რეზოლუციის ტექსტის თანახმად, ევროპარლამენტარები პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითხოვენ. გარდა ამისა, ევროპელი დეპუტატები კვლავ ითხოვენ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლებას.
დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები უნდა შემოიღოს. რეზოლუციაში გაკრიტიკებულია კანონები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობისა“ და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის“ შესახებ.