ალექსანდრე კობაიძე: სრული პასუხისმგებლობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნები იქნება თავისუფალი, დემოკრატიული, სამართლიანი!

„ჩვენ სრულად შევისწავლეთ არსებული საარჩევნო სისტემა, გავეცანით ტექნოლოგიებს, რომელიც უზრუნველყოფენ არჩევნების ჩატარებას და სრული პასუხისმგებლობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნები იქნება თავისუფალი, დემოკრატიული, სამართლიანი და დაცული იქნება თითოეული მოქალაქის ხმა”, – ამის შესახებ არასამთავრობო კოალიციათა გაერთიანების ხელმძღვანელმა და იურისტმა ალექსანდრე კობაიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, არჩევნების ელექტრონული სისტემით ჩატარება იძლევა იმის გარანტიას, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩაივლის მშვიდ, თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში, სადაც თითოეული მოქალაქის ხმა იქნება დაცული და უზრუნველყოფილი.

„მოგახსენებთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია, რომლის შემადგენლობაშიც შედის რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, აკვირდება როგორც მიმდინარე წინასაარჩევნო პროცესებს, ასევე შეაფასებს არჩევნების დღისა და შემდგომი პერიოდის მოვლენებს.

სრულად გვაქვს გაცნობიერებული არასამთავრობო ორგანიზაციების როლი ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში, შესაბამისად, ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობა, ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანი იქნება.

ჩვენი დამკვირვებლები, არჩევნების დღეს, თბილისსა და რეგიონებში იქნებიან წარმოდგენილნი საარჩევნო უბნებზე, დააკვირდებიან არჩევნების მიმდინარეობას, შესაბამისად, გვექნება შესაძლებლობა, რომ საზოგადოებას წარვუდგინოთ სრულყოფილი, სამართლიანი, დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და ობიექტური ანგარიში.

როგორც მოგეხსენებათ, წელს პირველად, საქართველოს საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება სრულად პროპორციული სისტემით. ბოლო არჩევნების შემდეგ, ეუთო ოდირის რეკომენდაციების შესაბამისად, საარჩევნო კოდექსში შევიდა ცვლილებები, რომლის შედეგადაც კიდევ უფრო დაიხვეწა, მოწესრიგდა და სრულყოფილი გახდა კანონმდებლობა, რომელიც იძლევა შესაძლებლობას, რომ ჩატარდეს თავისუფალი დემოკრატიული და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი არჩევნები. აგრეთვე მისასალმებელია, რომ არჩევნები ჩატარდება ელექტრონული სისტემით, რაც გვაძლევს იმის გარანტიას, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩაივლის მშვიდ, თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში, სადაც თითოეული მოქალაქის ხმა იქნება დაცული და უზრუნველყოფილი.

რაც შეეხება უშუალოდ მიმდინარე პროცესს, მიგვაჩნია, რომ წინასაარჩევნო პერიოდი მიმდინარეობს მშვიდ და დემოკრატიულ გარემოში, პოლიტიკურ სუბიექტებს ეძლევათ შესაძლებლობა, თავისი საარჩევნო კამპანია აწარმოონ დაუბრკოლებლად, რაიმე მნიშვნელოვანი დარღვევა, რომელმაც, შესაძლოა, გავლენა მოახდინოს არჩევნების სამართლიან და დემოკრატიულ გარემოში ჩატარებაზე, არ შეინიშნება.

აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელსაც მორგებული აქვს ნეიტრალური ორგანიზაციის სტატუსი, ცდილობს მოახდინოს მიმდინარე წინასაარჩევნო პროცესების მიზანმიმართული დისკრედიტაცია, ავრცელებენ ცრუ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მოწყობილობები, რომლითაც ტარდება მომავალი საპარლამენტო არჩევნები, თითქოსდა ვერ უზრუნველყოფენ ხმის მიცემის პროცედურის საიდუმლოობის დაცვას.

აგრეთვე წინასწარ შემუშავებული გეგმით, მიზნად აქვთ დასახული 2024 წლის საქართველოს საპარლამენტო არჩევნების იმგვარი შეფასება, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს არჩევნების ლეგიტიმაციას.

ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ამგვარი ქმედება სცდება კანონით მინიჭებულ ლეგიტიმურ ზღვარს და სცილდება სამართლიანობის ობიექტურობისა და მიუკერძოებლობის პრინციპებს. შესაბამისად, მათი ქმედებები მიზანმიმართულ ზიანს აყენებს სახელმწიფოს და ეწინააღმდეგება ქვეყნის ინტერესებს.

ჩვენ სრულად შევისწავლეთ არსებული საარჩევნო სისტემა, გავეცანით ტექნოლოგიებს, რომელიც უზრუნველყოფენ არჩევნების ჩატარებას და სრული პასუხისმგებლობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნები იქნება თავისუფალი, დემოკრატიული, სამართლიანი და დაცული იქნება თითოეული მოქალაქის ხმა”, – განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ.

ასევე იხილეთ