რუსეთმა ღამით უკრაინის მიმართულებით 68 დრონი გაუშვა, რომელთაგან 31 უკრაინის საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალები ავრცელებს.
ამას გარდა, საოკუპაციო ძალებმა გაუშვეს ოთხი რაკეტა ყირიმიდან და კურსკის ოლქიდან, მათ შორის ისკანდერი.
უკრაინის საჰაერო თავდაცვის ცნობით, საჰაერო თავდაცვა მუშაობდა ღამით კიევის, პოლტავის, ჩერნიგოვის, სუმისა და ჩერკასის ოლქებში.
საჰაერო ძალების განცხადებით, კიდევ 36 უპილოტო საფრენი აპარატის ადგილმდებარეობა უკრაინის სხვადასხვა რეგიონებში დაიკარგა. მანამდე უკრაინის საჰაერო ძალებში აღნიშნავდნენ, რომ რუსეთის ძალები ირანული წარმოების „შაჰედის“ ტიპის დრონების გარდა, სულ უფრო ხშირად იყენებენ დაუდგენელი ტიპის დრონებს, რომლებიც უკრაინული რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებების მოქმედების შედეგად ვარდებიან.