აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა დავით ფაცაციამ, პირველ მოადგილე გურამ მისაბვიშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სენაკში, საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას 80 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა.
„სენაკში, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, პატივი მივაგეთ საქართველოს პირველი ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას ხსოვნას, რომელსაც 7 მარტს, 80 წელი შეუსრულდებოდა.
ჟიული შარტავა იყო ადამიანი, რომელმაც მთელი თავისი ადამიანური, ინტელექტუალური და სამსახურებრივი რესურსი მოახმარა ჩვენი სამშობლოს ერთიანობის განმტკიცებას. ის არის და ყოველთვის იქნება სიმბოლო საქართველოს დიდების, სიმაგრისა და მთელი თავისი ცხოვრებით ღირსების მაგალითი მომავალი თაობებისთვის.
მეამაყება, რომ ვცხოვრობ იმ ეპოქაში, როდესაც ჟიული შარტავა და მისი თანამებრძოლები ცხოვრობდნენ და იდგნენ საქართველოს ერთიანობისა და თავისუფლების სადარაჯოზე. მჯერა, რომ ერთობლივად დავიცავთ იმ ღირებულებებს, რისთვისაც ჟიული შარტავამ გაწირა სიცოცხლე და მალე აფხაზებთან ერთად აღვადგენთ ჩვენს ისტორიულ ერთობას.
დიდება სამშობლოსთვის თავდადებულ გმირს!“ – განაცხადა დავით ფაცაციამ.