მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის მიერ უსამართლოდ დასჯილი გენერალ თამაზ თამაზაშვილის ქალიშვილი მიხეილ სააკაშვილის პოსტს სოციალურ ქსელში ეხმიანება:
„ბატონო მიშა, ნეტა გახსოვთ თქვენ, რა ფსიქოლოგიური ტერორი გამომატარეთ 13 წლის ბავშვს?
გაგახსენებთ, არ არის პრობლემა, აშკარად „ციხეში” ძალიან გაერთეთ ტელეფონით, ტელევიზორის ყურებაც მოგბეზრდათ, ალბათ და მოდი, რეალურ ფსიქოლოგიურ ტერორზე მოგიყვებით, რაზეც არასდროს არ მდომებია არა მხოლოდ საჯაროდ, არამედ ზოგადად საუბარი და გახსენება, თუმცა, სხვა გზა არ დამიტოვეთ.
13 წლის რომ ვიყავი, მამაჩემს სკოლაში მივყავდი, ეზოში ჩამოვედით მანქანით და 3 დიდი ჰამერის ჯიპი დაგვხდა, მამაჩემი მიხვდა, რაც ხდებოდა და მთხოვა, სახლში ავსულიყავი. თქვენ ჩასვით მამაჩემი მანქანაში ისე, რომ ჩემთვის არავის არაფერი აუხსნია და დავრჩი გაშეშებული სრულიად მარტო მანქანაში, გადმოვედი და დავიწყე ყვირილი და ტირილი, მამა სად მიგყავთ-მეთქი, ერთი სუსის თანამშრომელი მომვარდა და ამათრია ძალით ლიფტამდე, მიდი, სახლში ადი, მამაშენი აღარ მოვაო, მითხრა. ავირბინე კიბეები გიჟივით, შეშინებულმა დედაჩემმა გააღო კარი, მამა წაიყვანეს-მეთქი, არც ვიცოდი, რას ნიშნავდა.
20 პოლიციელი ამოვიდა ჩხრეკაზე და მეც დამკითხეს, არც მახსოვს, რა ვთქვი, ვერ ვხვდებოდი, რა მოხდა, უბრალოდ დავიძინე და რომ გამეღვიძა, მივხვდი, რომ არ დამსიზმრებია, მამაჩემი დაიჭირეთ და გაფუჭებული იარაღი „ჩაუდეთ”, (ჩადებაც კი დაგეზარათ). სასამართლოებზე არც მიშვებდნენ და პატარა შუშის ფანჯრიდან ვუყურებდი მამაჩემის ჩამკვდარ თვალებს, ძალიან შორიდან და მინდოდა, გამეგო, ჩემზე ხომ არ ნერვიულობდა. მამა ჩემთვის ყველაფერი იყო ყოველთვის, კაცობის, ადამიანობის მაგალითი და ჩემი გმირი. მალევე დაიწყო რეკლამები, ყველა ტელევიზიაზე, დღემდე მახსოვს ტექსტი:
„ვინ არის კრიმინალი თამაზ თამაზაშვილი, რომელიც კავშირში იყო ნარკოტიკებთან, მკვლელობებთან, ბავშვების გატაცებებთან, რომელიც ციხეში სასჯელს იხდის”, კვირაობით „პოსტ კრიპტუმზე” გადიოდა დიდი გადაცემები, თუ როგორი კრიმინალი იყო მამაჩემი, რომელსაც საკუთარი ქვეყნისთვის სიცოცხლე იმდენჯერ აქვს შეწირული, რომ თქვენ სიზმარშიც კი ვერ გექნებათ მისი სივაჟკაცის 1 პროცენტი. მამაჩემი, პოლიციის გენერალი, რომელმაც კრიმინალისგან გაწმინდა მთელი კახეთის რეგიონი, პანკისის ხეობა, სამარცხვინო პეტრე ცისკარიშვილისთვისაც კი გარისკა სიცოცხლე, სიკვდილს გადაარჩინა და გატაცებული გამოიხსნა, რუსეთის წინააღმდეგ ომში წინა ფრონტზე იბრძოდა, ბავშვობიდან მასწავლიდა ქვეყნის სიყვარულს და ადამიანობას.
