ჟურნალისტისა და ანალიტიკოსის, ლალი მოროშკინას აზრით, „ქართულმა ოცნებამ“ რადიკალური ოპოზიცია პატიმარი ექსპრეზიდენტის – მიხეილ სააკაშვილის და მოქმედი პრეზიდენტის – სალომე ზურაბიშვილის დახმარებით გაანადგურა. ოპოზიციას 26 ოქტომბრის არჩევნებზე ხმას მხოლოდ საკუთარი ოჯახის წევრები თუ მისცემენ.
ლალი მოროშკინა ქართულ პოლიტიკაში არსებულ დიდ გარიგებაზე საუბრობს. მისი აზრით, გახარიაც, სააკაშვილიცა და სალომე ზურაბიშვილიც ამ გარიგების მონაწილეები არიან.
„ოპოზიციურ ფლანგზე რაც ხდება, ყველაფერი თამაშია „ოცნების“ სასარგებლოდ. ხომ ხედავთ, ბოლომდე მიყვანილი ერთობა გახარიამ ჩაშალა. სალომე ზურაბიშვილსაც შეეძლო სააკაშვილის განთავისუფლება, მაგრამ ეს ნაბიჯი არ გადადგა. თავის ცხოვრებაში არ ყოფილა პრინციპული და რაღა ამ შემთხვევაში იყო?! კონსტიტუცია რომ არღვევს და წინ და უკან დადის, ესეც უარყოფითად მუშაობს ოპოზიციაზე და კარგია „ოცნებისთვის“, – აცხადებს ლალი მოროშკინა გაზეთ “ასავალ-დასავალთან” ინტერვიუში.