ზაალ ანჯაფარიძე: პატივმოყვარე ადამიანია, სინამდვილეში, მასში ქართული ერთი მისხალიც არ არის

26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე 6 დღით ადრე თბილისში ოპოზიციისა და მათი სატელიტი არასამთავრობო ორგანიზაციების მარში გაიმართა სახელწოდებით – “საქართველო ირჩევს ევროკავშირს”. აქცია, რომელიც “თბილისი პრაიდისა” და მსგავსი ორგანიზაციების მიერ აქტიურად ანონსდებოდა, საბოლოო ჯამში, არც ისეთი მასშტაბური გამოდგა, როგორსაც ელოდნენ მისი ორგანიზატორები. მარშის ყველაზე “დასამახსოვრებელი” ნაწილი იყო პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის უკმაყოფილო სახე და ნაძალადევი ღიმილი. 20 ოქტომბრის აქციაზე “რეპორტიორთან” ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე საუბრობს.

-20 ოქტომბრის აქცია ერთი მხრივ დასავლეთის აუდიტორიაზე, მათ პოლიტიკურ, საზოგადოებრივ და ექსპერტულ წრეებზე იყო გათვლილი, თავადვე თქვეს, – უნდა ვაჩვენოთ დასავლეთს რამდენად ბევრია საქართველოში ევროპული გზის მომხრეო, მეორე მხრივ არგაცხადებული მიზანი ამ აქციისა იყო ერთგვარად ძალების დათვალიერება, თუ დამდენი აქტიური ადამიანი გამოვა 27 ოქტომბერს საპროტესტო აქციებზე თუ კი ოპოზიცია დამარცხდება და ხალხს ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებენ. ჩემი აზრით, ეს 2 მიზანი ჰქონდა ამ აქციას. თუ ნახავთ შედეგებს (ნამდვილად არ ვაპირებ თავების დათვლას და რაოდენობაზე მსჯელობას 100 000 იყო, თუ 60 000 ), რეალურად, ადამიანების ზუსტად ის რაოდენობა იყო, რა რაოდენობაც აპრილი-მაისი-ივნისის აქციებზე. დაახლოებით ერთი და იგივე შემადგენლობა, ერთი და იგივე სპიკერები, იმ განსხვავებით, რომ ამჯერად, პოლიტიკური პარტიების ლიდერები უკანა პლანზე გადაანაცვლეს, ანუ არ გამოიყვანეს. ეს არის მათი „დამრტყმელი ძალა“. ჩვენ ვნახეთ, თუ რით დამთავრდა მათი აქციები წინა თვეებში, მათ ვერ მიაღწიეს მიზანს, რადგან ვერ აიყოლიეს საზოგადოების კრიტიკული უმრავლესობა. აქედან გამომდინარე უნდა ვივარაუდოთ, რომ თუ ხალხი გამოვა საპროტესტო აქციაზე და სახელმწიფო თავის ადგილზე იქნება და არ მოხდა სახელმწიფო სტრუქტურებში რღვევა, როგორც ეს “ვარდების რევოლუციის” დროს იყო, მაშინ ისინი, დიდი ალბათობით, შედეგს ვერ მიაღწევენ. აქ ბევრი რამ არის დამოკიდებული საერთაშორისო წრეებზე, რომლებიც გამომწვევი ფორმით ერევიან ჩვენს საშინაო საქმეებში. ბოლო გასროლა, ეს იყო ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების 13 მინისტრის განცხადება, რომლებმაც ფაქტობრივად, ფარდა ახადეს თავიანთ ფარულ სურვილს, – იმედია საქართველოში პროევროპული ძალები გაიმარჯვებენო! ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი “ქართულ ოცნებას” თვლიან ანტიევროპულ ძალად. ვშიშობ, ამან ზეგავლენა არ იქონიოს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მუშაობაზე, ასევე, სახელმწიფო სტრუქტურებში საჯარო მოხელეების განწყობებზე და ა.შ. ვიმედოვნებ, რომ ისინი არჩევანს საკუთარ მრწამსის მიხედვით გააკეთებენ, მაგრამ საგარეო ჩარევის ფაქტი აუცილებლად უნდა აღინიშნოს, როგორც ამ არჩევნების ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანი.

– ევროპული გზის მომხრე საქართველოში გაცილებით მეტი ადამიანია, ვიდრე 20 ოქტომბრის აქციაზე იდგა. იქ, სადაც წარმოდგენილი იყო „თბილისი პრაიდი“, რატომ ელოდა ოპოზიცია მოსახლეობის იმ ნაწილს, რომლებისთვისაც მიუღებელია ლგბტ-პროპაგანდა? ან დასავლეთს რატომ აწყობს საქართველოს პროევროპული ელექტორატის გაღიზიანება?

