პენტაგონი: აშშ უკრაინას რაკეტების ჩამოგდებაში არ დაეხმარება, როგორც ამას ისრაელის შემთხვევაში აკეთებს
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის სპიკერის მოადგილემ საბრინა სინგჰმა განაცხადა, რომ ამერიკა არ განალაგებს უკრაინასთან ახლოს ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა THAAD-ს და არ ჩამოაგდებს რუსეთიდან გაშვებულ რაკეტებს.
სპიკერს კითხვა დაუსვეს, თუ რატომ იცავს ამერიკა ისრაელს ირანული ბალისტიკური რაკეტებისგან და იმავეს არ აკეთებს უკრაინის შემთხვევაში, რაზეც პენტაგონის წარმომადგენელმა თქვა, რომ ომები უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში ერთმანეთისგან განსხვავდება.
„ეს სხვადასხვა ომებია, სხვადასხვა რეგიონებია და ვალდებულებები ისრაელისა და უკრაინის წინაშე განსხვავებულია“, – თქვა სინგჰმა.
ამასთან ერთად, მან დასძინა, რომ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი ეხმარება, როგორც ისრაელს, ასევე უკრაინას, რათა მათი მოთხოვნილებები დააკმაყოფილოს.