მარიამ დედოფალზე მიყვებოდა, რომლის ხის ფიტული გამოათლევინა და სახლის ეზოში დადგა, ერეკლე მეფის და ჯარისკაცის ფიტულთან ერთად. მეუბნებოდა, „მამა, ეს იცი ვინ არის? ეს არის მარიამ დედოფალი, რომელმაც რუსი გენერალი, ლაზარევი მოკლა და თავისი ღირსება არ დათმო. შენც ესეთი მარიამი ხარ და მებრძოლი უნდა იყო, შენი ქვეყნისთვის და ღირსებისთვის უნდა იბრძოლო. მაგრამ შენ ისეთი ხარ, მართლა ვინმეს ხმალი არ გაუყარო, ისე დაიცავი ღირსება, უბრალოდ მეტაფორააო, ხუმრობდა.
ყოველ დღე ვისმენდი და ვუყურებდი რეკლამებს და გადაცემებს, მამაჩემზე, კაცზე რომელიც სამართლიანობით, ვაჟკაცობით და თავგანწირვით ცხოვრობდა, რომ იყო ბოროტი კრიმინალი. შეგახსენებთ, რომ თქვენ ამ მართლა საცოდავ პოსტებს ოროთახიანი, სრულმოწყობილი „ციხიდან” წერთ. წარმოიდგინეთ, 13 წლის ბავშვის რეაქცია, როცა იგებს, რომ მამის მკვლელობას გეგმავენ ციხეში, წამლავენ, მორგში ტოვებენ კომაში მყოფს, რომ მოკვდეს და ყოველ დღე გადაცემებს შორის რეკლამების ყურების დროს მამის სახეს ხედავს, რომელსაც კრიმინალად წარმოაჩენენ. მახსოვს, მეშინოდა, არ ვიცოდი, ცოცხალი იყო თუ არა, კითხვისაც მეშინოდა, პასუხი არავინ იცოდა. სახლში ყველა პატარა აბაზანაში შედიოდა და იქ ჩურჩულებდნენ, არ ვიცოდი, რა ხდებოდა, ერთი ის ვიცოდი, რომ ტელეფონზე არაფერი უნდა მეთქვა.
თვეში ერთხელ შეეძლო მარტო დარეკვა 23 რიცხვში, არჩევნებამდე 1 თვით ადრე, მჯეროდა, რომ ვეღარ ვნახავდი და 23 სექტემბერს ჩემს დაბადების დღეზე დამირეკა, 14-ის გავხდი და ეს ხმა არასდროს დამავიწყდება, მეგონა, რომ ბოლოჯერ ვისმენდი, წერილებიც დაგვიტოვა გამოსამშვიდობებელი. სასწაული მოხდა და მამაჩემი გადარჩა, არჩევნები წააგეთ!
სამართალმა გაიმარჯვა და დამიბრუნდა, მაგრამ ისეთი არა, როგორიც იყო. ციხიდან გამოსვლის ვიდეოში კარგად ჩანს მისი თვალები, კარგად დააკვირდით… ჩემი მორიდებული, დაბნეული სახეც ჩანს, ვერ ვხვდებოდი, რა უნდა მექნა, მამა გამოვიდა, მაგრამ ვეღარ ვცნობდი, ჩავეხუტო თუ დავიმალო.
ეს რა არის, ბატონო მიხეილ? ფსიქოლოგიური ტერორია თუ რაიმე სხვა ტერმინს მოიხმარდით? ის, რომ ამ თემაზე არ ვაპელირებ და ყოველ დღე უაზრო პოსტებს გალამაზებული, უაზრო სიტყვებით არ ვდებ, იმას არ ნიშნავს, რომ არ შემიძლია, დავწერო რეალობა და ჩემი ტკივილი. წარსული, რომლის გახსენება არ მინდა, მაგრამ მომიწია, რადგან მე მარტო არ ვარ, ჩემნაირი ფსიქოლოგიური ტერორი არაერთმა ბავშვმა ნახა, თქვენ რომ გაუნადგურეთ ბავშვობა და წაართვით მამები, დედები, ძმები და დები. რამდენიც გინდათ, იმდენი ილაპარაკეთ, წერეთ უაზრო პოსტები, თავი წარმოაჩინეთ მსხვერპლად, თქვენთვის ყველაფერი პოლიტიკური თამაშია, მაგრამ ჩვენ გვახსოვს და სიცოცხლის ბოლომდე გვემახსოვრება, რა გაგვიკეთეთ და როგორ დაასვით დაღი ჩვენს ბავშვობას, მსგავსი რამ თქვენ ქალიშვილს ნამდვილად არ ემუქრება, იმიტომ, რომ მორჩა თქვენი ტირანული მმართველობა და ყველაფერს გავაკეთებთ რომ მომავალ თაობას მსგავსი ფსიქოლოგიური ტერორი თავიდან ავაცილოთ”, – წერს მარიამ თამაზაშვილი.