– ძალიან აქტუალური კითხვაა. ზოგადად ასე ითვლება, რომ საქართველოში პროევროპულების მომხრეები უმრავლესობას წარმოადგნენ და მუდმივად ასახელებენ ამ საკრალურ 80-85%-ს. პირადად მე ამ ციფრში ეჭვს შევიტანდი. იმისათვის რომ დაადგინო რამდენად გააზრებული აქვს მოსახლეობას პროევროპული არჩევანი, რესპონდენტს მარტო ის კითხვა კი არ უნდა დაუსვა, უჭერ თუ არა მხარს ევროინტეგრაციას და ამის იქით აღარ წახვიდე, მას რამდენიმე კითხვა უნდა დაუსვა, მათ შორის, ევროპულ ღირებულებებზე, ქართულ ღირებულებებთან მათ თავსებადობაზე, იმ თანამედროვე ტენდენციებზე, რაც დღეს არის ევროპაში, რამდენად შეესაბამება ჩვენს ადგილობრივ ტრადიციებს, კულტურას, მისწრაფებებს, ადათ-წესებს. როდესაც ასეთი ყოვლისმომცველი შემოწმება მოხდება, ამის შემდეგ შეიძლება გამოიყვანონ რეალური ციფრი. მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ თუ ამ კითხვებს დასვამდნენ ეს ორგანიზაციები, პროცენტული მაჩვენებელი იქნებოდა გაცილებით ნაკლები. გარდა ამისა, იმ გამოკითხვებში, რომლებიც მეტ-ნაკლებ ნდობას იმსახურებს, მაგალითად ავიღოთ, იგივე NDI-სა და IRI-ის გამოკითხვები, მათი რესპონდენტების 80%-ზე მეტი ამბობს, რომ ემხრობა ევროინტეგრაციას, ამავე დროს, შემდეგ კითხვაში, თუ რა არის ქვეყნის მთავარი პრიორიტეტი, მხოლოდ 3 % აღნიშნავს იმას, რომ ევროინტეგრაცია არის საქართველოს მთავარი პრიორიტეტი. ასეთი დისპოზიცია არ გიჩენთ კითხვას? რამდენად პრიორიტეტულია ჩვენი მოსახლეობისთვის პროევროპული ინტეგრაცია? ბევრს უბრალოდ არ უნდა თქვას, – არა მე არ ვუჭერ მხარს ევროინტეგრაციას, იმიტომ, რომ იციან, სახელმწიფო პოლიტიკა არის ასეთი. მაქვს წაკითხული სხვა კვლევებიც, რომლებიც ასე ფართოდ არ გასაჯაროებულა, რომ ევროკავშირის შეგნებული მომხრეების რაოდენობა 50%-ზე ნაკლებია.

– თავად ევროპულად განწყობილ საზოგადოებას არ აღიზიანებს ქვეყნის სუვერენიტეტის ნაწილობრივ თუ მთლიანად დაკარგვის საფრთხე, თუნდაც ეს ევროკავშირის მხრიდან იყოს? ევროპელი პოლიტიკოსების აგრესიული რიტორიკა ქართველ ამომრჩეველში იწვევს თუ არა იმედგაცრუებას?

– ძალიან ცუდად უნდა იცნობდნენ ქართულ საზოგადოებას, ჩვენს კულტურას და მენტალობას, რომ ასეთი აგრესიული ფორმით განახორციელონ წნეხი ხან განცხადებებით, ხან რეზოლუციებით და სახელმწიფოდ არ ჩაგვთვალონ. საქართველოს მოსახლეობას, თუნდაც ძალიან პროევროპულს, შინაგანი ღირსების განცდა გააჩნია, ეს ყოველ მეორე ქართველში ძალიან მძაფრად არის განვითარებული. ეს, რა თქმა უნდა, ზრდის ევროსკეპტიციზმს ამომრჩევლის იმ ნაწილში, რომელიც არ არის განწყობილი პრორუსულად. საკითხის იმგვარად დაყენება, რასაც ოპოზიცია და მისი არაფორმალური ლიდერი სალომე ზურაბიშვილი აკეთებს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები რეფერენდუმი უნდა იყოს ან ევროპა, ან რუსეთი, თავშივე არასწორია. იმისთვის, რომ ქვეყანამ გეოპოლიტიკური ორიენტაცია შეიცვალოს, რაღაც სოციალური ბაზა უნდა არსებობდეს. მაგალითად, დიდ ბრიტანეთში არსებობდა ამის სოციალური ბაზა, არ უნდოდა საზოგადოების დიდ ნაწილს ევროკავშირში დარჩენა, ამის გამო რეფერენდუმი ჩატარდა და აღარ არის ბრიტანეთი დღეს ევროკავშირის წევრი. საქართველოში დღეს, მეტ-ნაკლებად სანდო გამოკითხვებით 78% და მეტი მოსახლეობა ამბობს, რომ რუსეთი არის დღეს საქართველოს მთავარი მტერი, ძირითადი საფრთხე მოდის რუსეთისგან, როგორ შეიძლება ასეთი განწყობის მქონე სოციუმში დააყენო საკითხი ისე, თითქოს არჩევანი გვიწევს რუსეთსა და ევროპას შორის.

