წყნეთში აფხაზეთის ომში გმირულად დაღუპული ნოდარ მათიაშვილის სახელობის სკვერი გაიხსნა.
ღონისძიებას თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, ვაკის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ტყემალაძე, სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე ლევან აბაშიძე, თავდაცვის მინისტრის მოადგილე პაატა პატიაშვილი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის თავმჯდომარე კობა კობალაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე, საკრებულოს წევრები, ნოდარ მათიაშვილის ოჯახის წევრები, მეგობრები და ადგილობრივი მოსახლეობა დაესწრნენ.
გამომსვლელებმა შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს და ქვეყნის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დაცვის საქმეში ნოდარ მათიაშვილის დამსახურებაზე ისაუბრეს.
„დღეს ჩვენ გვერგო პატივი საქართველოს გმირის, ნოდარ მათიაშვილის, სახელი მივანიჭოთ წყნეთის ერთ-ერთ კეთილმოწყობილ და ლამაზ სკვერს. წყნეთელებს კარგად ახსოვთ ახალგაზრდა კაცი, რომელიც მოხალისედ წავიდა აფხაზეთის ომში. ასეთი ადამიანების გმირობამ და თავგანწირვამ შეგვანარჩუნებინა ქვეყნის სუვერენიტეტი და ჩვენი იდენტობა. ნოდარ მათიაშვილის და კიდევ ბევრი ეროვნული გმირის ხსოვნა მარადიულია და დღეს ამ სკვერში დასასვენებლად მოსულმა ახალგაზრდებმა უნდა იცოდნენ, რომ მათ მშვიდობიან ცხოვრებას, სამშობლოს დამოუკიდებლობას არაერთი ჩვენი თანამემამულე შეეწირა“, – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
ნოდარ მათიაშვილი 1959 წელს წყნეთის იმ უბანში დაიბადა, სადაც საკრებულომ სკვერის სახელდება განახორციელა.
1993 წელს, საომარი მოქმედებების მიმდინარეობისას, თანამებრძოლის დახმარების დროს სეპარატისტებმა ტყვედ აიყვანეს ნოდარ მათიაშვილი და წამებით მოკლეს.
სიკვდილის შემდეგ იგი დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით.
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის აფხაზეთის ომში გმირულად დაღუპული ნოდარ მათიაშვილის სახელი წყნეთში ერთ-ერთ ქუჩას ჯერ კიდევ 2019 წელს მიენიჭა.