ბექა დავითულიანი: გვინდა ნულოვანი სიღარიბის მაჩვენებელი, ამ მიზნისთვის ჯერ არ მიგვიღწევია, თუმცა, ფასებით მანიპულირება და უმდარესი პოპულიზმი, შალვა ნათელაშვილის და „ნაცმოძრაობის“ გარდა არავის შეუძლია
„ის სიგიჟე, რომ პარტიის თავმჯდომარე ბაზრებში დადის, იქაც გაბერილ ფასებს ამბობს და მერე ადარებს 2012 წლის ფასს, ეს არის სრული არაადეკვატურობა“, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბექა დავითულიანი „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან აპელირებას თემაზე, რომ პროდუქტებზე ფასები გაიზარდა.
ბექა დავითულიანის თქმით, ეკონომიკა იზრდება, რაზეც საერთაშორისო კვლევები მეტყველებს.
„შეუძლებელია, ათი და თხუთმეტი წლის წინ ყოფილიყო მეტი ფასი და ახლა რამეს დაეკლო. ეკონომიკა ვითარდება, ფასები იზრდება, იზრდება ანაზღაურებაც. ამას მხოლოდ ჩვენ არ ვამბობთ, ამაზე მეტყველებს ყველა საერთაშორისო კვლევა, რომ საქართველოში ცხოვრების დონე, პირობები იზრდება. თუ მკითხავთ, დამაკმაყოფილებელია?- არა, რა თქმა უნდა. ჩვენ გვინდა მეტი, გვინდა ნულოვანი სიღარიბის მაჩვენებელი და გვინდა, ჩვენს ქვეყანაში ადამიანები ცხოვრობდნენ კეთილდღეობის პირობებში. ამ მიზნისთვის ჯერ არ მიგვიღწევია, თუმცა ფასებით მანიპულირება და უმდარესი პოპულიზმი, შალვა ნათელაშვილის და „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა არავის შეუძლია“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.