ლევან მაჭავარიანი: ქალბატონი დეკანოიძე და ბატონი უგულავა დაკავებულები არიან სამღებრო სამუშაოებით და ძალიან ნიშანდობლივია, რომ წაშალეს წარწერა „არა ომს“
მმართველ პარტიაში „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მიერ „ქართული ოცნების“ საარჩევნო ბანერის დაზიანებას ეხმაურებიან. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი მიიჩნევს, რომ ამით რადიკალური ოპოზიციის განზრახვები კიდევ ერთხელ გამოაშკარავდა.
„ქალბატონი დეკანოიძე და ბატონი უგულავა დაკავებულები არიან სამღებრო სამუშაოებით და ძალიან ნიშანდობლივია, რომ კიდევ ერთხელ მოახდინეს თავიანთი პოზიციის ლუსტრირება, როდესაც წაშალეს წარწერა „არა ომს“, იქიდან გამომდინარე, რომ ვხედავთ 2,5 წლის განმავლობაში მათგან, მათი თანაგუნდელებისგან და მთლიანად რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებისგან, რომ მათ საქართველოს ომში ჩათრევა უნდათ. ბატონი უგულავასგან (შესაბამისი განცხადებები) პირდაპირ ეთერში მოვისმინეთ, ძალიან ემოციურად გამოდიოდა ამ თემასთან დაკავშირებით“, – აცხადებს მაჭავარიანი.
ხატია დეკანოიძემ და გიგი უგულავამ ქუთაისში მმართველი პარტიის ბანერი დააზიანეს, კანონდარღვევის ფაქტის ამსახველი ვიდეოკადრები კი თავადვე გაავრცელეს. მათ ბანერზე განთავსებული წარწერა „არა ომს“ შეღებეს.