leaderboard_below_slide
left_sabechdi

დავით ქართველიშვილი: სალომე ზურაბიშვილს აქვს დიდი შანსი იგივე დასასრული იგემოს ქართული მართლმსაჯულების და საზოგადოების მხრიდან, რაც მის ერთ-ერთ წინამორბედ, „ნაცების“ პირველ პრეზიდენტს ერგო

„ზურაბიშვილმა და მისი მფარველობის ქვეშ შექმნილმა ძალებმა თავის გადარჩენაზე უნდა იფიქრონ, რადგან აუცილებლად დადგება მათი კონსტიტუციის წინაშე ანგარიშგების საკითხი, ოღონდ უკვე პოლიტიკურ დონეზე,“ – განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა.

მისივე თქმით, „ნაცმოძრაობა“ და მისი მსგავსი პოლიტიკური პარტიები საქართველოში კანონგარეშედ უნდა გამოცხადდნენ.

„მსურს პარალელი გავავლო „ნაცების“ პირველ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და მესამე პრეზიდენტ ზურაბიშვილს შორის. 2021 წელს, სანამ სააკაშვილს კონტრაბანდულად შემოაგზავნიდნენ საქართველოში, უკრაინის სახელმწიფო შენობა ე.წ. „მარტივი გადაწყვეტილების ოფისი“, რომელსაც სააკაშვილი ხელმძღვანელობდა, სულაც არ იყო უკრაინაში განსახორციელებელი რეფორმებით დაკავებული. ეს ოფისი გადაქცეული იყო რევოლუციური კომიტეტის თავშეყრის ადგილად, სადაც თბილისიდან ტრენინგებზე და სხვადასხვა ინსტრუქციის მისაღებად ჩადიოდნენ ახალგაზრდები და „ნაცმოძრაობის“ ლიდერშიპის წარმომადგენლები, მათ შორის ნიკანორ მელია. ამ ოფისმა და მისმა ხელმძღვანელმა სააკაშვილმა, საქმიანობა ცუდად დაამთავრა. სალომე ზურაბიშვილმა ანალოგიურ რევოლუციურ კომიტეტად გადააქცია პრეზიდენტის სასახლე, სადაც სახელმწიფო გადატრიალებასთან დაკავშირებული შეხვედრები იმართება. მუშაობენ სხვადასხვა სქემებზე და მსჯელობენ ტექნიკურ მთავრობაზე და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატურებზე. სალომე ზურაბიშვილს აქვს დიდი შანსი იგივე დასასრული იგემოს ქართული მართლმსაჯულების და საზოგადოების მხრიდან, რაც ერგო მის ერთ-ერთ წინამორბედ, ნაცების პირველ პრეზიდენტს. ზურაბიშვილი ამაზე უნდა დაფიქრდეს. მის ანტიკონსტიტუციურ, უკანონო გადაწყვეტილებებს ხორცშესხმა არ უწერია. ის სახიფათო მდგომარეობაში იგდებს თავს, რადგან ანტიკონსტიტუციური საქმიანობა სისხლის სამართლის კოდექსით ისჯება. ზურაბიშვილმა და მისი მფარველობის ქვეშ შექმნილმა ძალებმა თავის გადარჩენაზე უნდა იფიქრონ, რადგან აუცილებლად დადგება მათი კონსტიტუციის წინაშე ანგარიშგების საკითხი, ოღონდ უკვე პოლიტიკურ დონეზე. „ნაცმოძრაობა“ და მისი მსგავსი პოლიტიკური პარტიები საქართველოში უნდა გამოცხადდნენ კანონგარეშედ“, – განაცხადა დავით ქართველიშვილმა.

ასევე იხილეთ