leaderboard_below_slide

დავით ქართველიშვილი 2008 წლის ომამდე განვითარებულ მოვლენებზე: გაუგონარი დანაშაულის და ღალატის ორგანიზატორები, მონაწილენი, თვითმხილველები და დაზარალებულები – დღეს საქართველოში არიან და დასაკითხ მოწმეთა ბაზას წარმოადგენენ

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის დროს საქართველოში განვითარებულ მოვლენებს იხსენებს, რამაც 2008 წლის ომი გამოიწვია.

ექსპერტი წერს, რომ 2004 წლის ზაფხულამდე თბილისსა და ცხინვალს შორის მშვიდი ვითარება იყო, ყველაფერი კი მას შემდეგ დაიძაბა, რაც 2004 წლის 27 მაისს, დსთ-ს საკითხებში აღმასრულებელი მდივანი, ვლადიმერ რუშაილო ვანო მერაბიშვილთან შესახვედრად საქართველოში ჩამოვიდა.

ანალიტიკოსის თქმით, რუშაილოს მოსკოვში დაბრუნების შემდეგ, 31 მაისს, ოქრუაშვილის მეთაურობით ცხინვალში დამატებითი პოლიციური დანაყოფები შევიდნენ.

დავით ქართველიშვილი წერს, რომ 2004 წელს, დამატებითი პოლიციური დანაყოფების ცხინვალში მობილიზებით, ქართულმა მხარემ დაგომისის ხელშეკრულება დაარღვია,  როგორც შემდეგ,  2006 წელს სოჭთან მიმართებით, რამაც რუსეთი საერთაშორისოდ აღებული ვალდებულებებისგან გაათავისუფლა.

ქართველიშვილი აღნიშნავს, რომ ამ დანაშაულების ჩამდენები, ორგანიზატორები და თვითმხილველები აუცილებლად უნდა გამოიკითხონ, რადგან სხვაგვარად  შეუძლებელია 2008 წლის ომის გამოძიება.

„ადგილობრივები შემისწორებენ და ჩემზე უკეთ აღწერენ 2004 წლის ზაფხულამდე თბილისსა და ცხინვალს შორის არსებულ ვითარებას. გორიდან სამაჩაბლოს გავლით, ვლადიკავკაზის მიმართულებით დადიოდა სამარშრუტო მიკროავტობუსი, ცხინვალის ავტოსადგურიდან ლილოს ბაზრობამდე სარეისო ავტობუსს ჩაჰყავდა მგზავრები, ერგნეთის ბაზრობა აერთიანებდა ქართველებისა და ოსების საერთო ბიზნეს-ინტერესებს, თბილისელები ცხინვალის გავლით დადიოდნენ ონის რაიონში, ერთობლივი ქორწილები თუ ქელეხები ტარდებოდა სამაჩაბლოს მთელ ტერიტორიაზე, ყოველგვარი ექსცესების გარეშე.

ამ საბედისწერო, ორმხრივად დაშვებული შეცდომების გააზრებასა და აღმოფხვრას, რომლებსაც ჩვენს შორის საფუძველი ჩაეყარა 1989 წლის შემოდგომას – წლები დასჭირდა საყოფაცხოვრებო დონეზე ვითარების დასარეგულირებლად. ვის ყელში გაეჩხირა ეს დე-ფაქტო აწყობილი ურთიერთობები – სწორედ, ხელისუფლების მიერ დაანონსებული საპარლამენტო-საგამოძიებო კომისიის გამოსაკვლევი უნდა გახდეს.

ჩვენ ხელთ გვაქვს მხოლოდ მშრალი ფაქტები: 2004 წლის 27 მაისს, თბილისში სამდღიანი ვიზიტით ჩამოდის დსთ-ს საკითხებში აღმასრულებელი მდივანი, ФСБ-ს გენერალ-პოლკოვნიკი ვლადიმერ რუშაილო. საქართველოში მისი ძირითადი მასპინძელია უშიშროების საბჭოს მდივანი ვანო მერაბიშვილი. დედაქალაქში ვიზიტის სამივე დღეს ისინი საკმაოდ მხიარულად ატარებენ და რაღაც შეთანხმებებს აწერენ ხელს – კონკრეტულად რას, დაზუსტებით ვერ გეტყვით.

ფაქტი კი ჯიუტია, მოსკოვში რუშაილოს დაბრუნებიდან მეორე დღეს, 31 მაისს, ოქრუაშვილის მეთაურობით, ცხინვალის რეგიონში შედიან დამატებითი პოლიციური დანაყოფები და მძიმე ტექნიკა. ამით თბილისმა, ისევე როგორც შემდგომში (2006 წელი) მოსკოვის ხელშეკრულება, ამჯერად უხეშად და დემონსტრაციულად დაარღვია დაგომისის შეთანხმებები, რითაც გაუხსნა მოსკოვს ხელ-ფეხი საერთაშორისოდ აღიარებული ვალდებულებების გათვალისწინებისგან, ამჯერად ცხინვალთან, ხოლო 2006 წლიდან – სოხუმთან მიმართებით.

2004 წლის თითქოსდა უნიჭოდ და უაზროდ ჩატარებული სპეცოპერაციის ძირითადი შედეგი კი გამანადგურებელი იყო საქართველოსთვის: დაიღუპა ათობით ჩვენი პოლიციელი; ქვეყანამ იხილა ცხინვალის ცენტრში დატყვევებული, დაჩოქილი და შეურაცხყოფილი ქართველი პოლიციელები; ადგილობრივი მშვიდობიანი მოსახლეობის რიგებში მსხვერპლის შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია დღემდე არ გაგვაჩნია; დაიხურა ქართველებისა და ოსების საერთო ინტერესების გამაერთიანებელი ერგნეთის ბაზრობა.

ეს ყველაფერი კი დაგვირგვინდა 5 ნოემბერს, სოჭში, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შუამდგომლობით, ზურაბ ჟვანიასა და ედუარდ კოკოითს შორის ხელმოწერილი „სამხრეთ ოსეთის დემილიტარიზაციის“ ხელშეკრულებით. დოკუმენტით – რომელმაც კვლავ ჩაუკეტა ცხინვალი ქართველებს, და რომელზეც ხელმომწერი კოკოითი პირველად იქნა აღიარებული ქართული მხარის მიერ „დე-იურე“ პრეზიდენტად.

ამ გაუგონარი დანაშაულის და ღალატის ორგანიზატორები, ჩამდენი პირები, მონაწილენი, თვითმხილველები და დაზარალებულები – დღეს ადგილზე არიან, საქართველოში, და დასაკითხ მოწმეთა ბაზას წარმოადგენენ. ჩვენი უახლოესი ისტორიის ამ შავი ეპიზოდის განხილვის გარეშე, 2008 წლის დანაშაულის გამოძიება კი არასრული იქნებოდა…“ – აღნიშნავს დავით ქართველიშვილი.

 

ასევე იხილეთ