leaderboard_below_slide
left_sabechdi

პუტინმა სახელმწიფო დუმას რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის პარტნიორობის შეთანხმების რატიფიკაციის პროექტი წარუდგინა

კრემლის ლიდერმა ვლადიმერ პუტინმა სახელმწიფო დუმას წარუდგინა კანონპროექტი ჩრდილოეთ კორეასთან სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების რატიფიცირების შესახებ. ამის შესახებ რუსული მედია იუწყება.

„პუტინმა სახელმწიფო დუმას წარუდგინა პროექტი რუსეთის ფედერაციასა და ჩრდილოეთ კორეას შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულების რატიფიკაციის შესახებ, რომელიც ფხენიანში 2024 წლის 19 ივნისს გაფორმდა“, – წერს RIA Novosti.

რას ითვალისწინებს ორ ქვეყანას შორის გაფორმებული შეთანხმება?

„ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას“ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა მიმდინარე წლის 19 ივნისს მოაწერეს ხელი, როდესაც პუტინი  ფხენიანში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა.

ხელშეკრულების მეოთხე მუხლი ადგენს, რომ თუ ერთ-ერთი მხარე სხვა სახელმწიფოს, ან რამდენიმე ქვეყნის მხრიდან შეიარაღებული თავდასხმის საფრთხის ქვეშაა და აღმოჩნდება საომარ მდგომარეობაში, მაშინ მეორე მონაწილე დაუყოვნებლივ გაუწევს სამხედრო და სხვა სახის დახმარებას ყველა არსებული საშუალებით. ეს გათვალისწინებულია გაეროს წესდების 51-ე მუხლით და რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის კანონმდებლობით.

გარდა ამისა, მერვე მუხლის მიხედვით, მხარეები ქმნიან მექანიზმებს ერთობლივი საქმიანობისთვის, რათა გააძლიერონ თავდაცვის შესაძლებლობები ომის თავიდან აცილების, ასევე რეგიონული და საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

ახალი შეთანხმება ძალაში შევა რატიფიკაციის სიგელების გაცვლის დღიდან და იმოქმედებს შეუზღუდავი ვადით.

ასევე იხილეთ