რუსეთმა უკრაინაში საკმაოდ დიდი ზარალი განიცადა. მაგრამ რუსეთის შეიარაღებული ძალები სწავლობენ, აუმჯობესებენ და იყენებენ ომის გამოცდილებას. ამის შესახებ Der Spiegel-ს ევროპაში NATO-ს ძალების მეთაურმა, ამერიკელმა გენერალმა კრისტოფერ კავოლიმ განუცხადა.
„უკრაინის ომის დასასრულს, როგორც არ უნდა გამოიყურებოდეს ის, რუსული არმია უფრო ძლიერი იქნება, ვიდრე დღეს არის. ეს ძალები ჩვენი ალიანსის საზღვარზე იქნებიან. მათ იგივე ხალხი მეთაურობს, რომელიც უკვე მტრებად აღგვიქვამს და შემდეგ ძალიან გაბრაზდებიან იმით, თუ როგორ დასრულდა ომი. ასე რომ, გვეყოლება მოწინააღმდეგე, რომელსაც აქვს რეალური უნარები, არის მასობრივი და აქვს მკაფიო ზრახვები. ამიტომ ჩვენ მზად უნდა ვიყოთ და გვჭირდება სამხედრო ძალები, რომლებიც წინააღმდეგობის გაწევას შეძლებენ“, – თქვა კავოლიმ.
გენერალმა აღნიშნა, რომ რუსეთი მუდმივ საფრთხეს წარმოადგენს ალიანსისა და უსაფრთხოებისთვის მთელ ევროპაში, რადგან მოსკოვი სულ უფრო მეტად თამაშობს ისეთ მოთამაშეებთან, როგორებიცაა ჩინეთი და ჩრდილოეთ კორეა. ეს მას გლობალურ პრობლემად აქცევს, სრულიად ახალი დინამიკით.
„საფრთხე ძალიან სერიოზულია. მირჩევნია, აღვწერო, რამდენად მწვავეა ის ჩვენთვის. NATO-ს უნდა ჰქონდეს მეტი შესაძლებლობა, ვიდრე ჩვენს მოწინააღმდეგეს. ამიტომ, ჩვენ სწრაფად უნდა შევასრულოთ თავდაცვის გეგმებიდან გამომდინარე მოთხოვნები. როცა ვამბობ სწრაფად, ვგულისხმობ, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ უფრო სწრაფები, ვიდრე რუსები არიან. მხოლოდ ამ გზით შევძლებთ მათ შეკავებას“, – აღნიშნა ევროპაში NATO-ს ძალების მეთაურმა.