თამარ ჩიბურდანიძე: კასრების კადრები უნდა ეჩვენებინათ არა მარტო ქართველებისთვის, არამედ მსოფლიოსთვის და ნახავდა ყველა, თუ ვის უჭერს მხარს დღეს დასავლეთი
„სააკაშვილის ხელისუფლებას რომ ხალხს დაუსვამ და მერე კიდე იბრძოლებ იგივე პოლიტიკური გუნდის დასაბრუნებლად, ეს არათუ პარტნიორობა, არამედ მტრობაა ჩვენი ქვეყნის“, – წერს პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, ჟურნალისტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დიდი ნაწილი, რომელთაც ნაცმოძრაობის რეჟიმის სისასტიკის ამსახველი კადრები ნანახი აქვთ, დღეს ისევ იმ რეჟიმის მხარეს დგანან, რადგან ისინი არ გასამართლებულან.
თამარ ჩიბურდანიძე აღნიშნავს, რომ ის ზეწოლა, რომელიც ახლა საქართველოზე ხორციელდება დასავლეთის მხრიდან, ყველანაირი თანამშრომლობის ჩარჩოს სცდება. მისი განმარტებით, წინასაარჩევნო პერიოდში, დასავლელი პარტნიორების მხრიდან შანტაჟმა და მუქარამ დასავლეთის ყალბი დემოკრატია გააშიშვლა და რეალობა დაგვანახა.
„ჟურნალისტების და არასამთავრობო ორგანიზაციების დიდ ნაწილს ნანახი აქვს ის შემზარავი კადრები, რომელიც სააკაშვილის რეჟიმის ქრონიკებს ასახავს. დღეს კი მათი ნაწილი ისევ იმ სასტიკი რეჟიმის მესვეურებთან დგანან და იცით რატომ? იმიტომ, რომ ის რეჟიმი არ გასამართლებულა. არც იმ გუნდის ხელისუფლებაში მოყვანისთვის მოგვითხოვია პასუხი ჩვენი უცხოელი მეგობრისთვის.
სააკაშვილის ხელისუფლებას რომ ხალხს დაუსვამ და მერე კიდე იბრძოლებ იგივე პოლიტიკური გუნდის დასაბრუნებლად, ეს არათუ პარტნიორობა, არამედ მტრობაა ჩვენი ქვეყნის. ის არნახული ზეწოლა, რასაც დღეს საქართველოს ხელისუფლება განიცდის უცხოეთიდან, ცდება პოლიტიკური, დიპლომატიური და ყველანაირი თანამშრომლობის ჩარჩოს. პირდაპირი ჩარევა ქვეყნის შიდა საქმეებში და შანტაჟის ენა წინასაარჩევნოდ – ასეთი დემოკრატიით ამაყობს ბაიდენის ადმინისტრაცია და თანამედროვე ევროპა? საქართველოში მიმდინარე მოვლენებმა გააშიშვლა მათი ყალბი დემოკრატია და დაგვანახა ის რეალობა, რასაც აქამდე კარგად ფუთავდნენ.
დღეს, როდესაც უცხო ქვეყნის ელჩები ზედმიწევნით აკეთებენ ამერიკიდან მითითებულ განცხადებებს, ვბრაზობ იმაზე, რომ ის შემზარავი კადრები არ ნახა ხალხმა. კასრების კადრები უნდა ეჩვენებინათ არა მარტო ქართველებისთვის, არამედ მსოფლიოსთვის და ნახავდა ყველა, თუ ვის უჭერს მხარს დღეს დასავლეთი“, – წერს თამარ ჩიბურდანიძე სოციალურ ქსელში.