ბიძინა ივანიშვილი: უნდა გვახსოვდეს, რომ თუ ოთხ ფლანგად გაშლილმა რადიკალურმა ოპოზიციამ როგორმე მოახერხა საზოგადოების შეცდომაში შეყვანა და ძალაუფლების ხელში ჩაგდება, წლების ნაშენები ქვეყანა, ყველა რეიტინგი და ყველა პროგნოზი რამდენიმე წუთში გაქრება
ქალაქ ბათუმში აღვნიშნე და თქვენც მინდა იგივე გითხრათ, ჩემო მეგრელებო და სვანებო – არ გვექნებოდა არანაირი ხელშესახები პროგრესი, რომ არა უწყვეტი მშვიდობა, რომელსაც დიდი ძალისხმევის შედეგად ვინარჩუნებთ. ასევე არ გვექნებოდა არანაირი პროგრესი, რომ არა თქვენი ურყევი და მტკიცე მხარდაჭერა, რომ არა ნდობა, რომელსაც ჩვენი გუნდი უპირობოდ ამართლებს ყველა მიმართულებით, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ზუგდიდში, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გასვლით ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ქვეყნის მიღწევები და სამომავლო, უაღრესად საიმედო პროგნოზები „ქართული ოცნების“ გუნდის დაუღალავი მუშაობის შედეგია. მისივე თქმით, თუ ოთხ ფლანგად გაშლილმა რადიკალურმა ოპოზიციამ როგორმე მოახერხა საზოგადოების შეცდომაში შეყვანა და ძალაუფლების ხელში ჩაგდება, წლების ნაშენები ქვეყანა, ყველა რეიტინგი და ყველა პროგნოზი რამდენიმე წუთში გაქრება.
„12 წლის მანძილზე, არაერთი გამოწვევის პარალელურად, მუდმივად ვაუმჯობესებდით მართვის მეთოდებს, გვყავს პროფესიონალი საჯარო მოხელეების მთელი არმია, წარმატებული მენეჯერები, სამშობლოს და ქვეყნის ერთგული ლიდერები… კონკრეტულად ამ ადამიანებმა უზრუნველყვეს საქართველოს ხელშესახები პროგრესი. ქვეყნის მართვის თითქმის უშეცდომო და სწორმა მენეჯმენტმა გაგვიყვანა შედეგებზე, რომელსაც თითოეული ჩვენი მოქალაქე საკუთარ თავზე გრძნობს. ჩვენ არ დავუშვით, არავის ვაპატიეთ ქვეყანაში კორუფციის, ნეპოტიზმისა და პიროვნული სარგებლის მიღების იოტისოდენა ფაქტები, რამაც, როგორც ხედავთ, ხელისუფლებაში ყოფნიდან 12 წლის თავზე კონკრეტული შედეგები გამოიღო და ამ შედეგებს ავტორიტეტული სარეიტინგო ორგანიზაციები ადასტურებენ. ამ საიმედო მოცემულობის პარალელურად – უნდა გვახსოვდეს, რომ თუ ოთხ ფლანგად გაშლილმა რადიკალურმა ოპოზიციამ როგორმე მოახერხა საზოგადოების შეცდომაში შეყვანა და ძალაუფლების ხელში ჩაგდება, წლების ნაშენები ქვეყანა, ყველა რეიტინგი და ყველა პროგნოზი რამდენიმე წუთში გაქრება. თუ დანის პირზე სწორად არ გავიარეთ, მშვიდობას ომი და ნგრევა, ჩიტების ჭიკჭიკის ხმას კი ბომბების წვიმა და ტყვიების ზუზუნი ჩაანაცვლებს“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.