leaderboard_below_slide
left_sabechdi

ლევან დავითაშვილი: ანაკლიის ნავსადგურის პროექტის განხორციელებას წინ არაფერი უდგას, ჩვენ დაპირებებს ვასრულებთ. მაქსიმუმ 2029 წლისთვის შევძლებთ პირველი გემების მიღებას

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირება-მშენებლობის დაწყების აღსანიშნავ ღონისძიებაში პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად მიიღო მონაწილეობა.

„ანაკლიიის ღმაწყლოვანი პორტი ჩვენი გრძელვადიანი ხედის მნიშვნელოვანი ნაწილია – ეს არ არის მხოლოდ  სატრანსპორტო-ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის, არამედ მთლიანად ქვეყნის სივრცითი განვითარების მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი, ეკონომიკური აქტივობის მნიშვნელოვანი ცენტრი მთლიანად ქვეყნისთვის და განსაკუთრებით სამეგრელოს რეგიონისთვის“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა სიტყვით გამოსვლისას.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის ინფრასტრუქტურის პროექტირება-მშენებლობას, კერძოდ ნავსადგურის აკვატორიის ზღვის ფსკერის დაღრმავებას და ,,ტალღმტეხელის“ მოწყობის სამუშაოებს ბელგიური კომპანია „Jan De Nul N.V.“ ასრულებს, რომელიც სწორედ  საზღვაო-სამშენებლო სამუშაოებზეა სპეციალიზებული და არაერთი მასშტაბური პროექტი აქვს განხორციელებული მთელ მსოფლიოში. ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, სექტემბრის თვეში კომპანიამ დაიწყო გეოლოგიური შესწავლის სამუშაოები, ასევე  პარალელურად მიმდინარეობს დეტალური პროექტირება  და მალე  დაღრმავებითი სამუშაოების,  მნიშვნელოვანი საზღვაო ინფრასტრუქტურის სამშენებლო ეტაპი დაიწყება.

პირველმა ვიცე-პრემიერმა ხაზგასმით ისაუბრა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მნიშვნელობაზე ტრანს-ევროპულ სატრანსპორტო ქსელში (TEN-T) და  საერთაშორისო სატრანსპორტო სისტემებში საქართველოს ინტეგრაციის კუთხით. მისი შეფასებით, ნავსადგური  სერიოზული სტიმული იქნება ქვეყანაში წარმოების განვითარების, საგარეო ვაჭრობის გაფართოების, ზოგადად,  ეკონომიკური ზრდისთვის თვალსაზრისით.  პირველ ფაზაში პროექტის   გამტარუნარიანობა 600 000 კონტეინერი იქნება, პორტი დაახლოებით 8 მლნ ტონა ტვირთის გატარებას შეძლებს.

ამასთან, ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, ბოლო წლებში საქართველოს დადებითი დინამიკა აქვს საერთაშორისო გადაზიდვებში – 2019 წელთან შედარებით, ტვირთნაკადი 37%-ით არის გაზრდილი. ასევე, ისტორიულ მაქსიმუმზეა საქართველოს ნავსადგურებში კონტეინერების გადამუშავების მაჩვენებელი – 2023 წელს ბათუმის და ფოთის ნავსადგურების მიერ ჯამში 701 ათასზე მეტი  კონტეინერი (TEU) გადამუშავდა, რაც 47%-ით აღემატება 2022 წლის მონაცემებს. როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, ანაკლიის პორტის ამოქმედება ასევე ახალ ბიძგს მისცემს შავ ზღვაზე საბორნე მიმოსვლის განვითარებას, რაც მთავრობის კიდევ ერთი პრიორიტეტია, რადგან უმოკლეს გზას წარმოადგენს ევროკავშირის ქვეყნებთან დასაკავშირებლად.

„ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ საქართველოს უნიკალურ გეოპოლიტიკურ მდებარეობაზე. ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარება იქნება მნიშვნელოვანი ქვაკუთხედი სწორედ „შუა დერეფნის“ ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით, დერეფნის მთლიანად კონკურენტუნარიანობის ასამაღლებლად და საქართველოს როლის გასაზრდელად“, – აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

ლევან დავითაშვილმა ასევე აქცენტი გააკეთა ანაკლიის პროექტის უაღრესად დიდ სოციალურ დატვირთვაზე ქვეყნისა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის. მისი ინფორმაციით, პირველი ფაზის დროს, უშუალოდ მშენებლობის პროცესში 500-ზე მეტი ადამიანის დასაქმება იგეგმება,  პორტის ოპერირების პროცესში კიდევ შეიქმნება 300-ზე მეტი პირდაპირი სამუშაო ადგილი, რასაც ემატება ლოგისტიკის სფეროში დამატებით 1700 სამუშაო ადგილი. პირველი ვიცე-პრემიერის შეფასებით, ეს იქნება მნიშვნელოვანი უნიკალური ეკოსისტემა როგორც მთელი ქვეყნის ეკონომიკისთვის, ისე განსაკუთრებით რეგიონისთვის.

ამასთან, ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, დაწყებულია მუშაობა ტვირთმფლობელებთან და გადამზიდავ კომპანიებთან, რათა პროექტი წარმატებული, კომერციულად მდგრადი და გრძელვადიანად კონკურენტუნარიანი იყოს. მისი ინფორმაციით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ უკვე დაიწყო მოლაპარაკებები მნიშვნელოვან  ოპერატორებთან,  კომერციულ აგენტებთან.

„სამინისტრო უკვე რამდენიმე დღეში იწყებს მემორანდუმების გაფორმებას მსხვილ გადამზიდავ და ტვირთმფლობელ კომპანიებთან, რაც ანაკლიის მიზიდულობას  კიდევ უფრო გაზრდის. პროექტის განხორციელებას წინ არაფერი უდგას, ჩვენ დაპირებებს ვასრულებთ, პროექტი გეგმაზომიერად მიმდინარეობს და  მაქსიმუმ 2029 წლისთვის ჩვენ შევძლებთ პირველი გემების მიღებას ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტში. თუმცა, მაქსიმალურად ვიქნებით მობილიზებული იმისთვის, რომ ეს პროცესი უფრო დავაჩქაროთ“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ღონისძიების ფარგლებში კომპანია „Jan De Nul“-სა და საქართველოს ეკონომიკისა მდგრადი განვითარების სამინისტროს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა – დოკუმენტის თანახმად, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის სტუდენტებს უნიკალური შესაძლებლობა მიეცემათ, პრაქტიკა გაიარონ კომპანიის საკუთრებაში არსებულ გემზე, რომელიც  ანაკლიაში დაღრმავებით სამუშაოებზე იმუშავებს.

 

ასევე იხილეთ