კიოტოს უნივერსიტეტის პროფესორი: სათანადოდ უნდა შეაფასოთ ყველა მხრიდან ზეწოლის მნიშვნელობა. ფრთხილად უნდა იმოქმედოთ და გააკეთოთ ის, რაც საუკეთესოა საქართველოსთვის – არ უნდა დაემორჩილოთ ამა თუ იმ ნარატივს

„ერთ-ერთი კარგი რამ, რომლითაც პატარა სახელმწიფოებს შეუძლიათ თამაში, არის ის, რომ მათ ყოველთვის შეუძლიათ თითოეულ მხარეს უთხრან, რომ „ბოდიში, მე მინდა მეტი გავაკეთო თქვენთვის, მაგრამ არ შემიძლია“, – განაცხადა კიოტოს უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, პასკალ ლოტასმა, რომელიც აღნიშნულ უნივერსიტეტში ნეიტრალიტეტის საკითხზე პროგრამას ხელმძღვანელობს.

„იმედის“ სპეციალურ გადაცემაში მას შესაბამისი კითხვით ექსპერტმა, ლაშა კასრაძემ მიმართა. მანამდე კასრაძემ აშშ-ის პოლიტიკაზე ისაუბრა. კერძოდ, მისივე თქმით, ამერიკის შეერთებულ შტატებს რეგიონში არ გააჩნია უსაფრთხოების სასიცოცხლო ინტერესები.

„გვაქვს სამხრეთ კავკასიის რეგიონი, აქ არის ყველა გეოეკონომიკური პროექტი, რომელიც ჩაეშვა 90-იანი წლების დასაწყისში. მოდით, ყველამ ვიშოვოთ ფული, რატომ ვიბრძვით? რა არის სამხრეთ კავკასიაში ისეთი მნიშვნელოვანი, რომ პატარა სახელმწიფოებს რუსეთის წინააღმდეგ უნდა უბიძგო, განსაკუთრებით საქართველოში?

მოდით, ვიყოთ გულწრფელები. არც უკრაინაში და არც საქართველოში ვაშინგტონს არ აქვს სტრატეგიული ეროვნული უსაფრთხოების ინტერესები, როგორიც იაპონიის ან სამხრეთ კორეის შემთხვევაში აქვს. ეს მხოლოდ სტრატეგიული ფუფუნებაა, რომელიც დარჩა ცივი ომის შემდგომ პერიოდში. მე ვიტყოდი, რომ უნიპოლარული სამყარო დაეხმარა ამერიკას ემოქმედა ყოველგვარი კონტროლისა და ბალანსის გარეშე. ასე რომ, ეს ერთგვარი სტრატეგიული ფუფუნებაა, გააკეთო ისე, როგორც გსურს. ასევე უნდა ვაღიაროთ, რომ ამერიკიდან ბევრი კარგი რამ მოდის: ტექნოლოგია, პროგრესი, განვითარება, სიმდიდრის შექმნა მეტ-ნაკლებად, ვგულისხმობ, ნეოლიბერალურ ეკონომიკას ჰქონდა უზარმაზარი პრობლემები და დღეს მას აკრიტიკებენ“, – აღნიშნა კასრაძემ.

იგი მიიჩნევს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ საქართველო რეგიონში ყველაზე ლოიალური სახელმწიფოა. კასრაძე დარწმუნებულია, რომ აშშ-ს საქართველოსთან ურთიერთობის კუთხით იმავეს შენარჩუნება შეუძლებელია და მათ უფრო პრაგმატული გზა უნდა გამონახონ, რადგან საქართველოს სურს დასავლეთი.

პასკალ ლოტასმა პასუხად აღნიშნა, რომ საქართველომ სათანადოდ უნდა შეაფასოს ყველა მხრიდან ზეწოლის მნიშვნელობა:

„თქვენ უნდა გყავდეთ მეგობრები ყველა მხარეს და სათანადოდ უნდა შეაფასოთ ყველა მხრიდან ზეწოლის მნიშვნელობა. ერთ-ერთი კარგი რამ, რომლითაც პატარა სახელმწიფოებს შეუძლიათ თამაში, არის ის, რომ მათ ყოველთვის შეუძლიათ თითოეულ მხარეს უთხრან, რომ „ბოდიში, მე მინდა მეტი გავაკეთო თქვენთვის, მაგრამ არ შემიძლია“.

„ამერიკელებს ეტყვით, რომ სიამოვნებით გააკეთებდით მეტს, მაგრამ არიან რუსები, რომლებიც ზეწოლას ახდენენ და მერე რუსებს ეტყვით, რომ სიამოვნებით გააკეთებდით მეტს, მაგრამ არიან სხვები, რომლებიც ზეწოლას ახდენენ და მუდმივად წარმოაჩენთ თავს დაუცველად.

ფრთხილად უნდა იმოქმედოთ და გააკეთოთ ის, რაც საუკეთესოა საქართველოსთვის და გაარკვიოთ, როგორ მიყიდოთ ეს თქვენს გარშემო მყოფებს რაც შეიძლება ეშმაკურად, საკუთარი ნარატივით. უბრალოდ არ უნდა დაემორჩილოთ ამა თუ იმ ნარატივს. განავითარეთ თქვენი საკუთარი ნარატივი და შემდეგ იმედი ვიქონიოთ, რომ ეს კეთილდღეობა მოვა“, – განაცხადა პასკალ ლოტასმა.

ასევე იხილეთ