leaderboard_below_slide
left_sabechdi

კობა კობალაძემ თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს „TIKA“-ს თბილისის ოფისის ახალ ხელმძღვანელს, ზეინაფ ბაირაქს უმასპინძლა

მიმდინარე წლის 15 ოქტომბერს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს „TIKA“-ს თბილისის ოფისის ახალ ხელმძღვანელთან, ზეინაფ ბაირაქთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

კობა კობალაძემ ისაუბრა იმ ნაყოფიერ თანამშრომლობაზე, რომელიც სამსახურს, წლების განმავლობაში „TIKA“-სთან აკავშირებს; განსაკუთრებით გაესვა ხაზი ორგანიზაციის მხარდაჭერით განხორციელებულ იმ წარმატებულ პროექტებს, რომლებიც სოფლის მეურნეობაში, კერძოდ, მეფუტკრეობაში ჩართული ვეტერანი ფერმერებისთვის მნიშვნელოვანი თანადგომა იყო. სამსახურის ხელმძღვანელმა მადლიერება გამოხატა TIKA-ს ყოფილი ხელმძღვანელების მიმართ და იმედი გამოთქვა, რომ ახალი ხელმძღვანელი ორგანიზაციასთან თანამშრომლობას კიდევ უფრო გააღრმავებს და არაერთ ერთობლივ პროექტს განახორციელებს.

ზეინაფ ბაირაქმა კობა კობალაძეს გულთბილი მიღებისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოსთვის და პირადად მისთვის, განსაკუთრებული პატივია ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურთან თანამშრომლობა, რადგან მათ ეძლევათ შესაძლებლობა, თანადგომა გამოხატონ იმ ადამიანების მიმართ, ვინც თავის სამშობლოს ერთგულად ემსახურა.

„ჩვენი ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირები იცვლებიან, მაგრამ უცვლელი რჩება თქვენთან თანამშრომლობა, რომელიც აუცილებლად გაღრმავდება“, – განაცხადა ზეინაფ ბაირაქმა.

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს „TIKA“-ს თბილისის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე მუჰამედ ემრე ეზბერი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილეები ჯანდრი უბირია და მირონ ჩიგოგიძე.

ასევე იხილეთ