„გერმანიის ბუნდესტაგი, რომელიც ჩემთვის ყოველთვის იყო ძალიან პატივსაცემი ინსტიტუცია, დღეს ჩართეს საარჩევნო პროცესში საქართველოში“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს არის საარჩევნო პროცესებში გარე ჩარევის მცდელობა, რასაც ვერ ექნება ვერავითარი ეფექტი.
„ეს არის იმის გაგრძელება, რაც ჩვენ ვიხილეთ ევროპარლამენტის რეზოლუციის სახით. ჩვენთვის ყველა უსამართლო რეზოლუციას, განცხადებას აქვს ჩალის ფასი, ეს ძალიან მკაფიოდ უნდა ითქვას. ეს არის საარჩევნო პროცესებში გარე ჩარევის მცდელობა, თუმცა ამ გარე ჩარევას ვერ ექნება ვერავითარი ეფექტი. თავისთავად, სამწუხაროა ის, რომ გერმანიის ბუნდესტაგი, რომელიც ჩემთვის ყოველთვის იყო ძალიან პატივსაცემი ინსტიტუცია, დღეს ჩართეს საარჩევნო პროცესში საქართველოში. ეს არ არის უბრალოდ სწორი, თუმცა კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ასეთ აქტებს ვერ ექნება ვერავითარი გავლენა საქართველოში არჩევნების შედეგებზე. ქართული საზოგადოება არის საკმარისად გამოცდილი იმისათვის, რომ თავად, დამოუკიდებლად მიიღოს საკუთარი გადაწყვეტილება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.