– სალომე ზურაბიშვილი ცოტა უხერხულად გამოიყურებოდა 20 ოქტომბრის აქციაზე. პრეზიდენტი, რომელიც ამბობს, რომ ხალხის ზემოთ უნდა ვიდგეო, თავის რიგს ელოდა მიკროფონთან ხალხის გვერდით, სცენის ქვემოთ… პრეზიდენტი დაბნეულად ხომ არ გამოიყურებოდა?

– სალომე ზურაბიშვილის გამოსვლა იყო იმ ადამიანის გამოსვლა, ვისაც საპასპორტო მონაცემები და ეთნიკური წარმომავლობა აქვს ქართული, მაგრამ სინამდვილეში მასში ქართული ერთი მისხალიც არ არის. ის დიდი ხნის განმავლობაში იყო მოწყვეტილი საქართველოს. დაბადა და გაიზარდა არაქართულ გარემოში და საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ ვერანაირად ვერ მოახერხა (მიუხედავად იმისა, რომ 2002 წლიდან აქ არის), ქართულ საზოგადოებაში, ჩვენს მენტალობაში, კულტურაში რეინტეგრაცია. ვერა და ვერ ისწავლა ქართული ენაც. ის, ისე, როგორც ოპოზიციის სხვა ლიდერები, დასავლურ აუდიტორიაზე თამაშობს. შესაბამისად, უნდა, რომ ლიდერის ლეგიტიმაცია მიიღოს დასავლეთიდან. როგორც ჩანს დასავლეთიც აძლევს მას ასეთ ლეგიტიმაციას. მისთვის ამაზე მნიშვნელოვანი არაფერია, რადგან საკუთარ ამომრჩეველში ლეგიტიმაცია დიდი ხანია დაკარგა. მისი ეს გამოსვლა იყო ერთ-ერთი ყველაზე სუსტი. შესაძლოა, დაბნეულობა იმანაც გამოიწვია, რომ ის მეტ ხალხს ელოდა აქციაზე და ამანაც გააღიზიანა. მან არ იცოდა რა ეთქვა და კლიშეებით გაჯერებული გზავნილები გაიმეორა.

– პატივიც დააკლდა თითქოს მას აქციის ორგანიზატორებისგან, ის საკმაოდ დიდხანს ელოდა თავის რიგს სცენაზე.

– შეიძლება ასეც იყოს, ის პატივმოყვარე ადამიანია და შინაგანი ეგოც მაღალ ხარისხში აქვს განვითარებული, შესაძლოა, იფიქრა, რომ პირველი სპიკერის როლი მას უნდა რგებოდა. შეიძლება თვითონ აქციის ორგანიზატორებსაც არ უნდოდათ მისი წინა პლანზე წამოწევა, რადგან აქცია ჩაფიქრებული იყო, როგორც აპოლიტიკური, არც ერთი პოლიტიკოსი არ გამოსულა ტრიბუნაზე.

– ამბობთ, რომ 20 ოქტომბრის აქციის გამო ვიღაცებს მწარედ აუწევენ ყურს, ვის გულისხმობთ?

– ჩემი ვარაუდით, ეს აქცია იყო დაფინანსებული. ვინ იყვნენ სპონსორები ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ ამ აქციის მოწყობის წინა დღეებში სოციალურ ქსელში და ძალიან აქტიურობდა სოროსის ფონდის ადგილობრივი ფილიალი, შესაბამისად, მაქვს გონივრული ეჭვი, რომ მათი ფინანსური თანამონაწილეობა შეიძლება ყოფილიყო ამ აქციაში, ისევე, როგორც სხვა დასავლელი დონორების. ალბათ, პოლიტიკურმა პარტიებმაც გაიღეს თავისი წილი თანხა. მაგრამ, რადგან ეს იყო არასამთავრობო ორგანიზაციების აქცია, ვფიქრობ არც ერთ დონორს არ გაუჭირდებოდა თავის ბუღალტერიაში ამ მარშის გატარება ისე, თითქოს ეს იყო საქართველოში პროევროპული განწყობების მხარდაჭერა.

ესაუბრა შორენა ქარჩავა 

ასევე იხილეთ