დავით ფაცაცია სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის დევნილთა განსახლების ადგილებში შექმნილ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების წარმომადგენლებს შეხვდა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, პირველ მოადგილე გურამ მისაბიშვილთან, სამინისტროსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სენაკის, ჩხოროწყუს, მარტვილის, აბაშისა და ხობის მუნიციპალიტეტების დევნილთა განსახლების ადგილებში შექმნილ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრის მონაწილეებმა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მდებარე დევნილთა განსახლების ადგილების ინფრასტრუქტურული მოწესრიგებისა და იქ მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი მოქალაქეების წინაშე მდგარი გამოწვევების შესახებ ისაუბრეს.
დავით ფაცაციამ აფხაზეთიდან დევნილ მოქალაქეებს გააცნო ინფორმაცია სამინისტროს მიერ დევნილთა განსახლების ადგილებში, ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობით უკვე განხორციელებულ პროგრამებსა და მიმდინარე ეტაპზე დაგეგმილ პროექტებზე.
„აფხაზეთიდან დევნილ მოქალაქეებთან სისტემატური კომუნიკაცია, მათი საჭიროებების ადგილზე გაცნობა და გადაჭრის გზებზე ერთობლივი მუშაობა, ძალიან მნიშვნელოვანია ქმედითი და ეფექტური პროექტების განხორციელებისათვის. სწორედ ამ მიზნით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ვხვდებით სხვადასხვა რეგიონების ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებს. მიღებული ინფორმაციების გათვალისწინებით კი, აფხაზეთიდან დევნილთა საჭიროების შესაბამისი არაერთი სოციალური, ინფრასტრუქტურული თუ სხვა სახის პროექტი განვახორციელეთ.
მადლობას ვუხდი სენაკის მუნიციპალიტეტის მერიას, სხვა რეგიონების ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებსა და დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს, რომლებთან აქტიური თანამშრომლობით ვახორციელებთ სხვადასხვა პროექტებს.
ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ აფხაზეთიდან დევნილ მოქალაქეებთან მჭიდრო კომუნიკაციას და დარწმუნებული ვარ მიმდინარე წლის განმავლობაში, ადგილობრივი ხელისუფლების აქტიური ჩართულობით, მოვახერხებთ მთელი ქვეყნის მასშტაბით ძირითადი კრიტიკული საკითხების მოწესრიგებას“, – აცხადებს დავით ფაცაცია.