ჯოკოვიჩი: დადგა დრო, როცა აღარ შემიძლია მუდმივად „დიდ სლემის“ ტურნირების მოგება და მაღალი დონის შენარჩუნება
სერბმა ჩოგბურთელმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა შანხაის „მასტერსის“ ფინალში იტალიელ იანიკ სინერთან წაგების შემდეგ მიმდინარე სეზონში ნაჩვენებ შედეგებზე ილაპარაკა.
კითხვაზე – რა შედეგებს ელოდა 2024 წლის სეზონში და არის თუ არა კმაყოფილი ამ მომენტისთვის თავისი მიღწევებით, ჯოკოვიჩმა შემდეგნაირად უპასუხა:
„ეს სეზონი ერთ-ერთი ყველაზე ცუდი იყო ჩემს კარიერაში შედეგების თვალსაზრისით. დადგა დრო, როცა მე აღარ შემიძლია, მოვიგო „დიდი სლემის“ ტურნირები და მუდმივად შევინარჩუნო უმაღლესი დონე.
და ეს ნორმალურია. მე კმაყოფილი ვარ ოლიმპიადაზე მოპოვებული ოქროთი. ეს იყო წელს მთავარი მიზანი. რა თქმა უნდა, მინდოდა „დიდი სლემის“ თუნდაც ერთი ტიტულის მოგება, მაგრამ ეს ნორმალურია… ეს არის სეზონი, რომელიც, უბრალოდ, უნდა მივიღო და მე ძალიან კმაყოფილი ვარ იმით, რასაც კარიერაში მივაღწიე. უბრალოდ, დავაკვირდები, რას მომიტანს შემდეგი გამოწვევები“.
ნოვაკ ჯოკოვიჩმა შანხაიში ვერ შეძლო კარიერაში მე-100 ტიტულის მოპოვება. სინერმა ორ სეტში – 7:6(4), 6:3 დაამარცხა „დიდ სლემის“ ტურნირების 24-გზის ჩემპიონი. ბოლო 11 თვეში ეს ჩოგბურთელები მეხუთედ შეხვდნენ ერთმანეთს და სინერმა მეოთხედ მოიგო. იტალიელის ანგარიშზე ზედიზედ სამი მოგებაა სერბის წინააღმდეგ, რაც ბოლოს რაფაელ ნადალმა შეძლო 2013 წელს.
აღსანიშნავია, რომ სინერი გახდა პირველი ჩოგბურთელი პროფესიულ ტურში, რომელმაც ზედიზედ ორ მატჩში არ მისცა ჯოკოვიჩს არც ერთი ბრეიკ-პოინტის შანსი.